Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი სავაჭრო ურთიერთობათა ნორმალიზებას აპირებს კიდევ რვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობათა ნორმალიზებისთვის ემზადება,

შესაძლოა, ასეთივე ნაბიჯი გადადგას რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართაც; მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს მძაფრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის.

მოელიან, რომ კონგრესი გაზაფხულზე მიიღებს კანონს, რომლითაც რუსეთს მოეხსნება ის შეზღუდვები, ცივი ომის დროს ამერიკასთან ვაჭრობაში რომ იქნა შემოღებული. თუმცა, გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” ორშაბათს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პრეზიდენტი ბუში ასეთივე ნაბიჯის გადადგმას აპირებს კიდევ რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

1974 წელს მიღებული კანონით, რომელიც ”ჯექსონ-ვენიკის სავაჭრო აქტის” სახელით გახდა ცნობილი, ამერიკასთან ვაჭრობაში შეღავათიანი სტატუსის მინიჭება იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ იცავდა ესა თუ ის ქვეყანა ადამიანის უფლებებს. ”ვაშინგტონ პოსტს” მოჰყავს თეთრი სახლის ოფიციალურ პირთა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ხსენებულმა რვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ვაშინგტონს მხარი აუბა მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიაში, რისთვისაც ვაჭრობაში შეღავათიანი პარტნიორის სტატუსს იმსახურებს. ამავე პირთა თქმით, ეს ჟესტი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს თეთრ სახლს ადამიანის უფლებათა საკითხი აღარ აღელვებდეს.

1974 წელს მიღებული”ჯექსონ-ვენიკის აქტი” უწინარესად იმისთვის იყო გამიზნული, რომ საბჭოთა კავშირს
ებრაელთა ემიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვა გაეუქმებინა. მას შემდეგ კონგრესი ყოველწლიურად იხილავდა სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებას საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. შარშან საქართველო და ყირგიზეთი გახდნენ პირველები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათაგან, რომელთა მიმართაც
”ჯექსონ-ვენიკის აქტით” დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა. გასულ თვეში პრეზიდენტმა ბუშმა ასეთივე ნაბიჯი გადადგა ჩინეთის მიმართ.

ახლა, როცა ჯორჯ ბუში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კიდევ რვა წევრის მიმართ აპირებს ხსენებული შეზღუდვის გაუქმებას, ადამიანის უფლებათა აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ ჩამოთვლილი რვა ქვეყნის ერთ კატეგორიაში მოქცევას და აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობა უზბეკეთსა და თურქმენეთშია.

შეერთებული შტატების რელიგიურ თავისუფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარეს მაიკლ იანგს
სრულიად დაუშვებლად მიაჩნია სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება თურქმენეთის მიმართ, ვინაიდან ამ რესპუბლიკაში მიუტევებლად ირღვევა მოქალაქეობრივი უფლებები; თანაც, აშხაბადს თითქმის არანაირი წვლილი არ შეუტანია ვაშინგტონის თაოსნობით მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიაში.

ორშაბათს, თურქმენეთის სამუდამოდ არჩეულმა პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა თავისი ქვეყნის ნეიტრალიტეტი მოიმიზეზა, როცა რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზების გამოყენებაზე უარი უთხრა გერმანიას. მაიკლ იანგის თქმით, ხსენებული რვა სახელმწიფოდან ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად თურქმენეთში ირღვევა, შემდეგ რიგში უზბეკეთი და უკრაინა მოდიან. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მაიკლ იანგმა განაცხადა: [მაიკლ იანგის ხმა] ”მე მაშფოთებს ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ამ ქვეყნების მიმართ, თანაც, როცა არანაირად არ გამოვლენილა რეალური პროგრესი ადამიანის უფლებათა სფეროში. მაგალითისათვის ავიღოთ თურქმენეთი. ესაა ქვეყანა მეტად რეპრესიული რეჟიმით, რომელიც ვერაფრით ვერ იტყვის, რომ იქ ხალხის მდგომარეობა შეიცვალა. ესაა ხავსმოდებული, უკიდურესად რეპრესიული დიქტატურა”.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი პოლიტოლოგის, მაიკლ მაკფოლის აზრით, ”ჯექსონ-ვენიკის სავაჭრო აქტის” გაუქმების შემთხვევაში ამერიკის კონგრესმა უნდა მიიღოს ახალი კანონი, რომელიც სანქციების შემოღებას გაითვალისწინებს იმ მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებებს დაარღვევენ. მაკფოლი გამოდის წინადადებით, რომ კონგრესმა მიიღოს კანონი სახსრების გამოყოფის შესახებ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიზაციის პროგრამათა დაფინანსებას მოხმარდებოდა.
XS
SM
MD
LG