Accessibility links

logo-print

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია სეპარატიზმს ტეროსრიტობას უტოლებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 7 იანვარს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც შედიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და, გასული ივნისის შემდეგ, უზბეკეთიც, პეკინში ერთდღიანი საგანგებო შეხვედრა მოაწყო.

დღის წესრიგში იდგა რეგიონული თანამშრომლობის საკითხი ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიასთან დაკავშირებით.

თავშეყრის წინ, რომელშიც აღნიშნული ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუნ იუ ჯიმ თქვა, რომ შეხვედრაზე არა მარტო ავღანეთის სიტუაციას განიხილავენ, არამედ ტერორიზმის, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის შესახებაც იმსჯელებენ.

მონაწილეებმა გადაწყვიტეს რეგიონული კონტრტერორისტული სააგენტოს შექმნა, რომელიც ოფიციალურ სტატუსს ივნისში, სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე მიიღებს. შტაბ-ბინა სააგენტოს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ექნება.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ “ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს ყველა – გლობალურ, რეგიონულ და სახელმწიფო – დონეზე, მიუკერძოებლობისა და ორმაგი სტანდარტების გარეშე.”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, უცხო ქვეყნების გასაგონად, აღნიშნა, რომ მონაწილეები უარყოფითად ეკიდებიან მათ საშინაო საქმეებში ნებისმიერ ჩარევას.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ სტანდარტები, რომელთაც იყენებს შეერთებული შტატები თალიბანისა და “ალ ყაიდის” მიმართ, რუსეთში, ჩინეთსა და უზბეკეთში მოქმედ ტერორისტულ ჯგუფებსაც მიესადაგება.

სამივე ეს ქვეყანა მხარს უჭერს ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიას და არსებობს შიში, რომ ისინი, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, გააძლიერებენ რეპრესიებს სეპარატისტული მოძრაობების ან რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ.

სამართალდამცავი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩი” მოუწოდებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს – ხუთი მათგანი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია – გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან საერთაშორისო ნორმები მათ მიერ ტერორისტებად მიჩნეული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. “ჰიუმან რაიტს უოჩის” შუა აზიის განყოფილების დირექტორის ელიზაბეთ ანდერსონის თქმით, ”ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობის პროპაგანდაც უნდა მიმდინარეობდეს.”

“ჰიუმან რაიტს უოჩის” დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი ამბობს, რომ პეკინის ფორუმზე სეპარტიზმის საკითხს, მათ შორის ჩეჩნეთში, ცალმხრივად მიუდგნენ. მართალია, რუსეთი ამას “კონტრტერორისტულ ოპერაციას” უწოდებს, ჩეჩნეთში ხდება ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კანონების უხეში დარღვევა”, აღნიშნა ქ-ნმა დენბერმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ჟან-კრიტოფ პეკთან საუბარში.

მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, რომ ის მზად არის, დაიწყოს დიალოგი ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რუსეთის ჯარებმა რესპუბლიკაში დამსჯელი ოპერაციები გააძლიერეს.

11 სექტემბრის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ მსგავსი ნაბიჯები გადადგა თურქულენოვანი მუსლიმანი უიგურების მიმართ. 21 დეკემბერს თურქესტანის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ბინა მიუნხენში აქვს, გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ჩინეთმა რვა ათასი უიგური დააპატიმრა.

უიგურების სხვა წარმომადგენლების თქმით კი რეპრესიები 11 სექტემბრამდეც ძალიან მკაცრი იყო. ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმა-ათაში მოქმედი უიგურების ასოციაციის თავმჯდომარემ დილბერიმ სამსაკოვამ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა:

[დილბერიმ სამსაკოვას ხმა] “რეპრესიები 11 სექტემბრამდეც იყო. ტურფანის, კაშგარის და ჰოტანის რეგიონები მთლიანად იყო ოკუპირებული ჩინეთის ჯარების მიერ. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ლოცვის დროს ან ნამაზის წაკითხვისას წაასწრებდნენ, ესროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ამ დროს ნამაზში ხომ ცუდი არაფერია. ალაჰის რწმენა არ შეიძლება ტერორიზმად ან სეპარატიზმად ჩაითვალოს.”

უიგურების კიდევ ერთი, “ტაკლამაკანის” ასოციაციის წევრმა (ამ ასოციაციას ბინა ფლორიდაში აქვს), აბლაჯან ბარეტმა, ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა, რომელიც თალიბანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში წამყვან როლს თამაშობს, თუმცა წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ამ მოძრაობას, ჩინეთში დააბრუნა რამდენიმე ახალგაზრდა უიგური, რომლებიც ადგილობრივ მედრესეებში ყურანს სწავლობდნენ.

გარდა რუსეთისა და ჩინეთისა, “ჰიუმან რაიტს უოჩი” მიუთითებს უზბეკეთზეც, სადაც მოქმედებს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის დიდი თავსატკივარი, “უზბეკეთის ისლამური მოძრაობა” – შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იმ ორგანიზაციების რიცხვში მოიხსენიებს, რომლებსაც “ალ ყაიდასთან” აქვთ კავშირი.
XS
SM
MD
LG