Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაპირველად, იმის შესახებ, თუ რას წერდა კვირის მიწურულს საქართველოს პრესა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი თავდაპირველად, იმის შესახებ, თუ რას წერდა კვირის მიწურულს საქართველოს პრესა ახმეტის რაიონში შექმნილი ვითარების შესახებ.

12 იანვრის გაზეთი "ახალი თაობა" იმოწმებს სააგენტო "მედია-ნიუსის" ინფორმაციას, რომ "საქართველოს ავღანელთა კავშირის" მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი პანკისის ხეობაში გატაცებული მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხეობაში საქართველოს იურისდიქციის განმტკიცებასა და შინაგანი ჯარების ბლოკპოსტების სოფელ მატანიდან პანკისში გადატანას მოითხოვენ.

12 იანვრის გაზეთ "რეზონანსის" თქმით:

პანკისის ხეობის მიმდებარე სოფლები საპროტესტო აქციების ალშია გახვეული. "ავღანელები" კვლავ ალავერდის ტაძართან არიან დაბანაკებულნი. ახმეტის ცენტრში საკრებულოს თავმჯდომარეებმა მოსახლეობასთან ერთად პიკეტი მოაწყვეს. სოფელ ალვანში (სადაც ალავერდის ტაძარია) ყველაზე დიდი აქცია მოეწყო. მოსახლეობა ამდენი გატაცებებითა და ქურდობით გადაიღალა.
წერილში მოყვანილია დეპუტატ ვანო მერაბიშვილის სიტყვები:" მე ძალიან მიკვირს, აქამდე რატომ არ გამოვიდა ხალხი და არ მოაწყო საპროტესტო აქციები. მე არ ვიცი, უნდა თუ არა პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის გუნდს ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ფაქტია, რომ პანკისში სიტუაციის დასაწყანარებლად არაფერი კეთდება."

11 იანვრის გაზეთი “რეზონანსი” კი წერს, რომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში “ხავერდოვნი რევოლუცია” გრძელდება. 10-იანვარს ორი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა. უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა შვებულებაში მყოფი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ლევან კენჭაძე. პარლამენტარ კოტე კემულარიას თქმით, კენჭაძე პანკისის ხეობის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ამხილეს გატაცებულმა ესპანელმა ბიზნესმენებმა. თანამდებობა დატოვა აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გენერალმა დემურ მიქაძემ.

შემდეგ “რეზონანსი” აღნიშნავს, რომ:

მართალია, ლევან კენჭაძე საზოგადოებას საგზაო პოლიციის უფროსოს ამპლუაში უკეთ ახსოვთ, ვიდრე ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი უშიშრისა, მაგრამ მან ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად საკმაოდ დიდ ხანს გაძლო. მან ამ პოსტზე ნიჭიერი და პერსპექტიული გიორგი ალექსიძე შეცვალა. ალექსიძე ქუთათელაძის პირად ამბიციებს და მასთან დაპირისპირებას გადააყოლეს.
ლევან კენჭაძე, ცენტრის უფროსობისას დიდ დროს ატარებდა რესტორნებში და პანკისის ხეობაში. ტერორიზმი კი საქართველოში ნელ-ნელა გაიფურჩქნა.
თუმცა, მისი გადაყენების ოფიციალური საბაბი პირადი განცხადება გახდა.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორძემ “რეზონანსს” განუცხადა, რომ პანკისელები ვეფხია მარგოშვილის მკვლელობასა და ესპანელი ბიზნესმენების გამოსყიდვას ლევან კენჭაძის სახელს უკავშირებენ. გაზეთის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ გათავისუფლებულმა ესპანელებმა ესპანურ გაზეთებში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათ გატაცებაში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება, დემურ მიქაძის გადადგომას: “რეზონანსი” წერს, რომ, იუსტიციის მინისტრი გადადგომის მიზეზად მიქაძის პირად განცხადებას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაგროვილ პრობლემებს ასახელებს, მაგრამ, გაზეთის თქმით, მიქაძის წასვლა სხვა მიზეზებმა განაპირობა. თუმცა, “რეზონანსის” მიერ სარწმუნო წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის გადმოცემა შორს წაგვიყვანდა. გაზეთი, ამასთან არ გამორიცხავს, რომ მიქაძეც და კენჭაძეც შინაგან საქმეთა სამინსტროში გააგრძელებენ მუშაობას.

თამუნა
საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკაზეა საუბარი 12 იანვრის "დილის გაზეთის" ფურცლებზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს 11 იანვრის სხდომისაგან საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, სახელმწიფო კანცელარისათან შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილები რადიკალურ გადაწყვეტილებას-აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის გადაწყვეტილებას ელოდა.

გიგა
გაზეთი იხსენებს აფხაზეთიდან დევნილთა წინა აქციას, როცა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს გადაჭრით უთხრა-რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთიდან გავლენო.
წერილში აღნიშნულია, რომ ამჯერად, უშიშროების საბჭოს 11 იანვრის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძე აშკარად ლოიალური იყო რუსეთის სამშვიდობო ძალებისადმი და საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის პოზიტიურ მომენტებზე. "დილის გაზეთის" თქმით, ტენდენცია თადათან გაცხადდა და ის უფრო რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთში დარჩენისაკენ გადაიხარა. ამ ვითომ ორჭოფულ, მაგრამ უკვე გარკვეულ პოზიციას სხდომაზე ბევრი მხარდამჭერი აღმოუჩნდა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. თავმჯდომარე იმ პარლამენტისა, რომელმაც სულ ახლახანს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

თამუნა
11 იანვრის გაზეთი “სპექტრი” წერს, რომ მომავალ კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ამა წლის ბიუჯეტის განხილვას შეუდგებიან. ჯერჯერობით პრაქტიკულად ყველა საპარლამენტო ფრაქციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები აქვს, მათ შორის ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირს”, რაც, გაზეთის აზრით, ერთგვარი სიახლეა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში.
“სპექტრი” წერს:

როგორც ჩანს, ამ გუნდმა ბიუჯეტის თემის პრივატიზებაც გადაწყვიტა და ამ მხრივ შესაბამისი, ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთეს დღევანდელმა თუ გუშინდელმა “მოქალაქეებმა”. აქცენტი ამჯერად სოციალურ საკითხებზე კეთდება-საპენსიო სისტემის რეფორმირება, დევნილთა დახმარებისა და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, უფასო სამედიცინო დახმარება. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” ერთი მილიარდ 65-მილიონიანი ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით გაზრდას მოითხოვს. ამ თანხაში შედის თავდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდაც.
მასწავლებლების, ჯარისკაცების თუ პენსიონერების პრობლემებზე ზრუნვა, რასაკვირველია, ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ საკითხავია, რამდენად რეალურია ამ თანხების ამოღება, მითუმეტეს, რომ ეს ერთი ფრაქციის მოთხოვნაა, სხვები კი დამატებით სხვა სფეროების დაფინანსებისთვის თანხების კიდევ გაზრდას მოითხოვენ.
როგორც პარლამენტარები ირწმუნებიან, ქვეყანაში არსებობს ამ თანხების ამოღების რესურსი, რაც შეეხება მექანიზმს-ამაზე კონკრეტულად ბევრი არაფერი თქმულა.

ამიტომ “სპექტრის” აზრით, ახლავე შეიძლება საკმაოდ მარტივი პროგნოზის გაკეთება-საბიუჯეტო განხილვა კიდევ ერთ პოლიტიკურ შოუდ იქცევა, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა ქულების ჩაწერას შეეცდება, ქვეყანა კი შედეგად არარეალურ და, ფაქტობრივად, კვლავ შეუსრულებელ ბიუჯეტს მიიღებს.

დაბოლოს შემოგთავაზებთ რამდენიმე მოსაზრებას 10 იანვრის გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში” გამოქვეყნებული წერილიდან, რომლია ავტორია ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ავტორის თქმით:

ნორმალურ საზოგადოებად-სადაც ყველა რაღაცას ქმნის და ყველა რაღაცას მოიხმარს- ჩამოყალიბების ნაცვლად, საქართველო ფეოდალურ სისტემად ჩამოყალიბდა, სადაც მდიდრები ერთეულები არიან, ხოლო დანარჩენი ხალხი-მათი სასახლეების კალატოზები, ხუროები და მლესავები, მათი შვილების ინგლისურისა და კომპიუტერის რეპეტიტორები, მათი ცოლების სამოდელო სახლების მანეკენები, მათი მუცლის მეხაშეები და მეხინკლეები.

იმათთვის კი, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს, მისაბაძი- მდიდრებივით ფულის დაუნანებელი ხარჯვაა. ისიც კი, ვინც დღეში მხოლოდ ხუთიოდ ლარს აკოწიწებს, შემოსავლის დიდ ნაწილს “კილკასა” და იაფფასიან არაყში ტოვებს, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია, რადგან ისიც “ჭამის ეკონომიკაში” ცხოვრობს. თეთრის თეთრზე დადება და “ჭამის ეკონომიკიდან” “დაგროვების ეკონომიკაზე” გადასვლა ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ უჭირს.

და აქ მივადექით მთავარს: მოქალაქეს, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ქეიფში ანიავებს ნაშოვნ (როგორ ნაშოვნს-ეს შემოსავლის მიხედვით) ფულს, ვერანაირად ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე ფიქრის უნარი.

ღარიბი, რომელიც მისსავე ჯიბიდან პარვით გამდიდრებულს ბაძავს ცხოვრების წესით, პრაქტიკულად, უვადოდ ამკვიდრებს საკუთარ მონობას და სხვების ბატონობას.

ამიტომ საქმეს რევოლუცია, გადატრიალება ან, თუნდაც, ვიღაცის გადადგომა კი არ უშველის, არამედ სამოქალაქო ომი-ომი არა კონკრეტულ პიროვნებებთან, არამედ ცხოვრების წესთან, ქურდულ მენტალიტეტთან, ყველაფრისადმი შემგუებლობასა და პატიებასთან.
XS
SM
MD
LG