Accessibility links

რა აფერხებს წალენჯიხაში აღმოჩენილი რადიოაქტიური წყაროს გაუვნებელყოფას?


გასული წლის დეკემბრის ბოლოს, წალენჯიხის რაიონში აღმოჩენილი ორი ძლიერი რადიოაქტიური კერის ლიკვიდაციას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ნინო ჩხობაძემ განცხადა 8 იანვარს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რადიოაქტიური გამოსხივების მქონე წყაროების გაუვნებელყოფას ტყვიის დამცავი კონტეინერების დამზადება და წყაროების ადგილმდებარეობასან მისასვლელი გზის შეკეთება ესაჭიროება. პარალელურად გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან, დასხივებული მოქალაქეების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნის თაობაზე.

საბოლოოდ დაზუსტებული ინფორმაციით, ექსპერტების კომპლექსურმა ჯგუფმა რადიოაქტიური ნივთიერება “სტრონციუმ 90” ის გამოსხივება წალენჯიხის რაიონში მდებარე ე.წ. “ბარბალეშის” ხეობაში დააფიქსია. ანუ რადიაციულად საშიში ფონიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი დაახლოებით 27, 5 კილომეტრით აღმოჩნდა დაშორებული, რაც მოსახლეობაზე რადიაციის ზემოქმედებას აბსოლუტურად გამორიცხავს.

მიუხედავად ამისა, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, საშიში რადიაციული ფონის მქონე ტერიტორიის გარშემო დაიდგა სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები, 9 იანვრიდან კი წალენჯიხის რაიონში გაემგზავრება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი ექიმი, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად რადიაციულ შემოწმებას ჩაუტარებს იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც რადიაციის კერასთან ჰქონდათ შეხება.

რაც შეეხება თავად რადიოაქტიურ წყაროებს.
როგორც ნინო ჩხობაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, წალენჯიხის რაიონში აღმოჩენილი “სტრონციუმ 90”ის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმეტებით ჩატარებას საკმაო დრო და რაც მთავარია, სოლიდური ფინანსები დასჭირდება.

[ნინო ჩხობაძის ხმა] “წყაროების ამოღებას, ანუ იქედან წამოღებას ესაჭიროება, მარტო ჩვენი ღონისძიებებისთვის, ანუ კონტეინერების ჩამოსასხმელად, გზის შეკეთებისთვის და ოპერატორებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ოპერატორებიც უნდა მოვამზადოთ შესაბამისად, ვინც ამას ამოიღებს, მანიპულატორებია მოსამზადებელი, ასე რომ ჩვენ დაახლოებით 40 ათასამდე ლარს ვითხოვთ ჩვენ ღონისძიებებისთვის”

როგორც გაირკვა, სახელმწიფოსგან ცალკე დაფინანსებას ითხოვს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელსაც თითოეული დასხივებული ადამიანის ერთკვირიანი მკურნალობის კურსი 10 ათას ლარამდე უღირს. თანაც დაავადებული მოქალაქეების გამოჯანმრთელებას აუცილებლად დასჭირდება მკურნალობის კურსის გაგრძელება საზღვარგარეთის კლინიკებში. გარდა ამისა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ დასხივებული მეტყევეები საკუთარ თავს დაზარალებულად არ ჩათვლიან და, როგორც ლილოს ინცინდენტის დროს მოხდა, ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდას სკანდალური ფორმით არ მოსთხოვენ.

და რაკი ფულზე მიდგა საქმე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი მატერიალური მოტივაცია დასჭირდება ოპერატორთა იმ ჯგუფს, რომელსაც მაღალი რისკის ქვეშ ადგილზე მოუწევს საშიში რადიოაქტიური წყაროს ლიკვიდაცია. თანაც, როგორც ირკვევა, არა უკანასკნელად, რადგან ჯერ კიდევ დასადგენია დანარჩენი ორი რადიოაქტიური კერის ზუსტი ადგილმდებარეობა და შესამოწმებელია სულ მცირე ასი სამხედრო ნაწილის ტერიტორია, სადაც, როგორც ნინო ჩხობაძე ვარაუდობს, ასევე არ არის გამორიცხული მსგავსი წყაროების არსებობა.
XS
SM
MD
LG