Accessibility links

logo-print

ვინ რისთვის აგროვებს ხელმოწერებს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო თვეების მანძილზე თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხშირად ნახავთ სახელდახელოდ მოწყობილ ადგილებს,

სადაც მოხალისე ქალბატონები გამვლელებს ამა თუ იმ მოთხოვნის მხარდაჭერის ხელმოწერას სთავაზობენ. რაგინდ უცნაურად გამოიყურებოდეს, სხვადასხვა მოთხოვნის მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა ხშირად შთამბეჭდავია, თუმცა, საბოლოოდ, რაში შეიძლება გამოიყენო ეს თავისებური პაბლისიტი, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია.

მაგალითად, 2001 წელს ორგანიზაცია “მძლეველმა”, მისივე განცხადებით, მილიონ შვიდასი ათასი ხელმოწერა მოაგროვა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნაზე. ხელმოწერები ორგანიზაციის წევრებმა კანცელარიის შენობასთანაც მიიტანეს, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მორალური თვალსაზრისით თავი ვალდებულად არ ჩათვალა, რეაგირება მოეხდინა ხელმომწერთა პროტესტზე, ასეთ ხელმოწერებზე ხომ რაიმე ქმედება – გარდა პიროვნული გადაწყვეტილებისა – კანონით გათვალისწინებული არ არის.

ამ დღეებში ხელმოწერები კიდევ რამდენიმე მოთხოვნის მხარდასაჭერად გროვდება. გულახდილად რომ ითქვას, ამ აქციების შედეგიანობაც დიდ ეჭვს იწვევს. მაგალითად, “იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების კომიტეტი” შარშანდელი დეკემბრიდან აგროვებს ხელმოწერებს მოთხოვნაზე, უშიშროების ყოფილ მინისტრს ყველა ბრალდება მოეხსნას და მას საქართველოში დაბრუნებისთანავე ხელშეუხებლობის გარანტიები მიეცეს. კომიტეტის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზით, უკვე 250 ათასმა ადამიანმა დაადასტურა თავისი დადებითი დამოკიდებულება ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის მიმართ ბრალდებების მოხსნისადმი. მაგრამ საეჭვოა, ეს, ასე ვთქვათ, შემწყნარებლური ნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს სისხლის სამართლის საქმის შესაწყვეტად.

არანაკლებ საინტერესო მდგომარეობა იქმნება სოციალისტების ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის ხელმოწერების აქციასთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ, მან შარშან დეკემბერში წამოიწყო აქცია სახელწოდებით “საქართველო ჩემი სამშობლოა, რუსეთი – ჩემი მეზობელი”. ჩანაფიქრით, ამ განცხადებაზე ხელისმოწერების შეგროვებით გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. თუმცა, იმ ბანალური ჭეშმარიტების ხელმოწერით დადასტურება, რაც საქართველოში ნებისმიერმა არასრულწლოვანმაც იცის, რომ საქართველო სამშობლოა, რუსეთი კი – მეზობელი, არასერიოზულადაც გამოიყურება. არადა, ამ განცხადებას ხელი უკვე 420 ათასმა ადამიანმა მოაწერა. როგორც სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა საპარლამენტო ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერმა ირაკლი მინდელმა, ხელმოწერების შეგროვების აქცია 15 იანვრიდან განახლდება და, მისი ვარაუდით, გაზაფხულისთვის ხელმოწერების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს.

უახლოეს დღეებში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს კიდევ ერთი საპარლამენტო ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის”. როგორც გახსოვთ, ამ ფრაქციის ერთ-ერთი წევრი კობა დავითაშვილი კარგა ხანია, პარლამენტარებს მოუწოდებს: [კობა დავითაშვილის ხმა] “აუცილებელია რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და მოგიწოდებთ, ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ, ხელი მოვაწეროთ ამას”.

კობა დავითაშვილის მცდელობა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის კოლეგების ხელმოწერები შეეგროვებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა მას 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების პროცესი ელის.
XS
SM
MD
LG