Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში ატმოსფერო კიდევ უფრო იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე თვის წინათ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი საქართველოში სახალხო მოძრაობის დაწყების პროგნოზს აკეთებდა.

გარკვეულწილად, ეს წინასწარმეტყველება ახლა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე პანკისის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან საპროტესტო აქციაში, რომელიც ხეობაში წესრიგის დამყარების თვალსაზრისით ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია.

ისტორია, როგორც ჩანს მეორდება. შეგახსენებთ – 1995 წლის დასაწყისში ასეთივე სახალხო მღელვარება დაიწყო ტრადიციულად მშვიდ რეგიონში - კახეთში, რომელიც მაშინ, ექვსი წლის წინათ, მხედრიონის დაუსჯელობას აპროტესტებდა. ამჯერად, დინჯი კახელები არანაკლებ რთული პრობლემის მოგვარების ამოცანას უყენებენ ხელისუფლებას – პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას და გატაცებულების ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლებას.

აქციის სულის ჩამდგმელი “ავღანელების” ერთერთი მოთხოვნა უახლოეს ხანში შესრულდება. როგორც 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა პაატა გომელაურმა, უახლოეს ხანში ხეობის სიღრმეში გადაიტანენ შინაგანი ჯარების საგუშაგოებს, რომლებსაც მანქანების მიმოსვლის რეგულირება აქვთ დავალებული. ამავე დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, აიკრძალა ნებისმიერი კავშირი და მოლაპარაკება ხეობაში მყოფ კრიმინალებთან, რომლებიც ხეობის შესასვლელის პიკეტირების მიუხედავად, არ ჩქარობენ ორი მძევლის გათავისუფლებას.

კახეთიდან მოსული ცნობებით, საპროტესტო აქციები ნელ-ნელა ფართოვდება და სულ უფრო და უფრო მეტ სოფელს თუ დასახლებულ პუნქტს მოიცავს. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ ვერ ხედავს სიტუაციის დრამატიზირების საფუძველს. [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ვითარება რთულია ცნობილი მოვლენების გამო, მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე ტრაგიკული მოვლენების განვითარების საშიშროებას. ყოველდღიურად საქმის კურსში ვარ და ყოველდღიურად რაღაც ღონისძიებებს ვამუშავებ.”

როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ თბილისს პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარება შესთავაზა, რასაც თბილისის ზრდილობიანი, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი უარი მოჰყვა. 14 იანვარს ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პანკისში წესრიგის დასამყარებლად რუსეთის დახმარების აუცილებლობას და რომ 14 იანვარს მოსკოვში უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას გამგზავრება მხოლოდ თავის რუს კოლეგასთან გაცნობით ხასიათს ატარებს.

ამ თავისი მოსაზრების გასაძლიერებლად, პრეზიდენტი შევარდნაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პანკისში კრიმინოგენური ვითარების გართულება მხოლოდ დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელთა გააქტიურების ბრალია და რომ დამნაშავეებს ეროვნება არა აქვთ: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ თავისთავად ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, როცა რამდენიმე თანამემამულე კვლავ კრიმინალთა ტყვეობაში იმყოფება, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენს თანამემამულე ქისტებს არანაკლებად აღელვებთ და აწუხებთ. აქვე უნდა ითქვას, რომ უდიდესი უსამართლობაა, მხოლოდ ქისტების დაკავშირება ამ დანაშაულებებთან. ხეობის მიდამოებში თავი მოიყარეს ავაზაკებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.”

ასე რომ, პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარება მაინც მოუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მაღალჩინოსნები აქამდე საკმაოდ ”წარმატებულად” ახერხებდნენ კრიმინალებთან საერთოდ ენის გამონახვას. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, პანკისის ხეობაში გართულებული სიტუაციის გასანეიტრალებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე კონტროლი მინისტრის მოადგილეს ზურაბ ჩხაიძეს დაევალა.
XS
SM
MD
LG