Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქე ჯონი აბაიშვილი ნიდერლანდებში მშობლების უკითხავად გააშვილეს


სოზარ სუბელიანი, თბილისი 1997 წლის 24 სექტემბერს ნიდერლანდებიდან პოლიციის ბადრაგით დეპორტირებულ იქნა აბაიშვილების ოჯახი.

ოჯახის სამი წევრი: გიორგი აბაიშვილი, მისი მეუღლე მედეა შარაშენიძე და ქალიშვილი, 8 წლის ნინო, საქართველოში სპეციალური თვითმფრინავით გამოუშვეს, მეორე შვილი კი, ნიდერლანდებში დაბადებული ჯონი აბაიშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიდერლანდებშივე დარჩა. მშობლების ცდას, მათი ნებართვის გარეშე გაშვილებული ბავშვი დაიბრუნონ, შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ჯონი აბაიშვილი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, იგი 6 წლის წინ, 1994 წლის 3 ივნისს ჰოლანდიაში, ქალაქ ჰერტოგენბოსხის ჰოსპიტალში დაიბადა და საქართველო თვალითაც არ უნახავს. მისი მშობლები ბავშვის დაბადებამდე თვენახევრით ადრე, 1994 წლის 24 აპრილს ჩავიდნენ ნიდერლანდებში და თავშესაფერი მოითხოვეს. უცხოეთში წასვლამდე ისინი ტელეკომპანია “იბერვიზიაში” მუშაობდნენ, თუმცა, გიორგი აბაიშვილის თქმით, მათი წასვლა პროფესიულ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული: [გიორგი აბაიშვილის ხმა] “ტურისტული საგზურით ჩავედით კიოლნში და იმავე დღეს ამსტერდამში გამოვცხადდით, პოლიციას ჩავბარდით და მოვითხოვეთ თავშესაფარი. რაღაცა დევნა და ასეთი რამე არ ყოფილა, მაგრამ, უბრალოდ, იმ წლებში ყველანაირად უჭირდა ადამიანს, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად… პოლიტიკური ვითარება იყო წასვლის ძირითადი მიზეზი. ფაქტობრივად, ქვეყანა არაფრისკენ მიდიოდა… რაც შეეხება ნიდერლანდებს, იქ ჩვეულებრივი პროცედურა გაიმართა და ჩასვლის დღიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გადაგვიყვანეს შემდეგ ეტაპზე.”

ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, თითქოს ბავშვის გაშვილების მიზეზად მის მიმართ თავად მშობლების დამოკიდებულება იქცა. კერძოდ, მათ ბავშვი ხშირად მიჰყავდათ საავადმყოფოში, რის გამოც ექიმებს შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს აბაიშვილებს ბავშვის თავიდან მოცილება უნდოდათ და ისინი ბავშვთა გაშვილების ორგანიზაციას დაუკავშირდნენ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისადმი მოწერილ წერილში ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს დროებითი რწმუნებული, დესპანი თემურ გამცემლიძე წერს: “ნიდერლანდების ქალაქ დენ ბოსხის “ოჯახზე ზედამხედველობის დაწესებულების” თანამშრომლის, ჰანს ნიიპელსის სიტყვიერი განმარტების თანახმად, ჯონ აბაიშვილის მშობლები, გიორგი აბაიშვილი და მედეა შარაშენიძე ცდილობდნენ, ბავშვის ნიდერლანდებში დაბადების ფაქტი ქვეყანაში დარჩენის ნებართვის მისაღებად გამოეყენებინათ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბავშვი მშობლების მიერ საავადმყოფოში იქნა დატოვებული და მის დაბრუნებაზე არაერთხელ განაცხადეს უარი. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გიორგი აბაიშვილსა და მედეა შარაშენიძეს ჩამოერთვათ მშობლის უფლება ჯონ აბაიშვილზე”.

ყოველივე ზემოთქმული, ძირითადად, ზეპირ განცხადებებს ეყრდნობა და ზუსტი დოკუმენტაცია, თუ რატომ, რის საფუძველზე და როგორ მოხდა მშობლის უფლების ჩამორთმევა, საქართველოს მხარეს ხელთ არა აქვს. ამჟამად ამ დოკუმენტების მოძიებას ცდილობს საქართველოს საკონსულო ბენილუქსის ქვეყნებში. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საკონსულოს ბრიუსელში, მაგრამ კონსულმა ირაკლი ყურაშვილმა დოკუმენტების მოძიების ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა, ხოლო აბაიშვილების ადვოკატი ირაკლი ქართველიშვილი ზემოთ გამოთქმულ მსჯელობას აბსურდს უწოდებს: “ეს აბსურდია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ქვეყნიდან გაძევება მოხდებოდა მათ მცირეწლოვან შვილებთან ერთად და არა კომბინაცია, როცა საქართველოში დაბადებული შვილი – ნინო – მშობლებს გამოატანეს, ნიდერლანდებში დაბადებული ჯონი კი დაიტოვეს. საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ნათლად განმარტავს, რომ “ბავშვი, რომლის მშობლებიც მისი დაბადების მომენტისთვის საქართველოს მოქალაქეები არიან, საქართველოს მოქალაქედ ითვლება დაბადების ადგილის მიუხედავად”.

ჯონი აბაიშვილის მშობლები სრულიად განსხვავებულად აღწერენ საავადმყოფოდან ბავშვის წაყვანის გარემოებას. ისინი აცხადებენ, რომ ექიმები მათ ბავშვის ავადმყოფობის მიზეზსაც კი არ უმხელდნენ: [გიორგი აბაიშვილის და მედეა შარაშენიძის ხმები] “იცით, როგორი მომენტია? მიდიხარ და ბავშვი არ გხვდება საავადმყოფოში. მოგვივიდა ტელეგრამა, რომ ბავშვი მიჰყავს იუსტიციის სამინისტროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს. მივედით, ვეკითხებით: “სად არის ბავშვი?” პასუხი: “არ ვიცით!” რის საფუძველზე წაიყვანეს, როგორ წაიყვანეს, ვისა ჰყავს, არც ტელეფონის ნომერი ვიცით, არც მისამართი, არაფერი ვიცით. ახალი წლის წინ ჰოლანდიელების მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში წავიკითხეთ, რომ, თურმე, სეფსისი ჰქონია – ნეონათალური სეფსისი – და არაფერი მძიმე არ ყოფილა. ექიმები გვეუბნებოდნენ, ჯანმრთელიაო. გვეთამაშებოდნენ, ნერვებს გვიშლიდნენ… სეფსისი რა არის, ეთქვათ, სეფსისიაო, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ სეფსისი არ არის ისეთი საშინელება. ჩვენ გვეგონა, რაღაც საშინელება სჭირდა”.

საავადმყოფოში აბაიშვილებს არ გაუმხილეს, რომ ბავშვის წაყვანაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა. მაშინ მათ პოლიციას მიაკითხეს, სადაც იგივე განმეორდა. აბაიშვილებმა პოლიციელის საუბარი ვიდეოკასეტაზეც ჩაიწერეს.

[ჰოლანდიელი პოლიციელის, გიორგი აბაიშვილისა და მედეა შარაშენიძის ხმები] “მორიგე პოლიციელს ვუყვებით ყველაფერს, ისიც იგივეს გვიმეორებს. ვეუბნები, როგორ, ბავშვის წართმევა შეიძლება, სასამართლოში ეჩივლათ ჩემთვის-მეთქი, თუ მე რამე დავაშავე-მეთქი. არაფერი საქმე არა აქვს ამას სასამართლოსთანო. ესე იგი, ფაქტობრივად, პირველი ერთი კვირის განმავლობაში სასამართლოს არსებობაც კი არ ვიცოდით, გვიმალავდნენ. ძალიან ადვილად გასაგები სიტუაციაა: ბავშვი არის მოტაცებული, აბსოლუტურად კლასიკური მეთოდი არის მოტაცების. ამის უკან დგას სახელმწიფოს სტრუქტურები”.

ჯონი აბაიშვილის მშობლებმა იმის დადგენაც ვერ შეძლეს, თუ რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდათ იმ პერიოდისთვის, როცა მათ ბავშვი ჩამოართვეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ნიდერლანდებში მათი ყოფნის ლეგალური ვადა ამოწურული იყო. მეორე მხრივ, აბაიშვილებმა პოლიციაში ნახეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც იმ დროისთვის მათ სოციალური უსაფრთხოების ნომერი ჰქონდათ მინიჭებული, რაც ნიდერლანდებში ლეგალური არსებობის უფლებას იძლეოდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი აცხადებს, რომ სრული ინფორმაციის მოპოვებამდე იმის თქმაც კი შეუძლებელია, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე შეიძლება დაიწყოს ამ საკითხის განხილვა: [გიორგი წკრიალაშვილის ხმა] “ეს არის ძალიან სპეციფიკური საკითხი, არ არის გამორიცხული, რომ ეს არ რეგულირდებოდეს მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით, იმიტომ, რომ ის კომპეტენცია იმ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, თუ ამ პირებს რაღაცა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდათ იმ სახელმწიფოში – კი, იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ რაღაცა სტატუსი იქაც ჰქონდათ – არ არის გამორიცხული, რომ იქაური კომპეტენცია მოქმედებდეს: სასამართლო ორგანოებში ან იუსტიციის სამინისტროში შეიძლება იყო გაშვილების საკითხები და მათ თავიანთი სამართლის მიხედვით აქვთ ეს გადაწყვეტილი.”

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საქართველოს არა აქვს სამართლებრივი ბაზა, რომელიც ევროპის ქვეყნებთან ამგვარ ურთიერთობებს მოაწესრიგებდა: [გიორგი წკრიალაშვილის ხმა] “სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორი მიმართულება. ერთი არის სამოქალაქო და საოჯახო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სისტემა, რაც ჩვენ გვაქვს დსთ-ის ფარგლებში, გვაქვს საბერძნეთთან, თურქეთთან, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ასეთი ხელშეკრულება არა გვაქვს. თუმცა, სახელმწიფოებს შეუძლიათ მიმართონ ერთმანეთს და კეთილი ნების საფუძველზე განახორციელოს მეორე სახელმწიფომ რაღაცა მოქმედება, თუმცა, ეს უკვე მისი დისკრეციული უფლებაა, გააკეთებს რამეს თუ არ გააკეთებს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საკონსულო დაწესებულებებისა და საელჩოების კომპეტენციაში შედის საკუთარი მოქალაქეების დაცვა.”

“საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” კანონის თანახმად, “საქართველოს საკონსულო დაწესებულებები იცავენ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებსა და ინტერესებს”, ხოლო “კონსული ვალდებულია, ყველაფერი იღონოს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა დარღვეული კანონიერი უფლებების აღსადგენად”. ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, “კონსული აფორმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანას”.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს მაშინდელ კონსულს ბენილუქსის ქვეყნებში ზურაბ ერისთავს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ მან მხოლოდ აბაიშვილების დეპორტაციიდან წელიწადნახევრის შემდეგ გაიგო. ადვოკატ ქართველიშვილის თქმით, თუ გაშვილება კონსულის გვერდის ავლით მოხდა, მაშინ საქმე გვქონია არა გაშვილებასთან, არამედ ადამიანის მოტაცებასთან და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე წელია, ამ საქმესთან დაკავშირებული მასალების მოძიებითაა დაკავებული. მოძიების დასრულების შემდეგ, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ზურაბ თინიკაშვილის თქმით, ახალი ეტაპი დაიწყება: [ზურაბ თინიკაშვილის ხმა] “ფაქტობრივი მასალის მოძიების შემდეგ დაიწყება პოზიციის გარკვევა, რადგან ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. თუ ეს ფაქტობრივი მასალა ვერ იქნება მოძიებული, ჩვენი მოთხოვნის რაციონალიზაცია ვერ მოხდება და ბავშვს ვერ დავაბრუნებთ.”

ამასობაში დრო გადის, ჯონი აბაიშვილს მეხუთე წელია, ჰყავს დედინაცვალი ვან დე ვენი, იზრდება ნიდერლანდებში და ხანდაზმულობის ვადასთან ერთად მისი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობაც სულ უფრო ნაკლები რჩება.
XS
SM
MD
LG