Accessibility links

logo-print

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ინიციატივები


ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს ანტიკრიზისული ინიციატივების ავტორობას ეცილებიან.

მაგალითისთვის: ფრაქცია “სოციალისტის” წევრი ირაკლი მინდელი ჩივის, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სოციალისტებს განვითარების ეროვნული სააგენტოს შექმნის იდეა მოპარა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის მიღების წინ, განვითარების ეროვნული სააგენტოს შექმნის მოთხოვნა ჟვანიამ მთავრობას ულტიმატუმის სახით წაუყენა. აღნიშნულის მიუხედავად ფაქტია, რომ სოციალისტები და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ერთი და იმავე ინიციატივით გამოდიან. საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის საკუთარ გზებს ეძებენ მთავრობაშიც.

ედუარდ შევარდნაძე საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის ყველაზე რეალურ გზას კონტრაბანდასთან ბრძოლაში ხედავს. როგორც მან “საგადასახადო სისტემის სრულყოფისა და ლიბერალიზაციის” კომისიის პირველ სხდომაზე თქვა, უკანონო ქონების კონფისკაციის ნაცვლად კონტრაბანდული საქონლის კონფისკაციაა საჭირო. მოკლედ, პრეზიდენტი კრიზისის დაძლევის მიზანს, კონტრაბანდასთან ბრძოლის გააქტიურების ინიციატივას უკავშირებს.

საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მცირე ბიზნესისთვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქების წინადადებით გამოდის ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და თვლის, რომ ასეთი რამ მსხვილი ბიზნესის და უფრო შემოსავლიანი ფენების ხარჯზე უნდა მოხდეს. ნოღაიდელს ეკუთვნის სიმდიდრის გარეგნული ნიშნის გადასახადის დაწესების ინიციატივაც, თუმცა ყოვლად გაუგებარია, რას ნიშნავს ის. აქვე ვიტყვით, რომც ნოღაიდელის პირველ ინიციატივაში ეჭვი ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ შეიტანა. ის თვლის, რომ მცირე ბიზნესი ქვეყანას ვერ განავითარებს და პირიქით, მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრია საჭირო.

ასეა თუ ისე, საგადასახადო კანონმდებლობა არის როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ბიზნესის მახრჩობელა. “საგადასახადო სისტემის სრულყოფისა და ლიბერალიზაციის” სახელმწიფო კომისიაც, სწორედ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციას უჭერს მხარს, თუმცა კომისიის წევრები ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავების ვადებზე ვერ თანხმდებიან.

გარკვეული უთანხმოებაა პარლამენტშიც. ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკური ოპონენტები “განვითარების ეროვნული სააგენტოს” შექმნის ინიციატივით ცალ-ცალკე გამოდიან და ერთმანეთს ინიციატივის ავტორობაში ეცილებიან.
ზურაბ ჟვანიას სოციალისტები იდეის მოპარვაში სდებენ ბრალს და გვახსენებენ, რომ განვითარების ეროვნული სააგენტოს შექმნის ინიციატივით, ისინი, ჯერ კიდევ 1997 წელს გამოვიდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, ინიციატივის წარმომავლობა პოლიტიკოსების მეტს არავის არ უნდა აინტერესებდეს. თუ განვითარების ეროვნული სააგენტოს შექმნა მრეწველობის და ქვეყნის განვითარებას მართლა შეუწყობს ხელს, პარლამენტარები საავტორო უფლებების დაცვაზე მეტად იდეის რეალიზაციისთვის უნდა ზრუნავდნენ.

ფრაქცია “სოციალისტი” ბიუჯეტის პროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მასში შევა ჩანაწერი განვითარების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს განვითარების საინვესტიციო სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ. განვითარება კი ფრაქცია “სოციალისტის” წევრს ირაკლი მინდელს ასე წარმოუდგენია:

[ირაკლი მინდელის ხმა] “ მთავარია ბიუჯეტში იყოს რაღაც ნაწილი. 10 მილიონი იქნება, 10 მილიონის საქმე უნდა გაკეთდეს, 1 მილიონი იქნება –1 მილიონის. მთავარია, მოხდეს ისე, რომ ეს ფინანსები სწრაფად დაბრუნებადი იყოს.”

როგორც ირაკლი მინდელი აცხადებს, სახელმწიფო მინისტრი მზად არის გაითვალისწინოს სოციალისტების მოთხოვნები. მისი თქმით ავთანდილ ჯორბენაძეც თვლის, რომ დროა სახელმწიფო ბიუჯეტის კურსი შეიცვალოს და ბიუჯეტი განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

2002 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა 16 იანვარს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. სახელმწიფო მინისტრი კი იმასაც აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში თანამდებობიდან წავა.
XS
SM
MD
LG