Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა შუა აზიაში?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთში ანტიტერორისტული კამპანიის მსვლელობაში შეერთებულმა შტატებმა მოახერხა შუა აზიაში შეღწევა, ახლა კი იქ თავისი სამხედრო ყოფნის კონსოლიდაციას აპირებს.

პენტაგონმა ანტიტერორისტული კამპანიის საწყის ფაზაშივე დაიწყო ყირგიზეთისა და უზბეკეთის გამოყენება სამხედრო ოპერაციების ლოგისტიკისთვის. ამ ქვეყნების ტერიტორიების გავლით, შეერთებული შტატები ავღანეთს ჰუმანიტარულ დახმარებასაც აწვდიდა.ყაზახეთმა და ტაჯიკეთმა კი შეერთებულ შტატებს თავიანთი საჰაერო სივრცე დაუთმეს.

2000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება დღეს შუა აზიაში, უმთავრესად უზბეკეთში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ხანაბადის საჰაერო ბაზაზე. ამ ორი კვირის წინ უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა თქვა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები იქ განუსაზღვრელი დროით დარჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია დასასრულს უახლოვდება, პენტაგონი სამხედრო აჭურვილობით ამაგრებს ყირგიზეთის მანასის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც დედაქალაქ ბიშკეკიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გასულ თვეში, ყირგიზეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელ სამხედროებს ერთი წლით მიეცათ მანასში ყოფნის უფლება.

შუა აზიაში ვაშინგტონის სამხედრო კონსოლიდაციაზე მიუთითებს გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსში” 10 დეკემბერს გამოქვეყნებული ცნობა, რომ შეერთებული შტატები აპირებს როტაციის წესით, ექვს თვეში ერთხელ, ჯარების განახლებას, ტექნიკური დახმარების გაზრდას და შუა აზიის ქვეყნებთან ერთად სამხედრო წრვთნების ჩატარებას.

რა მიზნებს ისახავს ვაშინგტონი? ამერიკელი მიმომხილველების აზრით, რეგიონში შეერთებული შტატების ძალების ხანგრძლივად ყოფნის მიზანია, თალიბანისა და “ალ ყაიდის” შესაძლო აღორძინების თავიდან აცილება, აგრეთვე, ქაბულში განთავსებული საერთაშორისო უშიშროების ძალების დაცვა.

მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკა უფრო შორეულ მიზნებსაც ისახავს. როგორც სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ჯონსმა აღნიშნა, ბუშის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების მუდმივი ყოფნა შუა აზიაში ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

უზბეკეთი და ყირგიზეთი ამერიკისგან ეკონომიკურ დახმარებას მოელიან. დეკემბერში უზბეკეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ გაზეთებში დაიწერა, რომ ვაშინგტონი ტაშკენტს 150 მილიონი დოლარის ოდენობის სესხების მიცემას დაპირდა.

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ქურმანბეკ ბაკიევმა კი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ოქროს საბადოს შეადარა.

მაგრამ ყირგიზეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა კაბაი ყარაბეკოვმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ჟან-კრისტოფ პეკთან საუბარში თქვა, რომ მთავარია გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები, და არა დღევანდელი ფინანსური მოსაზრებები.

სიტუაცია შუა აზიაში ცვალებადია და ამერიკა კი არა, სწორედ ყირგიზეთი შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხეშიო, აღნიშნა ყარაბეკოვმა.

მისი თქმით, ყირგიზეთში ბევრი შიშობს, რომ სიტუაცია ავღანეთში კიდევ დიდხანს იქნება არასტაბილური; ყირგიზებს იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატების ჯარები არ დაუშვებს, რომ მტრულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთონ საზღვარი.

სწორედ ავღანეთიდან ინტერვენციის შიში გამოიყენა მოსკოვმა მეზობელ ტაჯიკეთში თავისი სამხედრო ყოფნის გასამართლებლად. ამ რესპუბლიკის 1400 კმ-იანი საზღვრის გასწვრივ რუსეთს 20-ათასიანი ჯარი ჰყავს განთავსებული.

ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი დამოუკიდებელ სახელმწიოთა თანამეგობრობის კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების წევრები არიან. ამ ალიანსში შედიან აგრეთვე ბელორუსია და სომხეთი.

ხუთშაბათს, ალმა-ათაში კორესპონდენტებთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა გენადი სელეზნიოვმა თქვა, რომ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს უფლება არა აქვთ, მოსკოვის აზრის გაუთვალიწინებლად, საკუთარ მიწა-წყალზე შეუშვან უცხო ჯარები. “ჩვენ არ გვსურს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები აქ სამუდამოდ დარჩესო”, თქვა სელეზნიოვმა.

რით უპასუხებს მოსკოვი თავისი მოკავშირეების ურჩობას, არ არის ნათელი. ყარაბეკოვი აღნიშნავს, რომ მოსკოვმა ვერ გაუწოდა დახმარების ხელი ბიშკეკს, რომცა ქვეყანას “უზბეკეთის ისლამური მოძრაობა” დაემუქრა.
XS
SM
MD
LG