Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უნდა აღადგინოს ომით დანგრეული?


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა ვინ უნდა აღადგინოს ომით დანგრეული?

რატომ და როგორ უნდა გამთელდეს ქართველებსა და აფხაზებს შორის დარღვეული ურთიერთობა? ამ ურთულეს შეკითხვებზე პასუხის გაცემას იმ ახალგაზრდა ადამიანის დახმარებით შევეცდებით, რომელიც ორივე მხარის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და სჯერა, რომ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს სამუდამოდ არ დაშორებიან. ასე რომ ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გამოშვება აფხაზეთის თემატიკას ეძღვნება.

ეკა წამალაშვილი

ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრის სახელს და გვარს გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის, ეროვნებით აფხაზი, აფხაზურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად აფხაზეთში არ ცხოვრობს, თუმცა ოჯახის წევრების და ახლობლების სანახავად იქ პერიოდულად ჩადის ხოლმე. 1992-93 წლებში მომხდარმა, სხვა უამრავი ადამიანისა არ იყოს მშობლიურ გარემოს ისიც დააშორა. თუმცა აფხაზეთში ცხოვრება, როგორც აფხაზისთვის, მისთვის პრობლემა არ იქნებოდა. რა დატოვა მან ომამდელ აფხაზეთში და რა დახვდა იქ ომის შემდეგ ჩასულს? რატომ თვლის, რომ ქართველების და აფხაზების სამუდამო დაშორება არ მოხდება?ამის შესახებ ეკა წამალაშვილის მიერ მომზადებული მასალისდან შეიტყობთ.

სკოლა სოხუმში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა სხვაგან განაგრძო. შემდეგ იყო ომი, რომელმაც მშობლიური ქალაქი ერთ დიდ ნასახლარად აქცია. მშობლები იქ დარჩნენ. შვილთან შეხვედრა მათთვის იშვიათი სიამოვნებაა გახდა, რადგან ომმა ენგურს აქეთა და იქითა საქართველოს შორის მკაცრი საზღვარი გაავლო, შვილს კი ომით დანგრულ გარემოსთან შეგუება არ შეეძლო, იმ გარემოსთან, რომლთან პირველმა შეხვედრაც მოსალოდნელზე უფრო მძიმე იყო:

[ჩართვა] “პირველი შთაბეჭდილება საშინელი იყო, რადგან სულ სხვა სოხუმი დამხვდა, დავტოვე ლამაზი სოხუმი და ჩავედი რაღაც ნანგრევებში.”

ომის შემდგომი პერიოდის სოხუმი თითქმის დაცარიელებული დახვდა. ბავშვობის მეგობრებს, ცოტას თუ მიაკვლია. აფხაზეთში ცხოვრება, როგორც ჩანს მათაც გაუჭირდათ, იქაური გარემო მათაც ვერაფერს შესთავაზებდა. ვისაც საშუალება ჰქონდა რუსეთს მიაშურა და იქ დაფუძნდა. აფხაზი ახალგაზრდებისთვის რუსეთი ერთდაერთი თავშესაფარი გახდა.

[ჩართვა] “ძირითადად ჩემი მეგობრები არიან ყველანი რუსეთში, აფხაზეთში ფაქტიურად არავინ არის დარჩენილი, იმიტომ რომ ახალგაზრდებისთვის არა მგონია, რომ იქ იყოს მომავალი. ყველანი ცდილობენ წავიდნენ რუსეთში, იქ დაამთავრონ უმაღლესი და დაფუძნდნენ რუსეთში. აფხაზეთში მე რასაც გადავხედე,
სოხუმში, სხვა ქალაქებზე ვერაფერს ვიტყვი, ახალგაზრდები გამოდიან ქუჩებში, არის ადგილები სადაც შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. არ არის გასართობი, არ არის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები. ყოველ შემთხვევაში მეს ასე დავინახე.”

“სოხუმის ტელევიზია მთლიანად საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების მომზადებაზე არის ორიენტირებული. იქ ყოფნის დროს გასართობი გადაცემებისთვის თვალიც არ მომიკრავსო” –თქვა ჩემთან თანამოსაუბრემ. მისი დაკვირვებით აფხაზეთის მოსახლეობას უამრავი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოზე, თუმცაღა ეს ინფორმაცია უფრო დეზინფორმაციას წარმოადგენს, შედეგად ჰგონიათ, რომ დანარჩენ საქართველოშიც ისეთივეა ცხოვრება, როგორც იქ აფხაზეთში, ან კიდევ უარესი.

ისე არც საქართველოს მოსახლეობას ულხის, თუმცა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩამოყვანულ აფხაზ ქალებზე და ბავშვებზე, აქაურობამ იმდენად მაღალი შთაბეჭდილება მოახდინა, იოლი წარმოსდგენია, რამდენად მძიმე უნდა იყოს თავად აფხაზეთში არსებული ვითარება. მოკლედ, ომით გაუცხოებულებს, ერთმანეთზე მკაცრი შეხედულება ჩამოგვიყალიბდა. აფხაზეთის მოსახლეობისა არ იყოს არც ჩვენ გვაქვს სრულყოფილი წარმოდგენა იმაზე, რაც აფხაზეთში ხდება. საქართველოში ჩატარებულმა ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჩვენი საზოგადოება აფხაზს საკმაოდ მუქ ფერებში წარმოიდგეს და თვლის, რომ მასთან დალაპარაკება ძალიან რთულია. აფხაზებს ჩვენზე კიდევ უფრო უარესი წარმოდგენა ექნებათ, თუმცა, როგორც ჩვენი გადაცემის სტუმარი აღნიშნავს:

[ჩართვა] “რაღაცეები შეიცვალა, დამოკიდებულების მხრივ, პირადად მე ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, ჩემს კლასელებთან, მათ საკმაოდ ნორმალური დამოკიდებულება აქვთ ქართველებთან. ისინი ძირითადად შერეული ოჯახების წარმომადგენელბი არიან, ან დედა ჰყავთ ქართველი ან მამა, აქედან გამომდინარე, არა მგონია ჰქონდეთ უფლება ან ერთ ხალხზე ჰქონდეთ ცუდი შეხედულება ან მეორეზე. რამდენიმე წლის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა ჩემი კლასელი, ჩემს სანახავად. ჩვენ 9 წელი ერთმანეთი არ გვენახა. მე ვთვლი, რომ აფხაზი ბიჭის თბილისში ჩამოსვლა ვაჟკაცობა იყო, აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ ქართველების მიმართ ყველას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს მომენტიც არსებობს. “

ამ მომენტის არსებობის მიუხედავად, მაინც არსებობს ნიშანი ქართველებთან ისტორიული და კულტურული ურთიერთობის აღდგენის სურვილისა და აფხაზი ეროვნების რიგ წარმომადგენლებსაც სჯერათ, რომ ამ ურთიერთობის აღდგენა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. ეს დიდი საქმე, ალბათ ისევ და ისევ ახალმა თაობამ უნდა იტყვირთოს, იმ ქართველებმა და აფხაზებმა, რომლებიც უფროსი თაობის წარმომადგენლების შეცდომებმა თუ დანაშუალებრივმა ქმედებებმა გაყო. წარსულში მარტო ომი არ ყოფილა:

[ჩართვა] “ძალიან ბევრი საერთოა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით ერთად, მე მგონია რომ ამ ორი ერის სამუდამო დაშორება შეუძლებელია.”

დავით პაიჭაძე

ბოლო დროს, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მსჯელობისას სულ უფრო შესამჩნევი ხდება ერთი ტენდენცია: ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ლაპარაკს სტატუსზე და მოგვარების ცნება თავისი მნიშვნელობით დევნილთა დაბრუნებას უახლოვდება. დასაბრუნებელი გზები კი იმ ადამიანთა ცნობიერებაში, ვინც უნდა დაბრუნდეს, აფხაზეთთან გაბმულ ახლობლურ და სისხლისმიერ კავშირებზე გადის. სხვა ფაქტორები, რომელთაც აქამდე ხელი უნდა შეეწყოთ ვითარების დარეგულირებისათვის, არ მოქმედებს. საერთაშორისო, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევაც აფხაზთა და ქართველთა შორის სწორედ საზოგადოებრივი და პირადი კონტაქტების აღდგენისა თუ გაღრმავებისკენ არის მიმართული. მაგალითად იკმარებდა ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა, რომელიც სკოლისა და ოდნავ უფროსი ასაკის ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს ახვედრებს ერთმანეთს; თუმცა, რამდენად პროდუქტიულია ეს შეხვედრები, ძნელი სათქმელია. დღეს დავით პაიჭაძე შეგახსენებთ მოსაზრებებს, თუ რას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება აფხაზეთის კონფლიქტში და რამდენად შედეგიანი შეიძლება გამოდგეს გზა, დღეს დევნილთა უმეტესობას და საზოგადოების საგრძნობ ნაწილსაც რომ ეიმედება.

დავიწყოთ იმით, რისიც თითქმის აღარავის სჯერა, მაგრამ მაინც ყველაზე ანგარიშგასაწევ ფაქტორად მიჩნიათ; დევნილები და არა მხოლოდ ისინი აფხაზეთში დაბრუნებას რუსული პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებს უკავშირებენ. მაგრამ მკვეთრი ცვლილება ამ პოლიტიკას არ ეტყობა. აფხაზებიცა და ქართველებიც მიეჩვივნენ რუსულ პოლიტიკურ სამყაროში ცხოვრებას, თუმცა ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურების რამდენიმე ცდა უთითებს, რომ ორივე მხარე, მართალია, მოკრძალებულად, მაგრამ თანდათან იწყებს ფიქრსა თუ მზადებას ამ სამყაროს გარეშე ცხოვრებისათვის.

დევნილებს იმედგაცრუება დაეუფლათ პრობლემის გადასაწყვეტად დასავლეთი სამყაროს უშუალო ჩართვის შესაძლებლობისადმი. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტის ზონაში საქმიანობს, გაეროა, რომლის სამხედრო მეთვალყურეებს ნიუ-იორკში რაპორტების გზავნა ევალებათ. იმედი, რომ დასავლეთი აფხაზეთს მეტ ყურადღებასა და სახსრებს დაუთმობდა მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის პრობლემებისგან მოიცლიდა, არ გამართლდა. აფხაზეთის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებას არაფრით ემუქრება, დღეს იქ ომი არ არის და არც სამომავლოდ უნდა ველოდოთ დიდ სისხლისღვრას; შესაბამისად, დასავლეთის ძლიერი ზეწოლაც გამორიცხულია.

შეხედულება, თითქოს საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება აღმოჩნდებოდა აფხაზთათვის მიმზიდველი და აიძულებდა პოზიციების შერბილებას, ასევე მცდარი აღმოჩნდა. საქართველოდან გამოყოფა აფხაზებს ეკონომიკურ მოთხოვნათა გამო არ მოსურვებიათ და ამავე რიგის არგუმენტებით საქართველოსკენ მათი შემოტრიალება არარეალური ჩანს. ჩვენში არსებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში, რბილად რომ ვთქვათ, არ ულხინთ, მაგრამ გაჭირვება მათ დათმობაზე წასვლას არ აიძულებს.

რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ დიალოგს ორ - სახელისუფლო და საზოგადოებრივ დონეზე; პოლიტიკოსთა შეხვედრები მძიმედ მიმდინარეობს და შედეგი ჯერ არ მოუტანია. საზოგადოებრივი კონტაქტები უფრო ნაყოფიერია, მაგრამ პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტა მათ არ შეუძლიათ. აფხაზეთის ხელისუფლება თუ არა, მისი ახლანდელი, ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა უკვე ხვდება, რომ არძინბას ხელისუფლების უკომპრომისო პოზიცია უგზოობის გზაა. აფხაზეთის მოსახლეობის დღევანდელი შემადგენლობა ომისა და ეთნიკური წმენდის შედეგია; პრეტენზია, რომ მხოლოდ ამ მოსახლეობას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სტატუსი და საქართველოს, მით უმეტეს, აფხაზეთიდან დევნილებს არაფერი მოეკითხება – საწინდარია იმისა, რომ არძინბას ხელისუფლება ვერ ეღირსება ლეგიტიმურობის აღიარებას და განწირულია იზოლირებისათვის. ამის თანდათან გაცნობიერების ნიშანი შეიძლება იყოს ბოლო დროს რამდენამდე ინტენსიფიცირებული კონტაქტები დევნილებსა და აფხაზეთში მყოფ მათ მეგობრებს, მეზობლებსა თუ ნათესავებს შორის, რაც, ზოგ შემთხვევაში, აფხაზეთში ჩასვლას და ახლობელთა მონახულებასაც ნიშნავს. მაგრამ ეს ვითარება, როგორც დევნილთა დაბრუნების, ისე პრობლემის პოლიტიკური მოგვარების თვალსაზრისით, ჯერ ბევრს არაფერს მოასწავებს.
XS
SM
MD
LG