Accessibility links

logo-print

სტრონციუმ 90-ით დაზარალებულთა წრე შეიძლება გაფართოვდეს


რადიოაქტიური ნივთიერება სტრონციუმ 90-ის გავრცელების არეალი თანდათან ფართოვდება.

ამის მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელმაც უპატრონოდ მიტოვებული „სტრონციუმ 90“-ის დამცავი კონტეინერები დამატებითი შემოსავლების წყაროდ აქცია. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რადიაციული ნივთიერების გავრცელების შესაძლო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა და პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა დამაიმედებელი განცხადებებისა ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია და რადიაციული ნარჩენების სასწრაფოდ ლიკვიდაციას მოითხოვს.

რადიოაქტიური „სტრონციუმ 90“-ის კაფსულები, ჯერ კიდევ 2 წლის წინ სვანეთის ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა. მაშინ ამ რადიაქტიური წყაროს საქართველოს მაღალმთიანეთში აღმოჩენის მთავარ მიზეზად „ხუდონჰესის“ მშნებლობის დროინდელი კავშირგაბმულობის აპარატურა დასახელდა. მათი გაუვნებელყოფის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დასავლეთ საქართველოს ნაწილის სკანირება მოახდინა, მაგრამ, ფოთის პორტში მიმობნეული სუსტი რადიოაქტიური ნივთიერების გარდა, რადიაციის სერიოზული წყარო ვერ აღმოაჩინა. ინფორმაციის უქონლობა გახდა იმის მიზეზი რომ დღემდე წალენჯიხის რაიონში მიმობნეული სტრონციუმ 90-ის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, სანამ 3 ადგილობრივი მაცხოვრებელი რადიაციით არ დაზარალდა.

დაშავებულებმა დაახლოებით ერთი თვის წინ, ტყეში მიწაში ჩაფლული 3 ტონიანი კონტეინერი იპოვეს და ნაწილ-ნაწილ დაშალეს. მათი ინტერესი ტყვიის გარსმა დაიმსახურა, რომელიც ფერადი ლითონების შავ ბაზარზე სარფიანად იყიდება. ამ მიზნით აღმოჩნდა სოფელ ლიაში, სტრონციუმის ტყვიის კონტეინერი, სადაც გადამუშავების შემდეგ, ბათუმში მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. შემდეგ გავარვარებული რადიაციული კაფსულის ტყიდან ტრანსპორტირებაც გადაწყვიტეს, რაც ძლიერი დამწვრობის მიღების გამო ვერ შეძლეს. ახლა სამართალდამცავი ორგანოები ამ ვერსიას იძიებენ, თუმცა დაზარალებულები მის სისწორეს უარყოფენ.

ამ ეტაპზე მათ მკურნალობას სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით აფინანსებს. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით მკურნალობის კურსი წარმატებით მიმდინარეობს. აქედან 2 ავადმყოფის მდგომარეობა შედარებით მძიმედ ითვლებოდა. ხოლო შედარებით მსუბუქად დაშავებულის მკურნალობა დასასრულს უახლოვდება და ის უახლოეს 2-3 დღეში დატოვებს საავადმყოფოს. პირველ ორს კი დაახლოებით 2 თვიანი სტაციონარული მკურნალობა დასჭირდება. მათ მაღალი დოზით რადიაციული დამწვრობა აქვთ მიღებული, თუმცა კი მწვავე ფაზიდან უკვე გამოვიდნენ და საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ განცხადა რომ დაზარალებულთა მკურნალობა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობს. [გამყრელიძის ხმა] „მწვავე ფაზა მკურნალობისა საკმაოდ ძვირადღირებულია, იმიტომ რომ გამოყენებული იქნა პირველად ჩვენს პირობებში, პირველად გამოვიყენეთ ავადმყოფთა სამკურნალოდ, უფრო სწორედ ჩვენმა ექიმებმა გამოიყენეს ლეიკოციტების მასტიმულირებელი გენური ინჟინერიით მიღებული ლეიკოციტების მასტიმულირებელი ფაქტორი, რომელმაც ძალიან კარგი ეფექტი მისცა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატია, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ავადმყოფი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით.“

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების დახმარებით წალენჯიხის რაიონის სამი სოფლის შემოწმებაც ჩაატარა, რომლის მაცხოვრებლებს, სავარაუდოდ, რადიოაქტიურ ნივთიერებებთან შეხება უნდა ჰქონოდათ. 2 დღის განმავლობაში შესწავლილი იქნა 730 მდე ადაიანი. მათ ღრმა პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდათ. გაკეთდა 115 ადამიანის სისხლის ანალიზი. რაც იმის დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ წალენჯიხის 3 სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს მომავალში კი გამოიცემა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება, რომელიც მიზნად ისახავს რადიაციის შედეგად დაზარალებული რეგიონის რეაბილიტაციას.

მანამდე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რადიაციის წყაროს გასაუვნებელსაყოფად. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ნინო ჩხობაზე სტრონციუმ 90-ის ამოსაღებად დამატებით სახსრებს მოითხოვს. [ჩხობაძის ხმა] „არის მოსამხადებელი 25 კაციანი ჯგუფი, ეგრეთწოდებული ოპერატორები, რომლებიც იმუშავებენ წყაროების უშუალო ამოღებაზე. არის მოსამზადებელი 2 დამცავი კონტეინერი რომელიც მისატანია ადგილზე, დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში წყაროების მდებარეობიდან და შემდეგ ეს არის ჩასადები ამ კონტეინერებში და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მერე.“

სპეციალისტების დასკვნით რადიაციის წყაროს გამოსხივების სიმძლავრე არ იძლევა მასთან ოპერატორის ერთნახევარ წუთზე ხანგრძლივად მუშაობის საშუალებას. ამასთანავე მოსამზადებელია სატრანსპორტო საშუალებები და წყაროსთან მისასვლელი გზაც.

სავარაუდოა, რომ რადიაციის ამ წყაროს გარდა წალენჯიხის რაიონიდან სოფელ ხაიშამდე, იქ სადაც უნდა აშენებულიყო ხუდონჰესი, კიდევ რადიაციის 4-5 წყარო დარჩა. რადიაქტიური ნივთიერებით დამზადებულ აკუმულატორებს ელექტროენერგიით კავშირგაბმულობის სისტემა უნდა მოემარაგებია და მათი დემონტაჟი 1993 წლისთვის უნდა მომხდარიყო. დროთა განმავლობაში ხელისუფლებამ ეს პრობლემა იმდენად მიივიწყა, რომ განსაკუთრებით საშიში აკუმულატორების მდებარეობის ამსახველი დოკუმენტაციაც კი დაიკარგა. ახლა ეს რუკა იპოვეს, მაგრამ დარჩენილი აკუმულატორების ამოღებაზე ჯერ არავინ ფიქრობს. ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას წალენჯიხის ტყეში რადიაციული გამოსხივების წყაროს ლიკვიდირება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG