Accessibility links

logo-print

ტრადიციული საშობაო “ალილო” თბილისში


მორწმუნეთა შორის გავრცელებულია აზრი, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველანაირ თეატრალურ ღონისძიებას მკრეხელობად მიიჩნევდეს.

თუმცა, ტრადიციული საშობაო “ალილო”, რომელიც სამი წლის წინ აღადგინეს თბილისში, იმის დამადუსტურებელია, რომ იმპროვიზაცია, სიმღერა, მოქმედებაში მაყურებლის ჩართვა, ესოდენ დამახასიათებელი თანამედროვე თეატრისთვის, არც ეკლესიისთვისაა უცხო.

7 იანვარს, ზუსტად 12 საათზე, მომლოცველებმა სიონის ტაძრიდან ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ხატები გამოასვენეს და ჯერ პარლამენტისკენ, მერე ოპერის თეატრისკენ, უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, ბოლოს კი ოთხსაათიანი მსვლელობა ელიას მთაზე, წმინდა სამების მშენებარე ტაძარში დაასრულეს. მომლოცველებს შორის ყველაზე მეტად თეთრ მოსასხამებში გამოწყობილი ბავშვები აქტიურობდნენ. მართალია, მათ გვერდით სამღვდელოებაც იდგა, მოგვიანებით კი მათ პარლამენტარები, კულტურის მუშაკებიც შეუერთდნენ, რიტუალი, რომელიც, ტრადიციულად, მოგვთა თაყვანისცემას განასახიერებს, პირველ რიგში მაინც ბავშვების ძალისხმევით ჩატარდა. ამან კი საშობაო მსვლელობა ხელოვნურობისგან, “დადგმულობისგან” გადაარჩინა და გაამდიდრა ყველანაირი დღესასწაულისთვის აუცილებელი იმპროვიზაციით.

[მუსიკა]

ბავშვების აქტიურობა ამ რიტუალის შინაარსმაც განაპირობა. მოსახლეობა, რომელიც მომლოცველებს გზაში ხვდებოდა, წირავდა ძღვენს (ძირითადად ხილსა და ტკბილეულობას), რომელიც მოგვიანებით საპატრიარქოში შეგროვდა ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისთვის გადასაცემად. ითვლება, რომ შობის ღამეს ქართველები ყოველთვის იჩენდნენ გულუხვობას. ძღვენი, რომელსაც ისინი გასცემდნენ, აღიქმებოდა არა მარტო როგორც საჩუქარი, არამედ შესაწირიც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი ეს ოთხსაათიანი მსვლელობა, რომელიც წელს საქართველოს ყველა ეპარქიაში მოეწყო, არა ჰგავს იმ საქველმოქმედო აქციებს, რომლებიც ხანდახან, მაგრამ მაინც ტარდება საქართველოში. “ალილო” არა იმდენად ძღვენის შეგროვებაა, რამდენადაც ადამიანთა ურთიერთობა, კონტაქტი, ერთიანობის, მთლიანობის განცდა.

7 იანვარს, თბილისში ჩატარებული საშობაო მსვლელობით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ საქართველოში ბავშვები ამას მოზრდილებზე უკეთ აკეთებენ. შეიძლება იმიტომ, რომ “ალილო” არ არის რიტუალი, რომელსაც სცენა აქვს და მაყურებელი ჰყავს; შეიძლება იმიტომ, რომ მსახიობებისგან განსხვავებით, მსვლელობის მონაწილენი ტაშისთვის არ იღვწიან; ანუ “ალილო” შეიძლება მართლაც არ არის “თეატრი”... ყოველ შემთხვევაში, ის თეატრი, რომელსაც ქართველ მორწმუნეთა ერთი ნაწილი და თავად თეატრალთა უმრავლესობა “თეატრს” უწოდებენ.
XS
SM
MD
LG