Accessibility links

logo-print

უკრაინა ადასტურებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართვის მზადყოფნას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ჩიხში შესული პროცესის გამოცოცხლების ერთერთ მნიშვნელოვან საშუალებად

ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას თვლის. თუმცა, არავინ უარყოფს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის აუცილებლობასაც. სხვა საკითხია, რომ რუსი ცისფერჩაფხუტიანების “ჩანაცვლების” სურვილს ბევრი არავინ აცხადებს.

ის თითზე ჩამოსათვლელი სახელმწიფო კი, ვინც უკვე რამდენიმე წელია, მზადყოფნას აცხადებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, თვით სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის ჩათვლით, ამისთვის გარკვეულ წინაპირობებს აყენებს . 12 იანვარს შორეულ ქუვეითისკენ მიმავალმა და თბილისში ერთი საათით შეჩერებულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანატოლი ზლენკომ, თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი მენაღარიშვილთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გაახმოვანა ოფიციალური კიევის პოზიცია, რომ უკრაინა მზად არის ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო ოპერაციაში გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და გაეროს ეგიდით.

მეორე სახელმწიფო, რომელიც ასევე მზადყოფნას აცხადებს, თავისი სამშვიდობო ნაწილები მიავლინოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, თურქეთია. მართალია, თავად თურქეთის ხელისუფლება რაიმე წინაპირობას არ აყენებს, მაგრამ იმისთვის, რომ თურქი ცისფერჩაფხუტიანები აფხაზეთის კოფნლიქტის ზონაში განლაგდნენ, ასევე აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება. სხვათაშორის, 1994 წლის მარტში, მანამ, სანამ კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით რუსეთის სამშვიდობო ნაწილები გაიგზავნა, გაეროში ვიზიტით მყოფმა ედუარდ შევარდნაძემ ვერ დაარწმუნა გაეროს ხელმძღვანელობა, აფხაზეთში საერთაშორისო სამშვიდობო ნაწილების გაგზავნის აუცილებლობაში. ასე რომ, გარკვეულწილად, დსთ-სთვის მიმართვა, ოფიციალური თბილისისთვის იძულებითი ნაბიჯიც იყო.
10 აინვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა შენიშნა, რომ ოფიციალური თბილისის მცდელობები, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის მივლინების თაობაზე ჯერჯერობით უშედეგოა. მეორე მხრივ, არც ის დაუმალავს, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანა ავტომატურად გამოიწვევს გაეროს მეთვალყურეების მიერ კონფლიქტის ზონის დატოვებას. არადა, თავის დროზე ოფიციალურ თბილისს დიდი ძალისხმევა დასჭირდა გაეროს უშიშროების საბჭოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად.
რაც შეეხება უკრაინას: გარდა პოლიტიკური მოტივისა – უკრაინას არ სურს დსთ-ს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა, სავარაუდოა, რომ ოფიციალურ კიევს პრაგმატული მიზეზიც ამოქმედებდეს. საქმე ის გახლავთ, რომ გაეროს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს ამ ოპერაციის გაეროს მიერ დაფინანსებას მაშინ, როცა თუნდაც დსთ-ს დროშით მოქმედება თანადაფინანსების აუცილებლობას ნიშნავს. მატერიალური თვალსაზრისით კი დალხინებული ცხოვრება არც უკრაინას აქვს.
XS
SM
MD
LG