Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომერციული ბანკებისათვის გახსნილი საკრედიტო ხაზები გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საკრედიტო რესურსების დეფიციტის პირობებში საქართველოს კომერციული ბანკებისათვის დასავლური საკრედიტო ხაზები დამატებით წყაროს წარმოადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამ რესურსებს ზრდის ტენდენცია ახასითებდა. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ სად მიემართებოდა ეს საკრედიტო ხაზები.

საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომერციული საფინანსო ინსტიტუტები საკრედიტო რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდიდნენ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებულ ნებისმიერ დახმარებასა თუ საკრედიტო ხაზს მათთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პერიოდში ევროკავშირის რამდენიმე სტრუქტურამ, კერძოდ კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ასევე, ტასისის პროგრამამ, რამდენიმე პროექტი დააფინანსეს.

ბანკები ამ რესურსს ხარბად დაეწაფნენ, მაგრამ საბანკო საქმიანობის გამოცდილების სიმწირის, სუსტი მენეჯმენტისა და საკრედიტო პორტფელების არაეფექტიანი მართვის გამო, ბევრი ბანკი ამ საკრედიტო ხაზებს შეეწირა და საფინანსო ბაზარს ჩამოშორდა. თუმცა, არის კომერციული ბანკები, რომლებიც დღემდე წარმატებით ითვისებენ აღნიშნულ რესურსებს და ეფექტიანადაც აკრედიტებენ ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტს.

გასული წლების ტრადიციამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემას შორის თანამშრომლობის ფორმები დახვეწა და დღეს იმავე ევრობანკის კრედიტებს სერიოზული მონიტორინგი უტარდება მათ მიერვე მოვლინებული საკრედიტო ოფიცრების მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი ექსცესების შესაძლებლობას.

2001 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის გახსნილი საერთაშორისო საკრედიტო ხაზების მოცულობა, 2000 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14,8%-ით გაიზარდა, მათი ათვისების ხვედრითი წილი კი 40,8%-დან 46,5%-მდე ამაღლდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2001 წლის 1 დეკემბრისათვის ქვეყანაში მოქმედი 27 ადგილობრივი კომერციული ბანკისა და 2 უცხოური ბანკის ფილიალებიდან უცხოური საკრედიტო ხაზი 10 კომერციულ ბანკს ჰქონდა გახსნილი.

აღნიშნული პერიოდისათვის უცხოური საკრედიტო ხაზების მთლიანი მოცულობა შეადგენდა 162 449 000 ლარს, ნომინალში გამოსახვით კი 71 108 000 ამერიკულ დოლარს, 7 მილიონ ევროსა და 13 541 000 გერმანულ მარკას.

ეს რესურსები ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტზეა განაწილებული, კერძოდ, გასული წლის 1 დეკემბრისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკრედიტო ხაზების ანგარიშით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დავალიანება შეადგენს 75 461 000 ლარს, რაც გახსნილი საკრედიტო ხაზების 46,5%-ია. დასახელებული თანხიდან სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად გაცემულია 7 612 000 ლარის ოდენობის სესხები, მრეწველობისათვის - 776 ათასი ლარი, მშენებლობისათვის - 6 657 000, ვაჭრობის სფეროსთვის - 5 579 000, ძირითადი საშუალებების შესაძენად - 11 905 000, ხოლო მომსახურებისა და სხვადასხვა დანიშნულებით - 42 932 000 ლარი.

შედარებისთვის: 2000 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზების საერთო მოცულობა 141 987 000 ლარს შეადგენდა. აქედან ათვისებული იყო 57 995 000, ანუ მთელი თანხის 40,8%.

დასავლური საკრედიტო ხაზები, გარდა იმისა, რომ დამატებით რესურსს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამ ხაზების პროგრამებით გაცემული სესხები, ადგილობრივი წყაროებიდან მოპოვებულ თანხებთან შედარებით, სარგებლის შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით გაიცემოდა. შესაბამისად, აღნიშნული კრედიტები ქართული ბიზნესისათვის დიდი მიმზიდველობით გამორჩევა.
XS
SM
MD
LG