Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამშვიდობო მისიის მანდატის საკითხი 2-3 დღეში გადაწყდება


აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

ედუარდ შევარდნაძის დაპირების მიუხედავად, 11 იანვარს შეკრებილ ეროვნულ უშიშროების საბჭოს სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი არ გადაუწყვეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბჭოს ეს მტკივნეული საკითხი არ განუხილავს. როგორც ჩანს, უშიშროების საბჭოზე სამომავლო გადაწყვეტილებისთვის ნიადაგი მომზადდა. საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 დღეში, უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.

ეროვნული უშიშრობის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში, 11 იანვრის სუსხიანი დღე დევნილებმა ქუჩაში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ გაატარეს. 300-მდე აფხაზეთიდან დევნილი, რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხის გადაწყვეტას ელოდა და სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციით, ეროვნული უშიშროების საბჭოზე ზეწოლას ცდილობდა. მაგრამ დევნილების მოლოდინი არ გამართლდა, უშიშროების საბჭომ სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხის გადაწყვეტა გადადო, თუმცა მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებს ეხებოდა.

მანდატისთვის ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა 2-3 დღეში დაიგეგმა, მანამდე პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებს, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შინაარსი გააცნო. უშიშროების საბჭოდან გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ საუბრის დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა. ასე რომ პუტინის და შევარდნაძის სატელეფონო კონსულტაციების შინაარსი უცნობი რჩება, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად ესაუბრებიან. რადგან ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინტენსიური სატელეფონო მოლაპარაკებები უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე აუცილებლად აისახება.

საგარეო საქმეთა მინისტრი სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციას გამორიცხავს და მისიის ფორმატის შეცვლის შესაძლებლობაზე საუბრობს, ამბობს, რომ სამშვიდობო ძალები აფხაზეთში ერთადერთ შემთხვევაში დარჩებიან, რაც ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსი “ცისფერჩაფხუტიანები” აფხაზეთში დარჩებიან.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “სამშვიდობო ოპერაცია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ისე, რომ იგი ემსახურებოდეს სამშვიდობო პროცესს, ლტოლვილთა დაბრუნების და პოლიტიკური მოლაპარაკების ხელშეწყობის საქმეს და არა იმას, რომ აფიქსირებდეს საზღვარს ქართველებსა და აფხაზებს შორის.”

“სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტმა შესაძლოა გადასინჯოს საკუთარი გადაწყვეტილებაო” – თქვა უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსულმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც არსებული არგუმენტების აწონ-დაწონისა და კარგად გააზრებული გადაწყვეტილების მიღების მომხრეა. ასე რომ სრულიად არაეფექტიანი სამშვიდობო მისიის აფხაზეთიდან გაყვანის თაობაზე ატეხილი აყალ-მაყალი ბლეფი აღმოჩნდა. 2-3 დღეში საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მას ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება არ შეუძლია. სიახლე მხოლოდ ის იქნება, თუ სამშვიდობო ძალების აფხაზეთის სიღრმეში, მდინარე ღალიძგაზე გადაყვანის საკითხი გადაწყდება. აფხაზეთიდან დევნილები კი პარლამენტის დადგენილების შესრულებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG