Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ოპოზიცია სკოლებში რუსულის სავალდებულო სწავლის წინააღმდეგ გამოდის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 9 იანვარს მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში დაახლოებით 50 ათასი კაცი გამოვიდა დემონსტრაციაზე სკოლებში რუსული ენის სავალდებულო საგნად შემოღების წინააღმდეგ.


დემონსტრაციაში, რომელიც ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, უმთავრესად ახალგაზრდობა, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ.

დემონსტრაციაზე სიტყვით რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოვიდა. ისინი მოუწოდებნენ თავშეყრილთ გაუწიონ წინააღმდეგობა, მათი სიტყვით, “რე-რუსიფიკაციას.” პროტესტებს ისინი “ეროვნული აღორძინების ტალღას” უწოდებნენ.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: “ჩვენ აღარ გვინდა ბოლშევიკი პრეზიდენტი”, “ძირს ბოლშევიკები,” ”ნუ გვჩრით ყელში რუსულ ენას”.

[დემონსტრანტების ხმები]

მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მშვიდობიანად ჩაიარეს კიშინიოვის მთავარ ქუჩაზე. ცნობები ძალადობის შესახებ არ ყოფილა.

დეკემბერში განათლების მინისტრმა ილიე ვანსეამ განაცხადა, რომ სკოლებში მეორე კლასიდან რუსული ენა სავალდებულო საგანი გახდება. გადაწყვეტილება ძალაში საზამთრო არდადაგების შემდეგ შედის.

გასული ზაფხულის მიწურულში მოლდავეთის პარლამენტმა, რომელშიც კომუნისტები დომინირებენ რუსულ ენას საგანგებო სტატუსი მიანიჭა. რუსულენოვან მოლდაველებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება მიეცათ.

შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომის წინ მოლდავეთი რუმინეთის ნაწილი იყო. დღეს რესპუბლიკის 4,5 მილიონიანი მოსახლეობის 65 პროცენტი ლაპარაკობს მოლდავურად, რაც ფაქტობრივად, იგივე რუმინიულია. 35 პროცენტი რუსულად მოლაპარაკეა. 1991 წელს, როცა მოლდავეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ოფიციალური ენა გახდა მოლდავური.

მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა და მისმა კომუნისტურმა პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლისას პირობა დადეს, რომ დაახლოვებენ რესპუბლიკას რუსეთთან და აღადგენენ დამოუკიდებლობის წინა პერიოდის ცხოვრების დონეს. დღეს მოლდავეთი ევროპის უღატაკესი ქვეყანაა. საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 30 დოლარია.

რუსეთთან დაახლოების მომხრე კომუნისტებს პარლამენტის 101 ადგილიდან ორი მესამედი უჭირავთ. ოპოზიცია, ფაქტობრივად, უძლურია. უფრო მეტიც, რუმინეთთან გაერთიანების იდეამ დაკარგა მიმზიდველობა. პრო-რუმინულმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 11 ადგილი მიიღო.

მიუხედავად თავისი მოკრძალებული ძალებისა, ეს პარტია აცხადებს, რომ იწყებს კამპანიას რე-რუსიფიკაციის წინააღმდეგ საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. პარტიის ლიდერმა ლურიე როშკამ თქვა:

[როშკას ხმა] “ჩვენ დავარიგეთ ანკეტები, ორგანიზებულ იქნა ხელმოწერათა შეგროვება მშობლებს, მოწაფეებსა და საერთოდ ყველა მოქალაქეს შორის, ვინც უჭერს მხარს ჩვენს ინიციატივას – მოლდავეთის რუმინულ სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის, როგორც სავალდებულო საგნის გაუქმებას.”

მთავრობა, როგორც ჩანს, არ მოელოდა მანიფესტანტების ასეთ დიდ რიცხვს. პრემიერ-მინისტრმა ვასილიე ტარლევმა განაცხადა, რომ თუ დემონსტრანტები წერილობით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, კაბინეტი გადასინჯავს თავის გადაწყეტილებას.

პროტესტებმა შეიძლება ეკონომიკური ხასიათი მიიღოს, თუ მას მასწავლებელთა კავშირი მიუერთდება ხელფასების 50 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით. დღეს მოლდაველი მასწავლებლის საშუალო თვიური ხელფასი 20 დოლარია.
XS
SM
MD
LG