Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონი ბლერმა და ამერიკელმა სენატორებმა დახმარება აღუთქვეს ავღანეთს


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ამერიკის სენატის ცხრაკაციანი დელეგაცია ჯოზეფ ლიბერმანის მეთაურობით, ორშაბათს, ქაბულის შემოგარენში მდებარე ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზას ეწვია.



ბაგრამში ოთხსაათიანი შეჩერებისას, ტონი ბლერმა
გრძელვადიანი დახმარება აღუთქვა ომით გაჩანაგებულ ავღანეთს აღდგენითი სამუშაოების დაფინანსებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთის აღსადგენად სახსრების გამოყოფაზე კონკრეტული საუბარი 21-22 იანვარს, ტოკიოში, დონორი ქვეყნების კონფერენციაზე შედგება.

ტოკიოს კონფერენციამ, რომელსაც საერთაშორისო კოალიციაში გაერთიანებული ყველა პარტნიორი დაესწრება, ყველას უნდა დაანახოს, რომ ავღანეთს ბედის ანაბარა არ დავტოვებთო – განაცხადა ტონი ბლერმა. მან თქვა, რომ უგულებელყო რა მოვლენათა შემდგომი განვითარება ავღანეთში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარი იქნა გაყვანილი 1989 წელს, დასავლეთმა ამით თავისდაუნებურად შექმნა გარემო, რომელმაც შესაძლებელი გახადა რეგიონში ტერორისტული ბაზების მომრავლება.

[ტონი ბლერის ხმა] ”როცა დასავლეთმა უკანასკნელად შეაქცია ზურგი ავღანეთს, მოხდა ის, რომ ათი წლის შემდეგ საშინელი ტრაგედიის მოწმენი გავხდით ნიუ იორკის ქუჩებში. გარდა ამისა, მთელი რეგიონი ტერორიზმის ბუდედ იქცა. ამდენად,
ჩვენი გადაწყვეტილება არა მარტო სწორია, არამედ ჩვენსავე ინტერესებშია, აქ ვიყოთ დღეს და მხარში ამოვუდგეთ ავღანეთის ახალ მთავრობას, თანაც შორეული პერსპექტივით.”

მართალია, ბრიტანეთი მხოლოდ მომავალი სამი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ავღანეთში გაეროს ეგიდით განთავსებულ მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს, ბლერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა მონაწილეობა ავღანეთის აღდგენის საქმეში გაცილებით ხანგრძლივი იქნება.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი მიესალმა ტონი ბლერის დაპირებას დახმარების შესახებ და ბაგრამში მასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა: ”ჩვენ გულთბილი საუბარი გვქონდა იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ავღანეთში. და სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრმა ბლერმა ყოველმხრივი დახმარება აღგვითქვა.”

ასეთივე დახმარება აღუთქვა ავღანეთს ჯოზეფ ლიბერმანმაც, რომელმაც გასულ კვირაში, ამერიკის სენატის ცხრაკაციან დელეგაციასთან ერთად, შუა აზიის რესპუბლიკებში იმოგზაურა და ორშაბათს ღამით, ბაგრამში, ნახევარსაათიანი მოლაპარაკება გამართა ჰამიდ კარზაისთან. შეხვედრის შემდეგ ლიბერმანმა აღიარა, რომ განვლილი ათწლეულის მანძილზე შეერთებული შტატები მოწყვეტილი იყო შუა აზიის რეგიონს, რამაც ავღანეთთან ერთად შეერთებული შტატებიც დააზარალა:
[ჯოზეფ ლიბერმანის ხმა] ”შუა აზიის რეგიონისგან გამიჯვნისთვის ჩვენ ძალზე დიდი და მტკივნეული საზღაურის გადახდა მოგვიხდა 11 სექტემბერს და არ ვაპირებთ ამ შეცდომის გამეორებას.”

ამასობაში, მსოფლიო ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაკისტანში აბიდ ჰასანმა განაცხადა, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ავღანეთს, სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება დახმარებისა და კაპიტალდაბანდების სახით.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ავღანეთში ანტონიო დონინიმ განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები ავღანეთში დაახლოებით სამი თვის შემდეგ დაიწყება, როცა გაეროს განვითარების პროგრამა ხსენებული სამუშაოების საერთო ღირებულებას გამოიანგარიშებს.
XS
SM
MD
LG