Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჯვრის კონცეფცია” და ორიენტაციული არჩევანი


ძველი და ახალი წლების გასაყარზე, როგორც წესი, საგანგებო ყურადღებას იქცევს ქვეყნისთვის, ოჯახისთვის თუ კონკრეტული ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები.

საქართველოსთვის არსებით საკითხად პოლიტიკური ორიენტაცია რჩება. დღეს “ჯვრის კონცეფციასა” და ორიენტაციულ არჩევანზე გესაუბრებით.

ეგრეთ წოდებული “ჯვრის კონცეფცია” სოციალისტური პარტიის მონაპოვარია. ვახტანგ რჩეულიშვილმა იგი გასული წლის მაისში გააცნო საზოგადოებას. ამ კონცეფციის თანახმად, საქართველო უნდა ესწრაფოდეს ორი საგარეო ვექტორის – აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის – ზედდებას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველო თანაბრად უნდა ჩაერთოს როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ინტეგრაციაში.

შვიდი თვის შემდეგ “ჯვრის კონცეფცია” თავიდან და საკუთრივ აღმოაჩინა ისტორიკოსმა, ეკონომისტმა, ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ, რომელმაც ვრცელი წერილი გამოაქვეყნა “დილის გაზეთის” საახალწლო ნომერში. ავტორს არ აქვს რუსეთის ან დასავლეთის იმედი და საკუთარი სამშობლოს იმედად ყოფნას ამჯობინებს. ციტატა: “ქართული ფენომენის მნიშვნელობა ისაა, რომ მან მიიღო ბევრი რამ აღმოსავლეთიდანაც, დასავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც; გადახარშა ყველაფერი და დარჩა თავისთავადი სულიერად”.

სამომავლოდაც ვაჟა ბერიძე ძველი გამოცდილების გაზიარებას გვირჩევს: “ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთთან, რადგან ეს ჩვენი მოწოდებაა; მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთთან, რომელიც გასაღების ერთადერთი ბაზარია და ენერგომატარებლების თითქმის ერთადერთი წყარო; ჩვენ უნდა ვიყოთ თურქეთთანაც, რადგან საქართველო თურქული მოდგმის ხალხებითაა გარშემორტყმული.”

ამგვარ ორიენტაციულ კონცეფციას, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან და ყველასთან, ხშირად მოისმენთ. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ცხადია, დაინტერესებულია, რომ ენერგეტიკული თუ ინფორმაციული ნაკადები გაატაროს რაც შეიძლება მეტი მიმართულებით. ეს ჩვენთვის ხელსაყრელი და სასარგებლოა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც გარემომცველ სამყაროს საკუთარ პირობებს ჰკარნახობს. საქმე სწორედ პირიქითაა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსაც და ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენსაც დასავლეთი აფინანსებს. დასავლეთს კი სურს, რომ საქართველომ თურქეთისკენ გაატაროს აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგომატარებლები.

სრულიად საპირისპიროა რუსეთის მიზნები: მას სურს, თურქეთის დიდი ბაზარი საკუთარი ენერგომატარებლებით აითვისოს და ამისათვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას აპირებს. დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს სწორედ “ჯვრის კონცეფციაში” ეჯახება და ედუარდ შევარდნაძეს სულ ორი არჩევანი აქვს: ან რაფინირებულად ითამაშოს რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების ზღვარზე, ან მკვეთრი არჩევანი გააკეთოს ერთ-ერთის სასარგებლოდ. ასე რომ, “ჯვრის კონცეფცია”, სინამდვილეში, უტოპიაა: ყველასთან ერთად ვერ ვიქნებით; საბოლოოდ, საქართველომ ან რუსეთი უნდა გააძლიეროს, ან მისი ოპონენტი ქვეყნები. ამიტომაც, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრება გაცილებით რთულიც კია, ვიდრე ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ.
XS
SM
MD
LG