Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელთა იმედი ”ლოია ჯირგას” უკავშირდება


შეხვედრამ 11 დღე გასტანა, სავსე იყო მგზნებარე მიმართვებითა და პოლიტიკური ინტრიგებით.

მწვავე დისკუსიებში იყვნენ ჩაბმული სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მოღვაწეები, ეთნიკური ჯგუფების უხუცესები თუ სასულიერო პირები. ასე ჩაიარა ავღანეთში 1964 წლის ”ლოია ჯირგამ”, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მიღებით დასრულდა. ”ლოია ჯირგა” ავღანეთის უდიდესი ეთნიკური ჯგუფის, პუშტუნების ენაზე ”დიდი საბჭოს დიდ შეხვედრას” ნიშნავს და მას ავღანეთის ისტორიაში არა მარტო 1964 წელს აქვს შესრულებული საკვანძო მნიშვნელობის როლი.

მწვანე, თეთრ და შავ ზოლებიანი, სამფერა დროშის შემოღება ძველის, წითლის მაგივრად თუ მონარქის შეცვლა პრეზიდენტით; ომების დაწყება თუ, მეორე მსოფლიო ომის შემთხვევაში, ნეიტრალიტეტის გამოცხადება: ყველა ეს გადაწყვეტილება ავღანეთში ”ლოია ჯირგაზეა” მიღებული. ”ლოია ჯირგა” უშუალოდ უკავშირდება პუშტუნთა სამართლებრივ კოდექსს, რომლის შესაბამისადაც ”ჯირგას”, ანუ შეკრებას, საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ უთანხმოებათა ისლამური წესით მოსაგვარებლად.

თუმცა, არსებულ უთანხმოებას”ლოია ჯირგა” ზოგჯერ ახალ პრობლემებს ამატებდა, ზოგჯერ სისხლიანი თავყრილობადაც კი იქცეოდა. 1773 წელს, მაშინდელმა მმართველმა, ზამაჰ შაჰმა შეკრების ყველა მონაწილე მოაკვლევინა, რადგან მათ მისი გადაყენება დააპირეს. 1987 წელს დარბაზთან, სადაც ”ლოია ჯირგა” მიმდინარეობდა, სროლა ატყდა. დაიღუპა 30-მდე ადამიანი. იმ წელს პრეზიდენტმა ნაჯიბულამ, რომელიც საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით სარგებლობდა, ტრადიციული საკრებულო თავისი პარტიის წარმომადგენლებით შეავსო.

ბოლო დროს ამ მოვლენებს ხშირად იხსენებენ, ვინაიდან 6 თვეც და ისევ ”ლოია ჯირგა” განსაზღვრავს ავღანეთის პოლიტიკურ მომავალს: ყოფილი მეფე, მოჰამად ზაჰირ შაჰი ქაბულში მიიწვევს ქვეყნის ყველა პროვინციისა და ეთნიკური ჯგუფის, პოლიტიკური და რელიგიური ფრაქციების ლიდერებს. ეს ორი ათასამდე ადამიანი გადაწყვეტს, ვის ხელში გადავა ძალაუფლება ორი წლით, ანუ საყოველთაო არჩევნების გამართვამდე. ამიტომ, ცხადია, ბევრი იქნება დამოკიდებული ”ლოია ჯირგის” შემადგენლობაზე და, შესაბამისად, 21-კაციან კომისიაზე, რომელმაც ეს შემადგენლობა უნდა განსაზღვროს.

მომავალი შეკრება, გაზეთ ”ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტის, ემი უოლდმენის შეფასებით, შესაძლოა, ”ლოია ჯირგის” ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული გამოდგეს. უოლდმენი ქაბულიდან იუწყება, რომ არაერთი გავლენიანი მოღვაწე ემხრობა ფართო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრებას, ”ლოია ჯირგაზე” არა მარტო უხუცესებისა და მოლების, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის ქალებს მიწვევას.

”300 წელია, ავღანეთში ყველა პრობლემა ”ლოია ჯირგაზე” გვარდებაო”, ამბობს ყანდაარელი უხუცესი, აბდულ ზაჰედი. და ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმაც იცის, რომ ”ლოია ჯირგა” ავღანეთის ისტორიის, ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობისა და ქვეყნის იმიჯის შემადგენელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG