Accessibility links

სახელმწიფო ქონების გადანაწილების პროცესი კვლავ გრძელდება


საქართველოში ნახევრად განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დაუმთავრებელი პრივატიზაცია.

შედეგი კი ის არის, რომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ჯანსაღი კონკურენცია და, შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკაც. მსხვილ საწარმოთა დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მათი მართვის არაეფექტიანი პრაქტიკის მიუხედავად ხელისუფლება ქონების განსახელმწიფოებრიობას არ ჩქარობს. თავად ხელისუფლების შიგნით კი ამ ქონებაზე გავლენისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო 1256 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და 240 სააქციო საზოგადოებაში საკონტროლო პაკეტს, ანუ საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს ფლობს. შესაბამისად, ამ საწარმოთა მენეჯმენტს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და მათი მოგების განკარგვის უფლებასაც ჩვენი მთავრობა ფლობს. იგი, როგორც სახელმწიფოს მართვაში მოიკოჭლებს, ასევეა სახელმწიფო ბიზნესის წარმოებაშიც. ამიტომაა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა 960-მა საწარმომ, 2001 წელი, 313 მილიონი ლარის ზარალით დაამთავრა. ეს გაცილებით აღემატება იმ თანხას, რაც გასული წლის ბიუჯეტს დააკლდა. მაგრამ ამ ხელისუფლების სტრუქტურებს შორის გაცხარებული კამათია გაჩაღებული იმაზე, თუ ვის აქვს უფლება მართოს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მომუშავე წამგებიანი საწარმოები.

საქართველოში არსებობს ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტრო, რომლის შექმნის საჭიროება სახელმწიფო ქონების ეფექტიანი მართვის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. მიუხედავად ამისა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტის უფლება დარგობრივ სამინისტროებს გადაეცათ, საკუთრებაზე უფლება კი ქონების მართვის სამინისტროს დარჩა. ლოგიკა ნაცნობი და მარტივი იყო. სამინისტროებმა უკეთ იციან თავიანთი სფეროს საწარმოების ავ-კარგი და მათ მართვასაც თავს წარმატებით გაართმევენო.

ერთი მაგალითი: ძველი წესით მომუშავე ინტერნეტპროვაიდერმა „იბერიაპაკმა“ 2000 წელი 400 ათასი ლარის მოგებით დაამთავრა. ახალი მმართველის - კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტროს ხელში კი 2001 წელი წაგებით დაასრულა, თან ისე, რომ საკუთარი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებაც კი ვერ შეძლო.

ძნელი სათქმელია, რომ ერთი წლის მანძილზე იბერიაპაკის მენეჯმენტი ისე შეიცვალა რომ მომგებიანი საწარმო დაღმავლობის გზას დაადგა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ნაცნობი მექანიზმი ამოქმედდა. ან სახელმწიფო საწარმოს მოგება დარგობრივი ჩინოვნიკების ჯიბეებს ასქელებს, ანდა დაინტერესებულ დარგობრივ ბიუროკრატს, ორგანიზაციის ხელოვნურად გაკოტრების გზით, მისი ხელში ჩაგდება აქვს განზრახული.

დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა „საქართველოს ტელეკომში“. საქართველოში ტელეკომუნიკაციების სფერო ყველაზე მომგებიან ბიზნესად ითვლება. „ტელეკომს“ კი მონოპოლისტური პოზიციები უკავია, მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც წაგებაზე მუშაობს და მილიონიან ვალებს აგროვებს. სავარაუდოა, რომ შემდეგ, როგორც ენერგეტიკის დარგში მოხდა, ვალების გამო მისი ღირებულება შემცირდება და მომგებიანი საწარმო დაბალ ფასად გაიყიდება.

იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანია „თბილგაზზე“, რუსთავის „ქიმკომბინატზე“ და უამრავ სხვა საწარმოზე.

შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ქონების მართვის სამინისტრო ცდილობს. მითუმეტეს, რომ სახელმწიფო საწარმოების ერთი ორგანოს გამგებლობაში გადაცემას ანტიკორუფციული პროგრამაც ითვალისწინებს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მენეჯმენტი გამოცდილ უცხოურ კომპანიებს არ გადაეცემა. როგორც ცნობილია, ქართული საწარმოების მენეჯმენტის პრივატიზება ურთულეს პრობლემადაა ქცეული. ის, ვინც წლების წინ გაბედა და საქართველოში ინვესტიცია შემოიტანა, უკან გარბის. მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებაც არ იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს ჯერ კიდევ მოქმედი კომპანიების განსახელმწიფოებრიობის მიმართ.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკვე მზადაა პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტს კვლავ ქონების მართვის სამინისტროს გადააბარებს. თუმცა ძნელი სავარაუდოა, რომ მმართველობითი ორგანოს თითქმის ყოველწლიურმა ცვლამ სახელმწიფო საწარმოები აღმავლობის გზაზე დააყენოს. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების ეფექტიანობა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ წლების წინ დაწყებული პრივატიზაციისა და რეფორმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.
XS
SM
MD
LG