Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში სიტუაცია ისევ იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს ერთერთ რეგიონში – პანკისის ხეობაში სიტუაციის პერმანენტული დაძაბულობა სამწუხარო რეალობად იქცა.

ვითარებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ინერტულობის გამო უწესრიგობით აღშფოთებული რიგითი მოქალაქეები პერიოდულად თავად ცდილობენ წესრიგის დამყარებას.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც პანკისის ხეობა დენთით სავსე კასრს წააგავს, რომლის აფეთქებისთვისაც მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება. პანკისის ხეობა დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი იმ დამნაშავეების თავშესაფრად იქცა, რომლებიც ადამიანთა გატაცებას წარმატებით უთავსებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის სარფიან ბიზნესს. ვითარების სპეციფიკის მომიზეზებით – როგორც იცით, პანკისის ხეობას ჩეჩნეთიდან დევნილები აფარებენ თავს – ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერიოს ხეობის ცხოვრებაში, რაც საბოლოოდ ხეობაში ხელისუფლების არაფორმალური ლიდერების, საეჭვო კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნებების ხელში გადასვლით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინათ ხეობის მისასვლელებთან შინაგანი ჯარების საგუშაგოების ჩაყენებამ კრიმინალური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.

შესაბამისად, უცნაურად არ აღიქმება პერიოდულად პანკისის ხეობის მეზობლად მცხოვრები ადამიანების მხრიდან ხეობაში წესრიგის დამყარების სტიქიურად დემონსტრირებული სურვილი. გემახსოვრებათ, შარშან ივლისში სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის გატაცებით აღშფოთებული კახელების მიერ ჯერ პანკისისკენ მიმავალი გზების გადაკეტვა, შემდეგ კი რამდენიმე ქისტის მძევლად აყვანის ფაქტი. მაშინ პარლამენტშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც “სახალხო მოლაშქრეებისთვის” იარაღის დარიგების და მათგან სპეციალური შეიარაღებული ნაწილის შექმნის იდეით გამოდიოდნენ. შარშან ზაფხულში ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.

იმ მოვლენებიდან 6 თვის თავზე უკვე ქართველი “ავღანელები” იმუქრებიან პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებით, თუ არ გაათავისუფლებენ რამდენიმე თვის წინათ გატაცებულ მამა ბასილს და ახმედ ხალილოვს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას და შინაგანი ჯარების საგუშაგოების ხეობის სიღრმეში გადატანას. ცნობისთვის, ბასილ მაჩიტაძის გასათავისუფლებლად გამტაცებლები მილიონ დოლარს, ხალილოვისა კი – 500 ათას დოლარს ითხოვენ.

“ავღანელები” პანკისის ხეობის შესასვლელთან აქციას ორშაბათიდან აწყობენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “ავღანელები” საკმაოდ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში, სავსებით შესაძლებელია, აქცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. როგორც ჩანს, სიტუაციაში გასარკვევად უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ყველაზე კარგი ხერხი გამოიყენა - 10 იანვარს იგი იყო ახმეტაში , სადაც შეხვდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მისი განცხადებით,სიტუაცია იმაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.
XS
SM
MD
LG