Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “აფხაზეთში რუსეთის ქვედანაყოფებს მანდატს გაუგრძელებენ, თუ მოსკოვი საზღვარს გახსნის”.

“აფხაზეთში რუსეთის ქვედანაყოფებს მანდატს გაუგრძელებენ, თუ მოსკოვი საზღვარს გახსნის”. ამ სათაურით რუსეთის გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი”, 10 იანვრის ნომერში აქვეყნებს წერილს, რომლის მიხედვით თბილისი მოითხოვს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გასული წლის იანვრიდან მოქმედი რეჟიმის გაუქმებას, რისთვისაც ქართული დიპლომატია შეეცდება, გამოიყენოს ოფიციალური კონსულტაციები ახალი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე.

“ვრემია ნოვოსტეის” თქმით, როგორც ჩანს, თბილისის მთავარი კოზირი იქნება აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფების მანდატი, რომელსაც ახალი წლის დამდეგს გაუვიდა ვადა, საქართველოს ხელმძღვანელობა კი იმედოვნებს, რომ მანდატის გაგრძელებაზე თანხმობას გამოიყენებს როგორც ძლიერ ბერკეტს მოსკოვზე ზეწოლისათვის.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე შეეცადა, ქართველი დიპლომატებისათვის მანევრის შესაძლებლობები შეეზღუდა. რუსეთის საგარეო უწყებამ ე.წ. “პრევენციულ ზომებს” მიმართა დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატის ამოწურვასთან დაკავშირებულ სპეციალურ განცხადებაში. ამ განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ გასული წლის ოქტომბრიდან არაერთგზის შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, აუცილებლად განესაზღვრა თავისი დამოკიდებულება მოცემული საკითხისადმი, რათა ის ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და დსთ-ში მიღებული ოფიციალური პროცედურების მიხედვით გადაეწყვიტათ.”

“ვრემია ნოვოსტეი” წერს, რომ ფორმალურად მოსკოვმა მოცემულ შემთხვევაში ყველა არსებული წესი დაიცვა: “დოკუმენტები სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებაზე მორიგი ნახევარწლიანი პერიოდით ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე, თანამეგობრობის ე.წ. “საიუბილეო” სამიტისათვის მომზადდა. მაგრამ ოქტომბერში აფხაზეთში სიტუაციის “გამწვავებამ” აიძულა თბილისი, მკაცრი პოზიცია დაეკავებინა. საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დოკუმენტიც კი მიიღო კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის აუცილებლობის შესახებ.”

შემდეგ გაზეთი აღნიშნავს: “კრემლის რეაქციაც საკმაოდ მკაცრი გამოდგა. შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში არიან არა რუსეთის, არამედ დსთ-ის მშვიდობისდამცველები და რომ ისინი იქ საქართველოს თხოვნით იმყოფებიან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ისინი საჭირონი არ არიან და თუ საქართველო თავის თავზე აიღებს მთელ პასუხისმგებლობას საერთაშორისო საზოგადოებისა და საკუთარი ხალხის წინაშე, მაშინ სამშვიდობო ძალები გავლენ კონფლიქტის ზონიდან.”

გაზეთი წერს, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა: მშვიდობისდამცველთა მანდატის გაგრძელება დროულად ვერ მოხერხდა, მაგრამ არც მათი გაყვანა მოუთხოვიათ ოფიციალურად.

აქვე “ვრემია ნოვოსტეი” შენიშნავს: “რასაკვირველია, ორივე მხარე ეშმაკობდა. თბილისში იმდენად ის კი არ სურდათ, რომ აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაცია შეწყვეტილიყო, რამდენადაც იმედოვნებდნენ ამ ოპერაციაში მონაწილე რუსეთის ძალების შეცვლას რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით. წერილში ნათქვამია, რომ ეს ოპერაცია 1994 წლიდან ხორციელდება დსთ-ის ეგიდით, მაგრამ რუსეთის გარდა, სამხედრო პერსონალი არავინ გამოყო.”

გაზეთი წერს, რომ სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ახსენებდნენ უკრაინას, თურქეთს და ნატოს სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი. “მაგრამ საქართველო ვერც ერთ მათგანს ვერ მოელაპარაკა. ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, რომ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების განახლება რესპუბლიკას უცილობელ კატასტროფამდე მიიყვანს. რუსეთი კი, რომელმაც კონფლიქტის ზონიდან თავისი ქვედანაყოფების გაყვანის მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა, სინამდვილეში ასევე არ არის დაინტერესებული ამით. სანამ ჩეჩნეთში საბოლოოდ არ არის ჩახშობილი სეპარატიზმის ნარჩენები, მოსკოვს მეტად აშფოთებს კავკასიაში არსებული სიტუაცია.”

“ვრემია ნოვოსტეის” თქმით, ამ მშფოთვარე რეგიონში კიდევ ერთი კონფლიქტის გაჩენას უშუალოდ რუსეთის საზღვართან სერიოზულად შეუძლია სიტუაციის აფეთქება. “მით უფრო, რომ აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების გარდა რუსეთს აღარ დარჩა ძალისმიერი ზეგავლენის არავითარი ბერკეტები: ჯერ კიდევ ორი წლის წინათ თბილისის ზეწოლის შედეგად საქართველოდან გავიდნენ რუსეთის მესაზღვრეები, რომლებიც იცავდნენ აფხაზეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების გარე საზღვრებს, შარშან კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდერებული ამბოხებული ავტონომიის ტერიტორიაზე, გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზა.”
XS
SM
MD
LG