Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში დარჩებიან


აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატი ჯერ არ გაუგრძელებიათ, თუმცა ეჭვგარეშეა,

რომ რუსი “ცისფერჩაფხუტიანები” აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დარჩებიან. პრეზიდენტი პარლამენეტის დადგენილების შესატყვის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მისი აზრით, რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გასვლა დაუშვებელია.

ვინაიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა არ შეასრულეს დაკისრებული მისია და ხელი შეუწყეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების განახლებას, საქართველოს პარლამენტმა, რუსეთის სამშვიდობო ძალების შემდგომი ყოფნა საქართველოს ტეროტორიაზე მიზანშეუწონლად ჩათვალა, პრეზიდენტს კი შესთავაზა წინადადება: განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პროცედურები აღნიშნული სამშვიდობო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანის მიზნით.

ეს ყველაფერი 2001 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მოხდა, რაც აფხაზეთიდან დევნილების საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსულმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს გაბედული გადაწყვეტილების მიღება მოუწოდა. პარლამენტმაც, როგორც იქნა გაბედა, მაგრამ მის მიერ მიღებული დადგენილება ფარატინა ქაღალდად დარჩა. სამშვიდობო ძალებს მანდატი ჯერ არ გაგრძელებია, თუმცა აშკარაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დადგენილების საწინააღმდეგო იქნება.

“მე არ შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება სამშვიდობო ჯარების გაყვანის თაობაზე, რადგან ჯერ კიდევ არ არის გარკვეული მათი ჩანაცვლების საკითხი, ეს მხოლოდ გაეროს პრეროგატივააო” – თქვა ედუარდ შევარდნაძემ 14 იანვრის ტრადიციულ ბრიფინგზე და იმედი დაიტოვა, რომ მოქმედი სამშვიდობო მისიის მდინარე ღალიძგამდე გადანაცვლება მაინც მოხდება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ლაპარაკია მოქმედების არეალის გაფართოებაზე სოხუმისკენ, მიმაჩნია, რომ აფხაზები ამას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო ვითარების გათვალისწინებით შესაძლოა მივაღწიოთ შედეგს.”

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთი საკონტროლო ტერიტორიის გაფართოების წინააღმდეგ არ წავა და არც გაეროს მიერ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტის მიღებას შეუშლის ხელს. ლაპარაკია სწორედ იმ პროექტზე, რომლის შინაარსიც ბევრისთვის უცნობია და რომელშიც პრეზიდენტმა ქართველებსა და აფხაზებს შორის მისაღწევი ისტორიული კომპრომისის საფუძვლები დაინახა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “აფხაზეთი შედის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში, აღიარებს იმ საზღვრებს, რომლებიც გაერომ აღიარა. ამას გარდა დაუბრკოლებლად ბრუნდებიან დევნილები და აფხაზეთი იღებს დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ თვისებას. მე ასე წარმომიდგენია: აფხაზეთი გარკვეული დროით დაიტოვებს იმ კონსტიტუციას, რომელიც იქ დღეს მუშაობს, იმ სახელმწიფოებრივ თვისებებსაც, რომლებიც დღეს გააჩნია და ასე შემდეგ. “

როგორც ჩანს, პუტინთან წარმოებულმა ბოლოდროინდელმა სატელეფონო მოლაპარკებებმა, შევარდნაძეს ოპტიმიზმი შესძინა. აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ისეთი იმედი, როგორიც 14 იანვრის ბრიფინგზე გამოთქვა, მას კარგა ხანია არ გამოუხატავს და რადგან იმედი რუსეთიდან მოდის, საინტერსოა, მის სანაცვლოდ რას დათმობს საქართველოს ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG