Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიშნავს თუ არა პიროვნული შერიგება კანონის აღუსრულებლობას?


სოზარ სუბელიანი, თბილისი თვით საღვთო ავტორიტეტის საფარქვეშ ჩატარებულმა შერიგებამაც კი ვერ ჩააცხრო ის აჟიოტაჟი, რომელიც პარლამენტარ გოჩა ჯოჯუას ცემას მოჰყვა.

შეგახსენებთ: გასული წლის 18 ნოემბერს პოლიციის გენერალმა სოსო ალავიძემ სასტიკად სცემა პარლამენტის დეპუტატი გოჩა ჯოჯუა. ხმაურიანი საპარლამენტო განხილვებისა და პრესისთვის მიცემული არაერთი ინტერვიუს შემდეგ მხარეების შერიგება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იტვირთა. მიუხედავად შერიგებისა და კონფლიქტის ხანდაზმულობისა, ამ საქმის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში დღემდე არ განელებულა.

საზოგადოების ინტერესს არც უბრალო ცნობისმოყვარეობა განაპირობებს და არც სეირით ტკბობის სურვილი. საქართველოს პარლამენტის წევრი მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, იგი, ფორმალურად მაინც, ხალხის რჩეულია. შესაბამისად, როცა პოლიციის გენერალი ცემით მის სიკვდილის პირამდე მიყვანას ბედავს, ეს არა მხოლოდ კონკრეტული პარლამენტარისა თუ მთელი პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა. თუმცა, ამ შემთხვევაში თავს შეურაცხყოფილად მხოლოდ საზოგადოება გრძნობს და არა ნაცემი პარლამენტარი, რომელიც ჟურნალისტებს ასეთ კომენტარს აძლევს: "შერიგებას რა აზრი აქვს, თუ საქმე კვლავ გაგრძელდება? მოხდა შერიგება და არ მსურს ეს საქმე კვლავ გაგრძელდეს" ("დილის გაზეთი, 9 იანვარი).

თავისთავად, შერიგებაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, როცა შერიგება და პატიება ღვთის სახელით ხდება. მეტიც, პატიებისა და შერიგებისკენ მოწოდება ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა - ცხრა ნეტარებიდან ორი სწორედ მოწყალეთა და მშვიდობისმყოფელთ აღუთქვამს ზეციურ საზღაურს. მაგრამ, მეორე მხრივ, პატიება უკანონობის დამკვიდრებას არ ნიშნავს, ხოლო როცა კანონმდებელი ჯოჯუა საქმის შეწყვეტას ითხოვს, ამით კანონს თვითონ უგულებელყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის აზრით, პიროვნული შერიგება კანონის აღუსრულებლობის საბაბად არ უნდა იქცეს: [ნანა კაკაბაძის ხმა] "ეკლესია მიუტევებს არა მხოლოდ ცემის ფაქტებს, არამედ მკვლელობასაც, როცა ადამიანი ამას მოინანიებს, მაგრამ აქ არის იურიდიული პრობლემა: მოხდა ფაქტი, ფაქტზე უნდა მომხდარიყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ეს არის ტესტი იმ ახალი პროკურორისთვის: კი, ბატონო, ეს ორი ადამიანი შერიგდეს, საზოგადოებას არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ ეს მწამებელი პოლიციელი დაისაჯოს. 7000 კაცი ემორჩილებოდა პოლიციაში და საკუთარი ხელით სცემდა და აწამებდა ხალხს. ეს კაცი დღეს მაინც დაისაჯოს. იმიტომ, რომ პოლიცია დაუსჯელია ჩვენს ქვეყანაში, საუბედუროდ, ის სანამ თანამდებობაზე იყო, ვერ ბედავდნენ, ახლა მაინც, გადამდგარ, კრიმინალ პოლიციელზე მოხდეს სწორი და ადეკვატური სასჯელის გამოტანა".

ნანა კაკაბაძის პოზიციას პარლამენტარებიც იზიარებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, ელიზბარ ჯაველიძის თქმით, ასეთი ფაქტების იგნორირებას შედეგად სამართლებრივი ნიჰილიზმი მოსდევს: [ელიზბარ ჯაველიძის ხმა] "გენერალს გამოჰყავს სახლიდან კაცი - დეპუტატი კი არა, მოქალაქე უბრალო - ცემს, ვაჟკაცობს, ძველბიჭობს, ვერ გავიგე, კაცო, რა ხდება, როგორ შეიძლება… და იმ ალავიძემ, კუჭატნელივით რომ დაიჯგიმებოდა და დადიოდა და მთელი თბილისი აწიოკებული ჰყავდა, ახლა მაინც უნდა აგოს პასუხი".

მრტყმელისა და მორტყმულის შერიგებამ სამართლებრივი კუთხით ერთი სარგებელიც მოიტანა: თუკი შერიგებამდე პროკურატურა აცხადებდა, რომ არ არსებობდა რაიმე საბუთი, რომელიც ეჭვმიტანილის ვინაობას დაადასტურებდა, შერიგების შემდეგ ეჭვმიტანილი თავისთავად გამოიკვეთა. თუმცა, ამ შემთხვევაში პროკურატურისა და ეჭვმიტანილის პოზიციები სავსებით ემთხვევა დაზარალებულისას, რომელიც აცხადებს: [გოჩა ჯოჯუას ხმა] „საზოგადოება, ცივილიზებულ საზოგადოებას ვიძახი, რაზე მიდის, მთავარი დანაშაულის დასჯა კი არ არის, მთავარი მეორე რამეა: შეგნება იმისა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა".

რაც შეეხება დროებით უმუშევრად დარჩენილ სოსო ალავიძეს, იგი თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად, ბაკურიანში ატარებს და გაზეთის ფურცლებიდან მამაპაპურ გინებას უთვლის იმ "ცილისმწამებლებს", ვინც მას შერიგებაში 50 ათასი დოლარის გადახდა დასდო ბრალად.
XS
SM
MD
LG