Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება თეატრია, ანუ რატომ გაიმართა ქართული თეატრის დღის მთავარი ღონისძიება ქუთაისში?


14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ედუარდ შევარდნაძემ ჯერ ოთარ მეღვინეთუხუცესს მიულოცა დაბადების დღე,

შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო თეატრის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისში გაიმართა. თუმცა, თეატრის დღე პრეზიდენტისთვის მხოლოდ საბაბი იყო ქუთაისში გასამგზავრებლად და საქართველოს მეორე ქალაქში ეკონომიკის აღორძინების წარმოსაჩენად.

“ცხოვრება რომ თეატრია”, საქართველოში იმანაც კარგად იცის, ვინც არასდროს ყოფილა თეატრში. როცა ქვეყნის, უფრო სწორად, ხელისუფლების უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მთავრობა რაღაც “პოზიტიურით” ცდილობს ხოლმე.

ამჯერადაც ასე მოხდა: კვირის დასაწყისში კულმინაციას მიაღწია დაძაბულობამ პანკისის ხეობაში; ორშაბათს ისევ აგორდა კამპანია იმ კანონპროექტის გამო, რომელიც უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს; და სწორედ ორშაბათს, საახალწლო დღესასწაულების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს თეატრი გაახსენდა და ქუთაისში, თეატრის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მანამდე ედუარდ შევარდნაძემ ქუთაისის საავტომობილო ქარხანა და გინეკოლოგიური ცენტრი მოინახულა. მართალია, თეატრი “დესერტად” დაიტოვეს, საზოგადოება მაინც უნდა დარწმუნებულიყო, რომ ამ ქვეყანაში უკვე ეროვნულ “ჯიპსაც” აწყობენ და მედიცინასა და თეატრალურ ხელოვნებაშიც აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს.

არადა შარშან, როცა, წესით და რიგით, ხალხს ქართული თეატრის 150-ე წლისთავი უნდა ეზეიმა, მთავრობამ ვერ გამონახა თანხა თეატრის დღის თუნდაც სიმბოლური აღნიშვნისთვის. იქნებ იმიტომ, რომ ერთი წლის წინ “ცხოვრების თეატრად გარდაქმნა” და “დადებითი ემოციებით” ხალხის დამუხტვა ესოდენ აუცილებელი არ იყო. უცნაურია ისიც, რომ თეატრის დღის “ცენტრალური ღონისძიება” წელს არა დედაქალაქში, არამედ ქუთაისში გაიმართა, იქ, სადაც ოპერის თეატრის მუშაკებმა ცოტა ხნის წინ კინაღამ საპროტესტო აქცია მოაწყეს იმის გამო, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ თეატრის გადასარჩენად. არადა შარშან მნიშვნელოვან შემოქმედებით წარმატებებს სწორედ თბილისის თეატრალურმა კოლექტივებმა მიაღწიეს. სწორედ შარშან დაიდგა რობერტ სტურუას “ჰამლეტი” და თემურ ჩხეიძის “ანტიგონე”, სწორედ შარშან გაიხსნა დედაქალაქში “თავისუფალი თეატრი”, რომლის დარბაზი ყველა სპექტაკლზე სავსეა მაყურებლით...

არ არის გამორიცხული, რომ თეატრის დღესასწაული ქუთაისში იმიტომ გადაიტანეს, რომ, შემოქმედებითი წარმატებების მიუხედავად, თბილისელ თეატრალებს მაინცდამაინც არ ეზეიმებათ – შარშან ხელისუფლებამ ისინი სრულიად უყურადღებოდ დატოვა. ქუთაისში კი ზეიმის მოწყობა, როგორც ჩანს, უფრო ადვილია. ქუთაისელებს ხომ არტისტიზმით განსაკუთრებით გამორჩეული გუბერნატორი ჰყავთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG