Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქიტექტურული განუკითხაობის გამო ძველი თბილისი იუნესკოს ჩამონათვალში ვერ ხვდება


თბილისის ძველ, ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობის კანონიერება და მისი ესთეტიკური მხარე საზოგადოების მხრიდან სულ უფრო მკაცრი კრიტიკის საგანი ხდება.

10 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისის წარმომადგენლობაში გამართულ “ჟურნალისტთა ტრიბუნის” მორიგ შეხვედრაზე, რომელიც მეორე მხარის გამოუცხადებლობის გამო ცალ კარში თამაშს წააგავდა, თბილისის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს დედაქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის დამახინჯებასა და არქიტექტურულ უგემოვნობაში.

მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის თავმომწონე განცხადებისა, რომ ქვეყანაში მშენებლობის ნამდვილი ბუმია, ედუარდ შევარდნაძე სულ მალე იძულებული გახდა დაეარსებინა კიდევ ერთი ახალი “თორმეტკაცა”, რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ თბილისში მომრავლებული უკანონო მშენებლობისგან ძველი თბილისის იერსახის გადარჩენაა.

დასაცავი კი ამ თვალსაზრისით მართლაც ძალზე ბევრია. როგორც რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახა ტრაპაიძემ განაცხადა, თავის დროზე აბანოთუბანში დაწყებულმა მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობამ იმდენად დაამახინჯა ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიული რაიონის იერსახე, რომ ძველი თბილისი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვერ მოხვდა.

ისტორიული გარემოს შენარჩუნების საკითხი კიდევ რამდენიმე ძეგლთან დაკავშირებით დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
როგორც “ჟურნალისტთა ტრიბუნის” მორიგ სხდომაზე პარლამენტის ძველი უბნების ისტორიული იერსახის დაცვის კომისიის წევრმა გურამ შარაძემ აღნიშნა, უგემოვნო ხუროთმოძღვრული ნაგებობებით დაიფარა მამადავითის ისტორიული ძეგლი და აბანოთუბანი. მერიის სამსახურების ხელშეწყობით მიმდინარეობს ტროტუარებისა და პარკების პრივატიზებაც. ანუ თბილისს არქიტექტურული და ისტორიული იერსახის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

[გურამ შარაძის ხმა] “მარტო ერთი ფაქტი რად ღირს, რომ აგერ ბოტანიკური ბაღი, როგორც ცოცხალი ძეგლი ჩვენი უძველესი მონარქიული სახელმწიფოსი და მას, თურმე ერთი შეძლებული კაცი... პრივატიზებას ფიქრობს მისას და ბაღის ტერიტორიაზე შენდება რაღაც კატასტროფული ურჩხული, რომელსაც სასტუმროს უძახიან.”

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეძლებული კაცი, ვინც ამ “ურჩხულს” აშენებს, მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბორის ივანიშვილია, რომელმაც საჩხერის რაიონში გზებისა და საავადმყოფოს მშენებლობა დააფინანსა და კიდევ ბევრი კარგი საქმე აქვს ჩაფიქრებული. თანაც, ყოფილ კომკავშირის ხეივანში ივანიშვილის მიერ აშენებული ბიზნეს-ცენტრის შენობა ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ შედარებებს.

გარდა ამისა, როგორც გურამ შარაძეც აცხადებს, ჯერჯერობით საპარლამენტო კომისიის წევრებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს იმ მშენებლობების შეჩერება, რომელთა უკან მსხვილი კაპიტალის წარმომადგენლები დგანან. ერთადერთი, ვისაც მათ ამ დღეებში კისერი მოუგრიხეს, ფირმა “აბრეშუმის გზაა”, რომელიც მეტრო “რუსთაველის” მიმდებარე ქვის კედლის გასწვრივ, 5 წლით, შუშის კონსტრუქციების სავაჭრო პავილიონის დადგმას გეგმავდა. სანაცვლოდ ფირმა კისრულობდა ვალდებულებას, რომ მოაწყობდა მიწისქვეშა გადასასვლელს მეტროს სადგურის წინ, შეაკეთებდა ისტორიულ ქვის კედელს და ააშენებდა საპირფარეშოებს, რათა თბილისში მომრავლებულ უსახლკაროებს რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია არ წაებილწათ.

თუმცა, ქალაქის ისტორიული იერსახის დამცველების ზეწოლის შედეგად, თბილისის მთავარი მხატვარი იძულებული გახდა, მშენებლობა დროებით შეეჩერებინა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG