Accessibility links

logo-print

ბუში აფრთხილებს ირანს, რომ მან “ალ ყაიდა” არ შეიფაროს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს, 10 იანვარს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააფრთხილა ირანი, თავშესაფარი არ მისცეს “ალ ყაიდის” ტერორისტებს.

თუ ამ გაფრთხილებას თეირანმა ყური არ ათხოვა, მას, როგორც ჩანს, ვაშინგტონის რისხვა არ ასცდება. “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ვიცავთ პრინციპს: ან ჩვენს მხარეზე ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგო”, თქვა ბუშმა.

პრეზიდენტი გამოეპასუხა პენტაგონისა და სადაზვერვო სამსახურების ოფიციალური პირების ინფორმაციას, რომ ირანი სასაზღვრო ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ავღანეთში პოლიტიკური და სამხედრო გავლენის მოპოვებას ცდილობს.

ირანი, ნათქვამია ინფორმაციაში, შეშფოთებულია ქაბულის გარდამავალი მთავრობის პროდასავლური ორიენტაციით. “ირანს სურს, რომ ავღანეთი დარჩეს ისლამურ სამყაროში და არ გადაიქცეს, თურქეთის მსგავსად, სეკულარულ ქვეყნადო,” თქვა ერთმა სამხედრო ექსპერტმა.

“თუ ირანი ამა თუ იმ გზით შეეცდება ავღანეთის მთავრობის დესტაბილიზაციას, კოალიციას მასთან ექნება საქმე. პირველ ეტაპზე ეს იქნება დიპლომატიური ნაბიჯები,” თქვა ბუშმა 10 იანვრის გამოსვლაში.

ხუთშაბათს ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ რეიტერის სააგენტოს უთხრა: “ჩვენი საზღვრები გადაკეტილია და ირანის ისლამური რესპუბლიკა არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს ქვეყანაში “ალ ყაიდის” წევრებს, მებრძოლებსა თუ მხარდამჭერებს.” ასეფიმ თქვა, რომ ირანი არ ცდილობს ჩაერიოს ავღანეთის საშინაო საქმეებში ან თავზე მოახვიოს ისლამური სისტემა ქაბულის მთავრობას. “ავღანელმა ხალხმა თვითონ უნდა განსაზღვროს თავისი მომავალიო,” აღნიშნა მან.

ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციითკი,
ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჰერატის მახლობლად შეღწეული ირანის აგენტები ემუქრებიან და ქრთამავენ ადგილობრივ ტომთა ლიდერებს, რათა მათ ახალ სისტემას ძირი გამოუთხარონ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თქმით, ავღანეთის ომის მსვლელობაში ირანი ეხმარებოდა ამერიკას.

ირანი ცდილობს მოანაწილეობა მიიღოს ავღანეთის აღდგენაში. ამ კვირაში, გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე თეირანში ჩავიდნენ ავღანელი ბიზნესმენები, მეწარმეები და მეცნიერები ჩავიდნენ და განიხილეს ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სამასახურების განვითარების საკითხები.

ირანი ვაშიგტონისტთვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა, თუ ანტიტერორისტული კამპანია ავღანეთის ფარგლებს გასცდება. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანს იმ ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად ეხმარებიან ტერორიზმს. ირანი ეხმარება პალესტინელთა ჯგუფებს “ჰამასსა” და “ ისლამურ ჯიჰადს,” და, აგრეთვე, ლიბანის დაჯგუფება “ჰეზბოლას.” ეს უკანასკნელი 1980-იანი წლებიდან მოყოლებული აწარმოებს ტერორისტულ საქმიანობას ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG