Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი საახალწლო დაპირების შეუსრულებლობას განიცდის


ახალმა წელმა საქართველოს პრეზიდენტს მორიგი უხერხულობა მოუტანა. სათანადო რეზერვის არსებობის მიუხედავად, მისი საახალწლო დაპირება,

რომელიც სახელმწიფო დავალიანების გასტუმრებას შეეხებოდა, არ შესრულდა. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, თუმცა დაპირების მომენტში ის ვერც წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ბანკიდან გადმორიცხული ფული "საფოსტო ბანკის" ლაბირინთებში გაიყინებოდა და მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებამდე ვერ მიაღწევდა. "ასეთი რამ წარმოუდგენელიაო", თქვა მთავრობის 9 იანვრის სხდომაზე სასოწარკვეთილმა ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ საქართველოში სწორედაც რომ წარმოუდგენელი ამბები ხდება.

ადრესატისთვის სახელმწიფო დავალიანების გადახდა ჯერჯერობით კვლავინდებურად "საფოსტო ბანკის" საქმეა. "ჯერჯერობით", რადგან, ადრე თუ გვიან, ეს საქმე ტენდერში გამარჯვებულ რომელიმე სხვა ბანკს უნდა გადაელოცოს. მანამდე კი "საფოსტო ბანკი", ვინ იცის, უკვე მერამდენედ ხდება პენსიებისთვის, ხელფასებისა და შემწეობებისთვის ძლივს მოპოვებული ფულის დროულად გაუცემლობის მიზეზი.

ჩვენ ვცადეთ ამ ბანკის ადმინისტრაციისგან მიგვეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა საახალწლოდ დაპირებული ხელფასების და პენსიების დაურიგებლობა, მაგრამ ამაოდ. დღის 5 საათისთვის "საფოსტო ბანკის" ცენტრალურ ფილიალში მიპასუხეს, რომ ადმინისტრაციას მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდა.

არადა, "საფოსტო ბანკის" თემამ მთავრობის 9 იანვრის სხდომაზე ცენტრალური დატვირთვა შეიძინა. ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით, ახალი წლის წინა დღეებში, მსოფლიო ბანკიდან მიღებული თანხის ნაწილის "საფოსტო ბანკში" გაჩერების უკან პრეზიდენტმა კერძო ინტერესები და ბოროტმოქმედება დაინახა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "პრეზიდენტს ტყუილი ათქმევინეთ, მარტო ამაში არ არის საქმე, სახელმწიფო ამბობს ტყუილს. სიმართლე რომ გითხრათ, ახალი წელი არც ჩემთვის ყოფილა და არც ჩემი კოლეგებისთვის. რანაირი ახალი წელი იქნებოდა, როცა ქუჩაში გამოსვლის მრცხვენია, იმიტომ, რომ მოვატყუე ხალხს. ისევ ტელევიზორში ხომ არ გამოვალ. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა."

საუბარი საპენსიო და სახელფასო დავალიანების გაუცემლობას ეხება, თუმცა არსებობდა ყველა პირობა, რათა ეს არ მომხდარიყო. 31 დეკემბერს ედუარდ შევარდნაძემ მთელი შემართებით გვაუწყა, რომ ახალი წლის წინა დღეებში მსოფლიო ბანკმა საქართველოს დამატებით 10 მილიონი დოლარი გადმოურიცხა, რის ხარჯზეც, ახალი წლის დღეებში, სახელმწიფოს მოსახლეობის ვალი უნდა გაესტუმრებინა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "საწყენი ის არის, რომ თანხები მართლა იყო. სიმართლე რომ გითხრათ, მართლა ბავშვივით მიხაროდა, ვფიქრობდი, მოსახლეობა ორი-სამი თვის პენსიას და ხელფასს მიიღებდა, პროდუქცია იყო და საახალწლოდ რაღაცას იყიდიდა. ესენი არიან ყველაზე გაჭირვებული ადამიანები."

მაგრამ მოტყუებული მოსახლეობისთვის ეს წუხილი ვერაფერი შეღავათია.

რატომ ხდება, რომ პრეზიდენტს საკუთარი მინისტრები ტყუილის სათქმელად სისტემატურად იმეტებენ, თავად პრეზიდენტი კი ყველაფერს ითმენს? ან როგორ მოახერხა "საფოსტო ბანკმა" მოსახლეობისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხის გაჩერება, რაც, ცხადია, კერძო ფინანსურ ინტერესებთან უნდა იყოს დაკავშირებული? ეს შეკითხვები უპასუხოდ რჩება. თუმცა, ამ შეკითხვების არსებობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილ პრეზიდენტს, მთავრობის 9 იანვრის სხდომაზე, თანადგომა სახელმწიფო მინისტრმა გამოუცხადა და მომხდარის პროკურატურის მიერ შესწავლა მოითხოვა. ავთანდილ ჯორბენაძის სიტყვებით, "პრეზიდენტის და მოსახლეობის შეურაცხყოფა აღარავის უნდა ეპატიოს", თუმცა ვნახოთ. ჩვენი ყველა პრობლემის მიზეზი ხომ ის საყოველთაო უპასუხისმგებლობაა, რომლის პირობებშიც პასუხს ყველაფერზე ერთადერთი კაცი აგებს, დასჯით კი არავინ ისჯება.
XS
SM
MD
LG