Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი უფროსი და ძველი პრობლემები


14 იანვრიდან იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

გენერალ დემურ მიქაძის ნაცვლად, რომელმაც ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორი თვე დაჰყო და რომლის უეცარი გადადგომის ნამდვილ მიზეზებს ჯერ კიდევ არ ახმაურებენ, იუსტიციის მინისტრმა ამ პოსტზე ორშაბათს პროკურატურის წარმომადგენელი პაატა მხეიძე დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს გამოქვეყნდა კონტროლის პალატის დასკვნა, რომელშიც პენიტენციალურ სისტემაში აღმოჩენილ საფინანსო-სამეურნეო დარღვევებზეა საუბარი.

სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის 2000 წლის 1 ოქტომბრიდან 2001 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შემოწმების შედეგად კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ პენიტენციალური სისტემა უმძიმესი ფინანსური პრობლემის წინაშე დგას. შარშანდელი საფინანსო წელი სისტემამ 5.335. 000 ლარიანი კრედიტორული დავალიანებით დაასრულა. აქედან თითქმის ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე მოდის, ხოლო 1.339.200 ლარი – თანამშრომელთა სახელფასო დავალიანებაზე. სახელმწიფოს მხრიდან იუსტიციის სამინისტროს ხარჯების დაუფინანსებლობამ, კატასტროფულად გააუარესა პატიმართა სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა.

როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი,
2001 წლის 9 თვეში საკვები პროდუქტებით მომარაგებაში გარღვევამ შეადგინა: ფქვილში – 36.000კგ, ხორცში - 72.500 კგ, ხოლო თევზში - 93.700კგ. ანალოგიური მდგომარეობა იყო შექმნილი სხვა პირველადი პროდუქტებით უზრუნველყოფის საქმეშიც. ანუ ციხე-კოლონიების ცენტრალური მომარაგება, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

ასეთ ვითარებაში კი, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კალორიების შევსებასა და ციხეეებში მშიერი ბუნტის თავიდან აცილებას პატიმრები ქურდულ ტრადიციებზე დამყარებული თვითორგანიზაციით ახერხებდნენ.

[ნანა დევდარიანის ხმა] “შენობების უმეტესობა არის ამორტიზებული, და იმდენად, რომ რემონტიც არ უშველის არანაირი – ეს არის უბრალოდ მიწასთან გასასწორებელი და რაღაც ახალია ასაშენებელი. თანაც არანაირ ადამიანურ ყოფას ის არ უზრუნველყოფს... რეჟიმის თვალსაზრისით სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელ. ეს არის ეგრეთწოდებული შავებისა და კრიმინალური ელემენტების მიერ მართვა სიტუაციის, რაც სრულიად დაუშვებელია. მაშინ რა დანიშნულება აქვს ადმინისტრაციას, საკითხავია. და კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა, რომ ამ კატეგორიის ხალხს ხშირად იყენებს ადმინისტრაცია, თუკი ანგარიში აქვს გასასწორებელი პატიმართან”.

რაც შეეხება ადმინისტრაციას, პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელობის გამუდმებულმა ცვლამ, საკადრო პოლიტიკა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში საერთოდ თავდაყირა დააყენა. კონტროლის პალატა ხსენებულ დასკვნაში აგრეთვე მიუთითებს, რომ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს საშტატო-საფინანსო დისციპლინის დარღვევით აყვანილი ჰყავდა 38 თანამშრომელი, რომლებზეც ხელფასის სახით 41. 300 ლარი გაიცა.

თუმცა ჩვენდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ იუსტიციის ახალი მინისტრი, რომელმაც სარეკორდო დროში მოასწრო პენიტენციალური სისტემის ორი ხელმძღვანელის შეცვლა, კონტროლის პალატის დასკვნას ჯერ არ გასცნობია. საერთოდ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, როლანდ გილიგაშვილი ზომაზე მეტ სიფრთხილეს იჩენს პრესასთან საუბარში და პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ სიტუაციაზე აზრის საჯაროდ გამოთქმას წინასწარ ერიდება.

თუმცა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ ციხე-კოლონიებში შექმნილი ვითარების შესახებ ამ დღეებში გაუგზავნა სპეციალური წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, როგორც ამბობენ, ციხეებში შექმნილი უმძიმესი სიტუაციისა და დაუსრულებელი საკადრო ექსპერიმენტების გამო ძალიან არის შეშფოთებული.

[როლანდ გილიგაშვილის ხმა] “ჩვენ მივმართეთ წერილით პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილონ ჩემი ინფორმაცია. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხებით დაინტერესდა ჩვენი ახალი სახელმწიფო მინისტრი, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები იქ არსებული ვითარების გამოსასწორებლად და მე ვფიქრობ, რომ მთავრობის მხრივ გარკვეულად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ელემენტარული პირობები გავაუმჯობესოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში”.

გარდა ამისა, როლანდ გილიგაშვილი დიდ იმედებს ამყარებს პაატა მხეიძეზე, რომელიც მან 14 იანვარს დაამტკიცა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე. როგორც იუსტიციის სამინისტროს კულუარებში საუბრობენ, პაატა მხეიძე დანიშვნამდე სწორედ ციხე-კოლონიებში კანონის დაცვაზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებდა. ახალმა უფროსმა ზედმიწევნით კარგად უწყის, თუ “ვინ, ვინ არის” და არც ციხეებში შეგროვებულ იმ ეგრეთწოდებულ “ობშჩიაკზე” რჩება თვალი, რომლის გამოც ეს თანამდებობა ბევრი კორუმპირებული ჩინოსნის ცისფერ ოცნებად რჩება.
XS
SM
MD
LG