Accessibility links

logo-print

უშიშროების ახალი მინისტრი და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ქართული სპეცსამსახურების ახალ კონცეფციას ქმნიან


უშიშროების ახალ მინისტრ ვალერი ხაბურძანიას მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად.

საზოგადოების ნდობა სპეცსამსახურების სისტემისადმი, რომელიც თავის საქმიანობაში ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის ფორმებსა და მეთოდებს იმეორებს, ნულოვან დონეზეა. გარდა ამისა, პერმანენტულად ფეთქებადსაშიში სიტუაცია პანკისის ხეობაში, საერთაშორისო ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დანაშაულის მომძლავრება ნათლად ცხადყოფს, რომ არსებული სახით საქართველოს სპეცსამსახურები ვერ უზრუნველყოფენ ეროვნული უშიშროების პოლიტიკის გატარებას, ნათქვამია ეროვნული ანტიკორიუფციული ბიუროსა და უშიშროების ექსპერტების მიერ შემუშავებული კონცეპციის პროექტში.

რეფორმატორული იმიჯის მქონე ვალერი ხაბურძანიამ მინისტრობა სისტემაში ენერგიული საკადრო წმენდით დაიწყო. კვირის დასაწყისში მან თანამდებობა უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის გავლენიან ხელმძღვანელს გენერალ ლევან კენჭაძეს და თბილისის უშიშროების უფროს ზაზა შუბითიძეს დაატოვებინა. პირველს პრესა ხშირად აკრიტიკებდა პანკისელ ტერორისტებთან ფარული კავშირების გამო. რაც შეეხება ზაზა შუბითიძეს, მის საქმიანობაში კორუფციული დანაშაულის ნიშნები ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ ჯერ კიდევ სექტემბერში აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად საქართველოში საკადრო ცვლილებას ხშირად მხოლოდ შესაკრებთა მარტივი გადაადგილების ეფექტი აქვს, ხაბურძანიას შემთხვევაში მაინც უფრო შორსმიმავალი მიზნები იკვეთება. ამის თქმის უფლებას იძლევა ორი ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი: ერთი თვე უშიშროების სამინისტროში მუშაობას შეუდგა სრულიად ახალი სტრუქტურა, რეფორმების ჯგუფი. პარალელურად კი ეროვნულ ანტიკორუფციული ბიუროში დასრულდა მუშაობა იმ დოკუმენტზე, რომელიც ეროვნული სპეცსამსახურის ჩამოყალიბების კონცეპტუალურ ასპექტებს შეიცავს.

კონცეპციის თანაავტორის, ანტიკორუფციული ბიუროს ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების ექსპერტ ანდრო გოცირიძის განმარტებით, დოკუმენტი გასული წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების ლოგიკური გაგრძელებას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბიუროს მაშინვე გააჩნდა თავისი მოსაზრება თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების შესაფერი სპეცსამსახურის შექმნის კონცეპტუალურ ასპექტებზე. თუმცა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ ქუთათელაძემ სამთავრობო სხდომაზე გამოთქმული კრიტიკა სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნია. ხოლო რამდენიმე დღეში უშიშროების სამინისტრომ გამოაქვეყნა გოგიაშვილის მოხსენების საწინააღმდეგო ტექსტი, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები საახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მუშაობას აწარმოებენო.

როგორც გოცირიძე აცხადებს, უშიშროების სამინისტროს მხრიდან ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტზე მუშაობა მაინც დაიწყო და, რაც მთავარია, მასში აქტიური მონაწილეობას უშიშროების წარმომადგენლებიც ღებულობდნენ.
[ანდრო გოცირიძის ხმა] “უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტზე მუშაობაში ჩართული იყვენენ სხვადასხვა რანგის ექსპერტები. მათ შორის მე გამოვყოფდი და ფასდაუდებელია წვლილი უშიშროების პოლკოვნიკის ბატონ ბესიკ ობოლაძის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული კონცეპცია საშუალებას იძლევა შეიქმნას ეროვნული სპეცსამსახური, რომელიც მოწოდებული იქნება დაიცვას პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები. სტრუქტურა სავსებით თავისუფალია საბჭოური სუკის ტოტალიტარული მიდგომისაგან”

ექსპერტების მიერ შემოთავაზებული სტრუქტურის თანახმად, ქართული სპეცსამსახურების ევალებათ არ რეჟიმის, არამედ პიროვნებისა და სახელმწიფოს დაცვა, რაც მათ წინაშე ისეთ სპეციფიკურ ამოცანებს აყენებს, როგორიცაა კორუფციის, საერთაშორისო ნარკობიზნესის, ტერორიზმისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის სტრატეგიული ეკონომიკური პოტენციალის დაცვა და სამხედრო კონტრდაზვერვა.

ხოლო არსებული სტრუქტურისა და მუშაობის მეთოდიკის დახასიათებას, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემდგომში უნდა შეიცვალოს სპეცსამსახურების ტერიტორიალური ორგანოები, რომლებიც თავის საქმიანობას პირადი შეხედულებებისა და ამბიციების ჭრილში წარმართავენ და ხშირად არავითარი კოორდინაცია არ გააჩნიათ ცენტრალურ დანაყოფებთან. ტერიტორიული დანაყოფების სანაცვლოდ შემოდის ახალი ცნება ეგრეთწოდებული “დაფარვის ზონები”, რომლებსაც სავარაუდო სპეცღონისძიებებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი განუსაზღვრავს.

[ანდრო გოცირიძის ხმა] “ანუ ჯერ უნდა განისაზღვროს ის საფრთხეები, რომლების არსებობს საქართველოში და ამის შემდეგ იქნება უკვე თითოეული რეგიონის პრობლემატიკის გამოყოფა და ამის შემდეგ ექნება თითოეულ რეგიონს მისთვის შესაბამისი სტრუქტურა”

ახალი სიტყვას წარმოადგენს უშიშროების სისტემაში კონტრაბანდასთან ბრძოლისა და საკუთარი უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბება. ეს უკანასკნელი გამოწვეულია, იმ ქაოსური ვითარების მოწესრიგების სურვილით, რომელმაც საბჭთა სუკის დაშლის შემდეგ კადრებთან და აგენტურულ აპარატთან მიმართებაში იჩინა თავი. არავისთვის დასამალი არაა, რომ საარქივო მასალების რუსეთში გატანის გამო საქართველოს სპეცსამსახურები, როგორც უცხოეთის დაზვერვითი ორგანოების ინტერესთა ობიექტი, სავსებით დაუცველი აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით სისტემაში წლების განმავლობაში გამეფებულ მანკიერ საკადრო პოლიტიკას შეეხება.

კონცეპტუალური მოსაზრებების ავტორებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი თვითორგანიზებისა და თვითდამკვიდრების პარალელურად, სისტემის მომავლისათვის აუცილებელია, რათა არავინ დარჩეს ძველ მენტალურ განზომილებაში – ძველი მიდგომების, ძველი აზროვნების ტყვეობაში.
ბუნებრივია, უშიშროების სამინისტროს ახალ განზომილებაში გადართვა მთელი რიგი ობიექტური წინაპირობებისა და სუბიექტური მომენტების გათვალისწინებით, ერთ – ერთი რთულად გადასაჭრელი პრობლემაა.

ამ ეტაპზე ახალი უშიშროების მინისტრის მთავარი ამოცანაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოთავისუფლებული საშტატო თანამდებობები პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი და სუფთა ბიოგრაფიის კადრებით დააკომპლექტოს.
XS
SM
MD
LG