Accessibility links

logo-print

სამბოს, ჭიდაობის სხვა სახეობებთან შედარებით, მოკრძალებული


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი სამბოს, ჭიდაობის სხვა სახეობებთან შედარებით, მოკრძალებული,

მაგრამ საინტერესო ისტორია აქვს. თავდაპირველად ერთ შარშანწინდელ ამბავს გავიხსენებ, უპრეცედენტოს და მეტად დამაფიქრებელს: საქართველოს სამბისტებმა, სპორტსმენებმაც და მწვრთნელებმაც, ფალავანთა კლუბში შიმშილობა გამოაცხადეს, რათა ხელისუფალთა ყურადღება მიეპყროთ და კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ფული მოეთხოვათ. ამ აქციის მოთავედ სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი ოლეგ იაძე მოგვევლინა.

[ოლეგ იაძის ხმა] “ეს ყველაზე მეტად მე არ მჭირდებოდა. მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა, რომ ეროვნულ ნაკრებს მიემართოს შიმშილობის აქციისთვის – გამიშვით ევროპის ჩემპიონატზეო. მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. დეპარტამენტმა უარი განგვიცხადა, მივმართეთ ბიზნესმენებს – უარი. სუყველასთან ვიყავი, პარლამენტის შესაბამის კომისიაში, ბატონ ამაღლობელთან – უარი. ვიყავი დაზმირ ჯოჯუასთან, კანცელარიაში – უარი იქიდან”.


სხვათა შორის, სამბისტთა მაშინდელმა თავგამოდებამ შედეგი გამოიღო: საქმეში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერია, ფულიც უმალ გაჩნდა და რაც მთავარია, ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე, სამ ასაკობრივ ჯგუფში, 18 მედალი აიღეს. საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, სამბისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს: მოზრდილთა მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებულია 60 მედალი, მათ შორის – 13 ოქროსი; ევროპის ჩემპიონატზე – 44 მედალი, 5 ოქროსი. გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამჯერ გაიმარჯვა ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ პირველობაში. სხვა საქმეა, რომ ამ გამარჯვებებს დიდი აჟიოტაჟი და ზარ-ზეიმი არ მოჰყოლია. მოგეხსენებათ, სამბო არაოლიმპიური და, მაშასადამე, ნაკლებად პოპულარული სახეობაა. როგორც ჩანს, გასათვალისწინებელია სამბოს რუსულ-საბჭოური წარმომავლობაც. ბოლშევიკთა ძალისხმევით და სოვნარკომის 1938 წლის ბრძანებულებით ჭიდაობის ახალ ნაირსახეობად გამოცხადებულ სამბოს, უწინარესად, სამხედრო-თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით, საერთაშორისო აღიარების ამბიციაც გაჩნდა. ჯერ ეგრეთწოდებულ სოცბანაკის ქვეყნებში გავრცელდა, მერე – რამდენიმე დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში. სამბომ საქართველოში სწრაფად მოიკიდა ფეხი, რადგან ქართველთათვის ჩოხით ჭიდაობა ბუნებრივი იყო, თანაც, სამბოს არსენალში ქართული ჭიდაობის არაერთი ილეთი შევიდა. სოფლის ნახერხმოყრილ საჭიდაოზე დაოსტატებულ ფალავნებს უფრო დიდ სარბიელზე გასვლის პერსპექტივა გაუჩნდათ და ბევრმა ეს შანსი წარმატებით გამოიყენა, მათ შორის – არსენ მეკოკიშვილმა, ანზორ კიკნაძემ, დურმიშხან ბერუაშვილმა, ანზორ ქიბროწაშვილმა და სხვა ცნობილმა მოჭიდავეებმა. სამბოს ქართული სკოლის ფუძემდებელთა შორის უპირველესად მოიხსენიებენ ილია თომაშვილს, შალვა ნოზაძეს, ილია ტყლაშაძეს, ქრისტეფორე ნინიაშვილს. ბატონი ქრისტეფორე 23 წლის მანძილზე სათავეში ედგა საქართველოს ნაკრებს, დღეს კი მის საქმეს ოლეგ იაძე აგრძელებს – ენერგიული ახალგაზრდა კაცი, რომელიც პირდაპირ და მოურიდებლად საუბრობს სამბოს პრობლემებზე. მაგალითად იმაზე, რომ ელემენტარულ ყურადღებას მოკლებულია სამბოში მოვარჯიშე სამი ათასზე მეტი მოზარდი და მათი ასამდე მწვრთნელი, რომელთა უმრავლესობას 1997 წლიდან ხელფასი ვერ აუღია.

(ოლეგ იაძის ხმა) “შეიძლება დაისვას კითხვა: მაშ, როგორ ცხოვრობთ? მათხოვრობით. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, მერამდენე წელია, სამბო და მე მგონი, მარტო სამბო არა-სხვაც ასეა, ოლიმპიურ სახეობებშიც ასეა, ესე იგი, ვერ გამოვდივართ საზეიმო გახსნაზე, სადაც ესწრება იმ ქალაქის მერი, სადაც ტარდება, ესწრება სპორტის მინისტრი იმ ქვეყნისა – ეს საფრანგეთია, ინგლისია, ესპანეთია. რატომ არ გამოვდივართ, იცით? ფორმა არა გვაქვს ერთიანი, რასაც ეწერება GEORGIA, ვთქვათ, სამბო, GEORGIA, ძიუდო. ფორმა არა გვაქვს, ზოგს ლურჯი აცვია, ზოგს წითელი, მწვანე და სირცხვილია. არადა, როგორ ახერხებს, სომხეთი, როგორ ახერხებს მოლდავეთი, ჩვენზე ღარიბი ქვეყნები, როგორ ახერხებენ”.


საქართველომ ისიც ვერ მოახერხა, რომ ვანო გამხიტაშვილის სახელობის ტურნირისთვის ემასპინძლა. არადა, სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ფალავანის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალი გზის ჩემპიონის განსაკუთრებული დამსახურება გაითვალისწინა და “ა” კატეგორიის საერთაშიორისო ტურნირი დააწესა. თბილისში გასამართი შარშანდელი შეჯიბრება, უსახსრობის გამო, ჩაიშალა და სავარაუდოა, რომ წლევანდელსაც იგივე დაემართოს. საქართველოს სამბოს ფედერაციას ჯერ საჯარიმო თანხის – ორი ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს, მერე კი ტურნირისთვის აუცილებელი ორმოცი ათასი ლარის შოვნა. გაურკვეველი და ბუნდოვანია თვით საქარველოს ნაკრების მომავალი. ოლეგ იაძე შიშობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ეჭვქვეშ დადგება წლის უმთავრეს შეჯიბრებებში მონაწილეობაც.

(ოლეგ იაძის ხმა) “რომ მივიღოთ მარტო მონაწილეობა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებში და ჩემპიონატებში, ჭაბუკები, ახალგაზრდები, დიდები – აი სამივე შეჯიბრზე, ჩვენ გვინდა დაახლოებით ას ორმოცი ათასი ლარი. ეს ას ორმოცი ათასი ლარი წყალში გადაყრილი იქნება, თუ შეკრების გარეშე გავუშვით სპორტსმენი. მე ხშირად მითქვია ამაზე სპორტის დეპარტამენტში. აქ უნდა მთავრობამ შეცვალოს თავისი გეზი და სპორტს უნდა მისცეს ის, რაც საჭიროა. ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულიაო. რატომ დაივიწყეს ეს ლოზუნგი. აი, დღეს სპორტსმენს, მე მსოფლიოს ჩემპიონები მყავს – ბადრი ჯანიაშვილი და იოსებ ახალბედაშვილი. თავი იმიტომ გაანებეს სპორტს, რომ ელემენტარული არ ჰქონდათ და ოჯახი რომ შეენახათ, წავიდნენ ახლა და რაღაცა თავიანთ პირად ბიზნეს ეწევიან. ასეთ ხალხს რომ ქვეყანამ ზურგი შეაქცია, ამიტომ ვართ ჩვენ ასეთ დღეში”.

ოლეგ იაძეს შიმშილობაზე და მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ სამბისტები, თუ საჭირო გახდა, ალბათ, ამჯერადაც არ დაიხევენ უკან.
XS
SM
MD
LG