Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობა აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა


“კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის” უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს;

ამავე დროს, უკმაყოფილოა მასმედიის მიერ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით და არც აფხაზეთის პრობლემისადმი ქართველი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების დამოკიდებულება მოსწონს. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ქართველებმა და აფხაზებმა კონფლიქტის მოგვარებაზე შუამავლის გარეშე უნდა იზრუნონ.

სოციოლოგიური გამოკითხვის მიზანი იყო, დაედგინა მასმედიისადმი ნდობის ხარისხი და მისი რეიტინგი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის ძალისმიერი და მშვიდობიანი გზით დაბრუნების მომხრეთა შეფარდება, პარტიზანული მოძრაობისადმი მხარდაჭერის ხარისხი და საბრძოლო მოქმედებების გაფართოების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეფარდება, აგრეთვე, კონკრეტული პოლიტიკოსებისა და სტრუქტურების რეიტინგი აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით.

რეალური სურათის წარმოსაჩენად, “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევის ცენტრის” მიერ ჩაფიქრებული სამუშაო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრამ ჩაატარა, რითაც გამოკითხვის შედეგებზე ორგანიზაციის სამშვიდობო პოლიტიკის გავლენა გამოირიცხა. გამოკითხულ იქნა 1000 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც – 65 პროცენტი – აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე აღმოჩნდა. ძალისმიერ მეთოდს უპირატესობა მხოლოდ 31-მა პროცენტმა მიანიჭა. საინტერესოა ისიც, რომ ამ უკანსაკნელთა დიდი ნაწილი იმედს უფრო პარტიზანულ მოძრაობაზე ამყარებს, ვიდრე რეგულარულ არმიაზე. აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის მიერ პროვოცირებულად ჩათვალა გამოკითხულთა 76-მა პროცენტმა; 61-მა პროცენტმა ის ხელისუფლების დაუფიქრებელ ნაბიჯად აღიქვა, 44-მა პროცენტმა კი – ხელისუფლების შეგნებულ ქმედებად.

საინტერესოა სოციოლოგიური გამოკითხვის ის ნაწილი, რომელიც მასმედიის როლს უკავშირდება. გამოკითხულთა 85 პროცენტი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით უკმაყოფილოა, რაც, კვლევითი ცენტრის დირექტორის გოგი ხუციშვილის თქმით, ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას არასრულად და მიკერძოებულად მიიჩნევს.

რაც შეეხება აფხაზეთის პრობლემის მიმართ კონკრეტული პოლიტიკოსებისა და სტრუქტურების რეიტინგს: [გოგი ხუციშვილის ხმა] “ირკვევა, რომ არც ერთ პოლიტიკოსს არა აქვს უფლება, თქვას, რომ ლაპარაკობს ხალხის სახელით, ისევე, როგორც არც ერთ დევნილ ლიდერს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს, არა აქვს უფლება, ილაპარაკოს 30 ათასი დევნილის სახელით.”

ცნობისათვის: აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა დადებითად გამოკითხულთა 32,5-მა პროცენტმა შეაფასა, პრეზიდენტის საქმიანობა 29,5-მა, პარლამენტისა კი – 29 პროცენტმა. ნდობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ერგო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ უმნიშვნელოდ ჩამორჩა აჭარის ხელისუფლება, რომლის როლიც დადებითად მიიჩნია 39-მა პროცენტმა, რაც იმ გავრცელებული შეხედულებით უნდა აიხსნას, თითქოს აჭარის ხელმძღვანელობას აფხაზებთან პირდაპირი ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდეს. გარკვეული როლი ალბათ აჭარის სტაბილურობამაც შეასრულა. გამოკითხვის ამ ნაწილში ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ საზოგადოება აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების როლს, რაც ნიშნავს, რომ მას სახალხო დიპლომატიის სჯერა და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზის სახეს საკმაოდ მუქ ფერებში წარმოიდგენს, გამოკითხულთა უმრავლესობა მაინც თვლის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საკუთარი პრობლემა პირდაპირი კონტაქტებით უნდა მოაგვარონ. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად უარყოფითი იქნება აფხაზებს შორის ქართველის სტერეოტიპი, მით უფრო, აფხაზეთში არსებული რეჟიმის წნეხის გათვალისწინებით.

თუმცა, როგორც გოგი ხუციშვილი ამბობს, [გოგი ხუციშვილის ხმა] ”აფხაზეთში გაცილებით სხვაგვარი ვითარებაა, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს აფხაზეთში ძალიან ბევრია მსურველი საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგების, ქართველებთან ადამიანური კონტაქტების აღდგენის და ამ შემთხვევაში სახალხო დიპლომატია არ უნდა ისახავდეს მიზნად დიალოგის დაწყებას პოლიტიკური მოდელით, უნდა იყოს აღდგენილი ურთიერთობა და ლაპარაკი იქ, სადაც ეს შესაძლებელია.”

მაგრამ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზების მაძიებელ ხელისუფლებას სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობა დღემდე არ უღიარებია. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ის არც დახმარებია და არც ხელი შეუშლია, თუ ხელის შეშლად არ ჩავთვლით ამჟამინელი თუ ყოფილი ფუნქციონერების ბოლოდროინდელ ავანტურისტულ ქმედებებს და რამაც ისედაც მძიმე ურთიერთობაში ახალი ბზარი შეიტანა.

ჯერჯერობით არ ჩანს ნიშანი, რომ ხელისუფლება, რომელსაც ხალხის სახელით ლაპარაკი უყვარს, საზოგადოების კარნახით მოქმედებას გადაწყვეტს. გამოკითხვა კი ადასტურებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს რუსეთის როლს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში, აუცილებლად თვლის აფხაზებთან პირდაპირ ურთიერთობას, სახალხო დიპლომატიის გაფართოებას, მხარს უჭერს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და საქართველოს ფარგლებში აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას.
XS
SM
MD
LG