Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ბიუჯეტის გაზრდას მოითხოვს


უკანასკნელი 3 წელია საქართველოს ბიუჯეტი 200 – 300 მილიონი ლარის გარღვევით სრულდება. მიუხედავად ამისა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს უარი არასდროს უთქვამს

მთავრობის მიერ წარმოდგენილი არარეალისტური საფინანსო გეგმის დამტკიცებაზე. წელს პარლამენტი ცოტა გაჯიუტდა და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან კიდევ უფრო არარეალისტური ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა ბიუჯეტის დამტკიცების ბოიკოტირებით იმუქრება.

10 იანვარს, ყოფილი მმართველი პარტიის - „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციამ ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოაწყო. საახალწლო არდარდეგების მიუხედავად მოქალაქეთა კავშირმა იმდენი იმუშავა, რომ 10 იანვარს გამართულ ფრაქციის სხდომაზე ბიუჯეტის დაახლოებით 300 მილიონი ლარით გაზრდის რეალურობა დაასაბუთა. ეს ეკონომიკური გათვლები ფრაქციას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ წარუდგინა.

[ჟვანიას ხმა] „პესიმისტური გათვლებით საშემოსავლო ნაწილს, ბიუჯეტის, შეიძლება დაემატოს 237 მილიონი ლარი, ხოლო ოპტიმისტური გათვლების შემთხვევაში 315 მილიონი ლარი.“

ჟვანიას გათვლები ეკონომიკის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების, სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვა ეკონომიკური უწყებების ინფორმაციას ეყრდნობა.

მათი მონაცემებით, 2002 წლის მანძილზე მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 5,6-7,7 %-ით ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო ინფლაცია 4,6–8,8 %-ის ფარგლებში იქნება. მოქალაქეთა კავშირი იმასაც ითვალისწინებს, რომ შარშან საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში გადასახადების ადმინისტრირების მაჩვენებელი 11 %-ით გაიზარდა და რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ზურაბ ჟვანია ფიქრობს, რომ პესიმისტური გათვლებით, საგადასახადო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 21,4 %-ით უნდა გაიზარდოს, რაც 207 მილიონი ლარის ტოლია. მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში კი წინა წელთან შედარებით გადასახადების ამოღების მაჩვენებლის მხოლოდ 97 მილიონით ზრდაა დაგეგმილი.

ჟვანიას ეკონომიკური გათვლები არითმეტიკულად ნამდვილად სწორია, მაგრამ შესრულების თვალსაზრისით ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება, მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2001 წლის ბიუჯეტის შესრულებას მთავრობამ 300 მილიონ ლარამდე დააკლო, ნაკლებად სავარაუდოა, 2002 წელს ეს ხარვეზიც გასწორდეს და ამდენივე დამატებითი შემოსავალიც მოგროვდეს.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჟვანიას თანაგუნდელი მიხეილ მაჭავარიანი ჯერ კიდევ საგადასახადო შემოსავლების მინისტრი იყო, იგი კატეგორიულად უპირისპირდებოდა, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივას ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდის თაობაზე. მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ბიუჯეტში რამდენიც არ უნდა ჩაიწეროს ის მაინც ვერ შესრულდებაო და ჩხარტიშვილის ინიციატივას საკუთარი პერსონის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ინტრიგად ნათლავდა. ახლა, როგორც ჩანს, ჟვანიას გუნდმა მსგავსი ინტრიგა ახლახანს დამტკიცებული მთავრობის წინააღმდეგ წამოიწყო.
XS
SM
MD
LG