Accessibility links

ამერიკელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს "ალ ყაიდის" მაღალი რანგის ორი წარმომადგენელი


შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციამ ავღანეთში მიაღწია წარმატებას, რომელიც ოდნავ მაინც ცვლის ამ ოპერაციის მთავარ მიზნად გამოცხადებულ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენის დაჭერას.

საქმე ის არის, რომ ბოლო ხანს, მღვიმეების კომპლექსების დაბომბვას და ქვეითების აქტიურობას ასეთი მსხვილი ნადავლი არ მოჰყოლია. 14-კაციან ჯგუფში, რომელიც ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში, შედის ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალყაიდელი.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა რიჩარდ მაიერსმა თქვა, ორი მათგანი საკმარისად მაღალი რანგისაა იმისათვის, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოსო. დაკავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაართან არსებულ საპატიმროში, იმ საკომუნიკაციო საშუალებებთან ერთად, რომელიც მათ უპოვნეს. ეს ორი ლეპტოპი, მობილური ტელეფონები და დოკუმენტაცია, სავარაუდოდ საწვრთნელი ბანაკების სტრუქტურისა და, საერთოდ, ბოლო ხანს "ალ ყაიდის" ორგანიზაციის შიგნით ცვლილებების შესახებ, საჭირო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

რას მოიტანს ამ მასალის განხილვა და რას იტყვიან დაპატიმრებულები, მომავალში გაირკვევა. რაც უკვე ცხადია, "ალ ყაიდის" საწვრთნელი ბანაკების კომპლექს "ჟავარ კიპლის" თაობაზე, ის არის, რომ, როგორც გენერალმა მაიერსმა თქვა, ის უზარმაზარია და ბევრად აღემატება მოსალოდნელს, რასაც ამერიკაში ვარუდობდნენ. შეგახსენებთ, რომ 1998 წელს, აფრიკაში შეერთებული შტატების საელჩოებზე თავდასხმის შემდეგ, ეს ბანაკი ერთხელ უკვე დაიბომბა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ შეერთებული შტატების ხელში უკვე 364 დაკავებულია, ალყაიდელი თუ თალიბი.

და კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, ასევე ავღანეთში მოწინააღმდეგე ძალის წარმომადგენლების დაკავების შესახებ. ქალაქ ყანდაარის გუბერნატორის გულ აღას წარმომადგენელმა ჯალალ ხანმა განაცხადა, რომ დაიჭირეს თალიბების მთავრობის სამი მინისტრი, ორი მათგანი თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები არიან. მაგრამ, იმავე ხანის თანახმად, მინისტრები მალევე გაუშვეს, თანაც ხანმა დაამატა, რომ მათ ამერიკელებს არ გადასცემენ. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს გადაწყეტილება, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების გაშვება, როცა თალიბების ლიდერზე თავდაუზოგავი ნადირობა მიდის. ავღანელების წარმომადგენელმა, ხალიბ პაშტუნმა, "რეიტერის" სააგენტოს განუმარტა მათი გაშვების მიზეზი. პაშტუნმა თქვა, რომ მათი დანებება შეთანხმების შედეგად მოხდა, ისინი დათანხმდნენ, რომ დაგვნებდებოდნენ იმ პირობით, რომ არ დავაკავებდითო. პაშტუნმა დასძინა, რომ მინისტრებისვე უსაფრთხოების მიზნით, მათი თავისუფლად მოძრაობა გამორიცხულიაო.

შეერთებული შტატები აპირებს განაგრძოს მისთვის ცნობილი პოზიციების დაბობვა. სამშაბათს ავღანეთის ახლანდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ თქვა, რომ საჭიროა ამ ნაბიჯების ქაბულთან კოორდინირება. საქმე ის არის, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება ამ დაბომბვების დროს ავღანეთის მოსახლეობის დაცვა. ავღანეთის მთავრობა არ მოითხოვს საჰაერო თავდასხმების შეწყვეტას, მაგრამ თავისი ხალხის უსაფრთხოებას ვერ უგულებელყოფს.

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა პირველი ამერიკელი ჯარისკაცის სროლის დროს დაღუპვის შესახებ. 31 წლის ტეხასელს, პირველი კლასის სერჟანტს ნათან ჩეპმენს და მის თანმხლებს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელს სროლა აუტეხეს გარდეზთან. სროლისას ჩეპმენი მოკლეს, მისი თანმხლები დაჭრეს.

ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ამბავი. პაკისტანის ადამიანის უფლებათა დამცველმა კომისიამ განაცხადა, რომ პაკისტანმა დაარღვია საერთაშორისო და საკუთარი კანონი, როცა ავღანეთში გააძევა ისლამაბადში თალიბების ელჩი აბდულ სალამ ზაიფი, და ამით ამერიკელებს მისი დაჭერის საშუალება მისცა. საქმე ის არის, რომ ზაიფმა პაკისტანში ოფიციალურად მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.
XS
SM
MD
LG