Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტის გარღვევას შემოსავლების სამინისტროს აბრალებს


ცენტრალური ბიუჯეტის მსგავსად, 2001 წელს გარღვევას ვერც თბილისის ბიუჯეტი გადაურჩა.

მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების კუთხით გასულ წელს დედაქალაქის მოსახლეობას 7 მილიონი ლარი დააკლდა, რის გამოც თბილისის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შეემცირებინა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამები. ვითარებიდან გამოსავალს დედაქალაქის საკრებულოს წევრები მუნიციპალური საგადასახადო სამსახურის შექმნასა და თბილისის ბიუჯეტში ზოგიერთი სახის გადასახადის დაბრუნებაში ხედავენ.

მაკროეკონომიკური გათვლებით, საქართველოს მთლიანი ბიუჯეტის ორი მესამედი თბილისის ტერიტორიაზე აკრეფილი გადასახადებით ივსება. მიუხედავად ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქის მოსახლეობას საგადასახადო შემოსავლების სახით 23 მილიონი ლარი დააკლდა.

თბილისის მერიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო წელს ბოლომდე კვლავ ვერ მოხერხდა ბევრი კარგი ჩანაფიქრის რეალიზება. კერძოდ, დაუფინასებელი დარჩა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მუნიციპალური პროგრამა, ვერ დაიფარა “საქაგაზის” მიმართ დავალიანება, რის გამოც ზამთრის დარჩენილ თვეებში მოსახლეობის გაზით მომარაგება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თბილისის ბიუჯეტის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანას კი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “თბილისელის” თავმჯდომარე დავით გელაშვილი ქვეყანაში გადასახადების აკრეფის არსებულ მოდელს აბრალებს.

[დავით გელაშვილის ხმა] “დღეს საგადასახადო სამსახურები არიან აბსოლუტურად პასუხისმგებელი ცენტრალური ხელისუფლების, მათ შორის პირველ რიგში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინაშე. და არანაირ ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ისინი არ გრძნობენ. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი საგადასახადო სამსახურის ინსპექტორი ზრუნავს იმაზე, რომ შეასრულოს ის პარამეტრი, რომელიც მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში.”

რთული ვითარებიდან გამოსავალს საკრებულოს წევრები მობილიური მუნიციპალური საგადასახადო სტრუქტურის შექმნასა და ზოგიერთი სახის, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის თუნდაც 15% ის თბილისის ბიუჯეტში დაბრუნებაში ხედავენ.
[დავით გელაშვილის ხმა] “ თუ ჩვენ იმ გადასახადების კონტროლის ბერკეტი არ გვექნა, რომლიდანაც ასი პროცენტის ანარიცხი შემოდის დედაქალაქის ბიუჯეტში, მაშინ დანარჩენის კონტროლის მექანიზმი ექნება ისევ შემოსავლების სამინისტროს, რომელიც ისევ გააგრძელებს იგივე გზას და დედაქალაქს გაცილებით მეტ თანხებს დააკლებს”

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მიხეილ მაჭავარიანის მინისტრობის დროს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან დაწყებული კონსულტაციები უშდეგოდ დამთავრდა. როგორც გაირკვა, თბილისის საგადასახადო სტრუქტურის შექმნის იდეას ჯერჯერობით არც ახალი მინისტრი იზიარებს.

რაც შეეხება გადასახადების უკან დაბრუნებას: ლევან ძნელაძე თანახმაა, თბილისის მერიას მხოლოდ ორი სახეობის - მიწისა და ქონების გადასახადების გამოყენების ნება დართოს. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების სამინისტროს ცენტრალურ ბიუჯეტში იმ თანხების მობილიზებაც გაუჭირდება, რომლითაც ხელისუფლების ორგანოები დაცული მუხლების დაფინანსებასაც ძლივს ახერხებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG