Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში მდგომარეობა ისევ იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებამ, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ცისფერჩაფხუტიანების ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ, სოხუმის ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია.

15 იანვარს, გამთენიისას ორმოცამდე შეიარაღებულმა პირმა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ერთი ადამიანი მოკლა და 15 მძევლად აიყვანა.

ამბობენ, ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრის – სტატისტიკაო. ტრაგიკული აღმოჩნდა 15 იანვრის დილა რუსლან ლაკერბაძის ოჯახისთვის. გალის რაიონში დაბრუნებული დევნილი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებისას მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ჯერაც დაუდგენელია ამავე დილით მძევლად აყვანილი 15 ადამიანის ბედი. რადიო ”თავისუფლების” ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, ფორმალურად, გალის რაიონში აფხაზთა მხარის დამატებითი შეიარაღებული ნაწილების შეყვანის მიზეზად საახალწლო დღეებში გალის სოფლებში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის სროლა იქცა. გალის რაიონში შესული ოჩამჩირის მილიციისა და პრეზიდენტ არძინბას სპეცსამსახურის ჯგუფის მიერ გალის რაიონში სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების საბაბად მოსახლეობიდან იარაღის ამოღება და კრიმინალური პირების დაკავების აუცილებლობა სახელდება. მძევლად აყვანილთა შორის არიან როგორც გალის რაიონში დაბრუნებული დევნილები, ისე მათი ახლობლები ზუგდიდის რაიონებიდან. ამ დროისთვის დაკავებულები გალის რაიონის მილიციის შენობაში იმყოფებიან. აფხაზური მხარის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ მძევლად აყვანილები არც კრიმინალები არიან და არც აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ – მათ ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლებენ.

საინტერესო ფაქტი: იმ სოფლების მახლობლად, სადაც აფხაზთა მხარემ 14-15 იანვარს სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა, რუსი ცისფერჩაფხუტიანების პოსტებია განლაგებული. ლაშა ბერულავას ცნობით, რუსები არ ჩარეულან მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებაში, რადგან, მათი განცხადებით, გალის რაიონში სოხუმის ხელისუფლების ოფიციალური ქვედანაყოფები ამყარებდნენ წესრიგს.

15 იანვარს აფხაზთა მხარე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის წინა დღით გაკეთებულ განცხადებას რუსეთის მშვიდობის დამცველების აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დარჩენის პირობის თაობაზე – როგორც გახსოვთ, პრეზიდენტ შევარდნაძის განმარტებით, აუცილებელია სამშვიდობო ნაწილების დისლოკაციის ადგილის შეცვლა და სამშვიდობო ოპერაციის გალის მთელს ტერიტორიაზე განხორციელება. როგორც სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ მიქანბამ, მშვიდობის დამცველები ან სტატუს-კვოს შეინარჩუნებენ და გავლენ კონფლიქტის ზონიდან. ასეთ შემთხვევაში კი, მისივე განცხადებით, მდინარე ენგურზე რუსეთის ცისფერჩაფხუტიანების ადგილს აფხაზთა რეზერვისტების ბრიგადები დაიკავებენ.

ასევე 15 იანვარს ჭუბურხინჯში გამართულ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვა კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ნაწილების გაყვანა.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესი ჩიხიდან ვერ გამოდის.
XS
SM
MD
LG