Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აბრალებენ სამარშრუტო ტაქსებს?


ახალი წლის პირველი ორი კვირა საქართველოში, როგორც წესი, ალკოჰოლს ეთმობა და ეს “გრადუსიანი ტრადიცია” ჩვენში ჯერჯერობით არც წელს დაურღვევიათ. მიუხედავად იმისა,

რომ თავგამოდებული სმა, ხშირ შემთხვევაში, ექიმების გამოძახებითა და წოლითი რეჟიმის გამოწერით მთავრდება, საქართველოში მამაკაცების უმრავლესობა თავს მაინც არ ზოგავს. პარალელურად, სერიოზულად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რადგან ავტომობილს ხშირად შეზარხოშებული მძღოლები მართავენ. ამის გამართლება კი ახალი წლის საპატიო მიზეზითაც შეუძლებელია.

მთვრალი მძღოლები თავს თავისუფლად კიდევ იმიტომ გრძნობენ, რომ ახალი წელი ავტოინსპექტორებისთვისაც მოდის და “ალკოჰოლურ ქაოსს” ისინიც მშვენივრად იცნობენ. დიახ, ინსპექტორთა ჩვეული გაფაციცება ამ დღეებში აშკარად მოდუნებულია და ეს გასაგებიც არის: იმის გარდა, რომ საგზაო პოლიციელისა და მძღოლის დიალოგი ბახუსის ფონზე (მით უმეტეს, ქართულ გარემოში) აბსოლუტურად წარმოუდგენელია, სადღესასწაულო დღეებში, ცოტა არ იყოს, ქრთამის აღებაც უხერხულია და ასეთ კონტროლს მათთვის აბა, რაღა აზრი აქვს.

ავტოინსპექტორთა “ლმობიერების” პარალელურად, სადღესასწაულო დღეებში ერთობ დაიძაბა მსუბუქი ავტომანქანებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა ისედაც დაძაბული ურთიერთობა. თუ თბილისის მაგალითით ვიმსჯელებთ, ტრანსპორტის ამ ორი სახეობის მძღოლები ერთმანეთში საერთო ენას უკვე კარგა ხანია, ვერ ნახულობენ, ხოლო გრადუსის გავლენამ ეს სულაც შეუძლებლად აქცია. შედეგად, გაცხარებულ ჩხუბს (რომელიც არცთუ იშვიათად მუშტი-კრივით მთავრდება) თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ეგრეთ წოდებული ფეხით მოსიარულე ნაწილი, გადაადგილების თვალსაზრისით, ძირითადად სამარშრუტო ტაქსების იმედზეა, თუ ავტომობილების მფლობელებს შეეკითხებით, აუცილებლად გიპასუხებენ, რომ თბილისის ქუჩებში ავარიულ სიტუაციებს სწორედაც რომ “მარშრუტკები” ქმნიან.

“სადაც უნდათ, იქ აჩერებენ და როგორც უნდათ, ისე იქცევიან. ისე მოულოდნელად მოგიჭრიან გზას, რომ აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებ. მერე, დაეჯახები და კარგად მეყოლე... თუ გგონია, სიმართლეს დაუმტკიცებ, ძალიან ცდები. მათთვის არანაირი კანონი არ არსებობს, იმიტომ, რომ საგზაო პოლიციელები სერიოზულად უმაგრებენ ზურგს” – დარწმუნებულია 56 წლის მამაკაცი, რომელიც თავისი “ფორდით” ბოლო ორი თვის განმავლობაში, რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, სამჯერ დაეჯახა სამარშრუტო ტაქსის. როგორც თავად ამტკიცებს, ის სამივეჯერ მართალი იყო მაგრამ სიმართლე ვერც ერთხელ ვერ დაამტკიცა და რომ დაემტკიცებინა კიდეც, ბევრს ვერაფერს გახდებოდა. რადგან პირველ ორ შემთხვევაში “მარშრუტკის” მძღოლები აფხაზეთიდან დევნილი, ხელმოკლე ადამიანები აღმოჩნდნენ და საკმაოდ დაზიანებული “ფორდის” გაკეთებაზე მათთან საუბარს უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, ხოლო მესამე შემთხვევაში დაზარალებულს საქმე ჰქონდა ჭიათურიდან ჩამოსულ, ასევე ხელმოკლე მძღოლთან და ამიტომ ამ ამბავმაც კომპენსაციის გარეშე ჩაიარა.

შარშან, სამარშრუტო ტაქსების ქაოსური მოძრაობის დასარეგულირებლად რამდენჯერმე თითქოს გამკაცრდა კიდეც კონტროლი, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე ყველას დაავიწყდა, მათ შორის, მაკონტროლებლებსაც. ალბათ იმიტომ, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს.

მუნიციპალური საწარმო “თბილტრანსის” გენერალური დირექტორის, რეზო გრიგოლიას ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ამჟამად 223 ხაზზე დაახლოებით 2500 სამარშრუტო ტაქსი დადის და მათი მუშაობის შედეგად, ბიუჯეტში ყოველთვიურად 130 ათასამდე ლარი შედის. თუმცა, არსებობს არაოფიციალური (და ხშირად უფრო მართებული) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დედაქალაქში მოძრავი “მარშრუტკების” რიცხვი ოფიციალურად გავრცელებულს ორჯერ აღემატება. და თუ ამ ტიპის ტრანსპორტის ქაოსური მოძრაობა და მძღოლების მომზადების დონე რეალურ კონტროლს არ დაექვემდებარა, თბილისს მუშტი-კრივი არც მომავალში მოაკლდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG