Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა ელიავას თანამებრძოლების საქმის საკასაციო განხილვა


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ აკაკი ელიავას თანამებრძოლებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ბრალდება მოუხსნა.

ელიავას ორი თანამებრძოლისთვის, ზურაბ გვაზავასა და იოსებ სანაიასთვის ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მორალური მნიშვნელობა ჰქონდა. სამაგიეროდ, სასამართლოს მიერ სრულად გამართლებულ გია ზარქუას უფლება მიეცა, საპატიმროში გატარებული ერთი წლისთვის სახელმწიფოსგან ზიანის ანაზაურება მოითხოვოს.

რადიომსმენელს შევახსენებთ, რომ ელიავას სამი თანამებრძოლის მიმართ განაჩენი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 21 ოქტომბერს გამოიტანა. გია ზარქუას კოლეგიამ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ბრალდებით ორწლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანა, იოსებ სანაიას უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზურაბ გვაზავას კი ხსენებულ ბრალდებებზე კიდევ ერთი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაუმატა და სასჯელიც 4 წლით განუსაზღვრა.

საკასაციო ინსტანციამ სამივე მსჯავრდებულს მოუხსნა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ბრალდება, ხოლო სხვა ბრალდებები უცვლელი დატოვა. შესაბამისად, პალატის თავმჯდომარის მერაბ ტურავას მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ორი მსჯავრდებულის მიმართ მხოლოდ მორალური მნიშვნელობა ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით ზარქუაზე: [მერაბ ტურავას ხმა] “მიეცეს უფლება სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-213-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით”.

სასამართლოს მიერ სრულად გამართლებული გია ზარქუა აპირებს ამ უფლებების გამოყენებას, ოღონდ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, რა რაოდენობით თანხას მოითხოვს და არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან უნდა მოითხოვოს: [გია ზარქუას ხმა] “მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვ – უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებოდი 1 წელი. ჩვენ ვიყავით საქართველოს ვეტარანთა კავშირის წევრები. ჯერჯერობით არა მაქვს გადაწყვეტილი, რა მოცულობით თანხას მოვითხოვ. საზღაურს ალბათ პროკურატურისგან მოვითხოვ – საქმე იმან აღძრა”.

პროცესის შემდეგ გვაზავამ და სანაიამ განაცხადეს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, გვაზავას თქმით, გარკვეულ შეღავათს ისინი მაინც მოელოდნენ: [ზურაბ გვაზავას ხმა] “ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, პოლიტიკური დაკვეთა. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, მე მგონი, ეს განაჩენი… მე, მაგალითად, არ მქონდა იმედი… შეიძლება რაღაც დაეკლოთ, მაგრამ ისე, რომ ჩვენ გავემართლებინეთ, ამის იმედი არ გვქონდა ნამდვილად. ჩვენ ვიცით, რა სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ და სადაც ვცხოვრობთ”.

შეღავათის მოლოდინი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელს ლევან კენჭაძეს თანამდებობა დაატოვებინეს. სწორედ ლევან კენჭაძე ხელმძღვანელობდა 2000 წლის 9 ივლისს ზესტაფონში ჩატარებულ ოპარაციას, რომლის შედეგადაც აკაკი ელიავა მოკლეს, მისი სამი თანამებრძოლი კი დააკავეს. განსასჯელებს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციით გასამართლების დროს თავად სახელმწიფო ბრალმდებელმა, გენერალური პროკურორის თანაშემწემ კახა მაჭავარიანმა მძევლის ტერორისტული მიზნით აყვანის ბრალდება მძევლის აყვანის ბრალდებით შეუცვალა, მოსამართლე ლოტბერდ კუპატაძემ კი ესეც არ გაიზიარა და იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის რუბენ ასანიძისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ბრალდებას “პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის” კვალიფიკაცია მისცა. ადვოკატი სევდია უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ თავად ეს ბრალდებაც არ იყო დასაბუთებული: [სევდია უგრეხელიძის ხმა] “პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და იარაღის უკანონო ტარება არ იყო დასაბუთებული, საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა და, ამიტომ, შეიძლებოდა სასჯელის შემცირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა”.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ აკაკი ელიავა და მისი თანამებრძოლები 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების შედეგად შეწყალებულნი იყვნენ და თბილისში, როგორც თანამგზავრებისთვის თავად ელიავას უთქვამს, ვიღაც მაღალი თანამდებობის პირთან შესახვედრად მოდიოდნენ, მაგრამ მცხეთაში მათ ისევ უკან გაბრუნების ბრძანება მიიღეს. დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ეს მაღალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ქალაქის პოლიციის უფროსი კახა ბაკურაძე იყო, მთელი ამ ოპერაციის მიზანს კი ელიავას ლიკვიდაცია და თანხმობის პროცესისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG