Accessibility links

logo-print

"ქარტია-77"-ის 25-ე წლისთავი ჩეხეთში


ანდრო ეული, პრაღა 1 იანვარს ჩეხებმა, ადამიანის უფლებათა დამცველი პეტიციის, "ქარტია-77"-ის გამოქვეყნების 25-ე წლისთავი აღნიშნეს;

დოკუმენტისა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების დაცვის, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებათა განუხრელი შესრულებისკენ მოუწოდებდა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ მთავრობას.

1977 წლის 1 იანვარს გამოქვეყნებულმა "ქარტია-77"-მა თავზარი დასცა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ლიდერებს. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთის წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა ამ პეტიციის სრული ტექსტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიასა და ვარშავის პაქტის სხვა წევრ ქვეყნებში მხოლოდ თვითგამოცემის გზით ვრცელდებოდა.

დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ აზრის გამოთქმის თავისუფლება ჩეხოსლოვაკიაში მოჩვენებითია, ვინაიდან ასეულათასობით მოქალაქეს სამუშაოდან დათხოვნა და დევნა-შევიწროება ემუქრება, თუკი ისინი საკუთარი აზრის გამოთქმას გაბედავენ.

"ქარტია-77" და მის ნიადაგზე შექმნილი ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელიც "უსამართლოდ დევნილთა დამცველი კომიტეტის" სახელით გახდა ცნობილი კომუნისტური რეჟიმის დამხობამდე, მომდევნო 13 წლის განმავლობაში,
მორალურ სიმტკიცეს ჰმატებდა ადამიანის უფლებათა აქტივისტებს ჩეხოსლოვაკიაში.

ქარტიის ხელმომწერებს გაუთავებელ დაკითხვებს უწყობდნენ უშიშროების უწყების თანამშრომლები და მათზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენდნენ, რათა ეს დოკუმენტი უარეყოთ. უმრავლესობამ სამუშაო დაკარგა. ზოგიერთი აიძულეს, სამშობლო დაეტოვებინა. უმრავლესობა 300-მდე ადამიანისა, ვინც თავიდანვე ხელი მოაწერა ქარტიას, პრაღასა და ბრნოში ცხოვრობდა.

კომპარტიის აქტივისტებმა "ქარტია-77"-ის საწინააღმდეგო კამპანია გააჩაღეს. 1977 წლის 28 იანვარს პრაღის ეროვნულ თეატრში გაიმართა "საზეიმო სხდომა", რომელზეც ხელისუფალთა მიერ მიწვეულმა კულტურის სხვადასხვა დარგის ასობით მოღვაწემ - მომღერლებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა - ქარტიის დამგმობ პეტიციას მოაწერა ხელი. ბევრი შიშის გამო წავიდა ამგვარ ნაბიჯზე. ამ დოკუმენტში, აგრეთვე, გაზეთ "რუდე პრავოს" სარედაქციო სტატიებში, "ქარტია-77" "ანტისახელმწიფოებრივ, ანტისოციალისტურ, ანტიჰუმანურ და დემაგოგიურ მონაჩმახად" იყო მოხსენიებული.

"ქარტია-77"-ის ავტორები და თავდაპირველი ხელმომწერნი მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ: კომპარტიის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი ზდენეკ მლინარჟი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირჟი ჰაიეკი, ტროცკისტი და სტუდენტური მოძრაობის ყოფილი აქტივისტი პეტრ უჰლი, თვალსაჩინო ფილოსოფოსები იან პატოჩკა და ვაცლავ ბენდა, აგრეთვე, კანონგარეშედ გამოცხადებული მღვდელი ვაცლავ მალი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი, რომლის პიესების დადგმა ჩეხოსლოვაკიაში აკრძალული იყო. ჰაველი, ჰაიეკი და პატოჩკა "ქარტია-77"-ის ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ სახელმწიფო უშიშროების უწყებაში დაკითხვაზე გამოძახებული პატოჩკა ქარტიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

იმ დროისათვის, როცა კომუნისტური რეჟიმი დაემხო,
ადამიანის უფლებათა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის ვაცლავ ჰაველს უკვე ხუთ წელიწადზე მეტი ჰქონდა გატარებული ციხეებში. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უშიშროების აგენტები საგულდაგულოდ უთვალთვალებდნენ მის ყოველ ნაბიჯს, ჰაველმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ინტერვიუ მისცა პრაღაში.

ქარტიის მეორე წამყვანმა ხელმომწერმა, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა წევრმა და ბრნოს უნივერსიტეტის პროფესორმა იაროსლავ შაბატამ 8 წელიწადი დაჰყო ციხეში 70-იანსა და 80-იან წლებში ადამიანის უფლებათა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ჩეხების უმრავლესობას მხოლოდ "ხავერდოვანი რევოლუციის"დროს, 1989 წლის დამლევს მიეცა ქარტიის წაკითხვის შესაძლებლობა, როცა სტუდენტები კედლებზე აკრავდნენ მის ტექსტს.

"ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ქარტიის არაერთი ხელმომწერი მთავრობისა და პარლამენტის წევრი გახდა. ვაცლავ ჰაველის გარდა, რომელიც დღეს ჩეხეთის პრეზიდენტია, ქარტიის სხვა ხელმომწერებსაც უკავიათ ხელმძღვანელი თანამდებობები. პეტრ პიტარდი, მაგალითად, სენატს თავმჯდომარეობს, ხოლო პაველ რიხეცკი პრემიერ-მინისტრის მოადგილეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქარტიის რამდენიმე ხელმომწერი ოპოზიციის რიგებს შეუერთდა. მაგალითად, თავისუფლების კავშირის წევრები, ჰანა მარვანოვა და იან რუმლი, აგრეთვე, ჩეხეთის ელჩები ვაშინგტონსა და მოსკოვში, მარტინ პალოუში და იაროსლავ ბაშტა. ქარტიის ხელმოწერის 25-ე წლისთავი ერთობ მოკრძალებულად აღინიშნა ჩეხეთში. სტატიებში, რამდენიმე გაზეთმა რომ გამოაქვეყნა, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს შორის დღეს მკვეთრი დაპირისპირება შეინიშნება.
XS
SM
MD
LG