Accessibility links

logo-print

პარალელები ჩეჩნეთისა და ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებს შორის


მოსკოვში გამომავალმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა ”მოსკოუ ტაიმსმა” 15 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა შეერთებული შტატების სამხრეთი ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის,

რობერტ ბრუს უერის სტატია, რომელშიც ავტორი ერთმანეთს უდარებს ჩეჩნეთსა და ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებს.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, ამ ორ კამპანიას შორის, მართალია, არსებობს საერთო ნიშნები, მაგრამ განსხვავება გაცილებით მეტია.

ჯერ მოკლედ მოგახსენებთ მსგავსებებზე. ანტიტერორისტული ოპერაციები რუსეთმაც და შეერთებულმა შტატებმაც მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტერორისტებმა შესაბამისად მოსკოვსა და ნიუ-იორკში, აგრეთვე, ვაშინგტონში, შენობები ააფეთქეს.

რუსეთიც და შეერთებული შტატებიც დაუპირისპირდნენ ძალებს, რომლებიც დაკომპლექტებული იყო არა მხოლოდ ადგილობრივი მებრძოლებით, არამედ უცხოელი მეომრებითაც. თანაც, ეს ძალები ისლამისტური ექსტრემიზმის საფუძვლებს ემყარებოდა და სარგებლობდა ერთი და იგივე ან მონათესავე ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების მხარდაჭერით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ თალიბები და ჩეჩენი მეამბოხეები ერთმანეთს დაუფარავად უჭერდნენ მხარს, ხოლო მსოფლიოს მთავარ ტერორისტად მიჩნეული ოსამა ბინ ლადენი ერთსაც მფარველობდა და მეორესაც.

მაგრამ, პროფესორ უერის აზრით, მსგავსება ამით ამოიწურება. მოსკოვი აგერ უკვე ორ წელიწადზე მეტია, ჩეჩნეთის ომის ჭაობშია ჩაფლული და გამოსავალს ვერა და ვერ პოულობს. ვაშინგტონმა კი სულ რაღაც ორ თვეში მოახერხა ავღანეთში დასახული ძირითადი ამოცანების გადაჭრა.

ამერიკელი ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ განსხვავებები ოპერაციების საწყის ეტაპზევე შეინიშნებოდა. თუ რუსეთის ხელისუფლებამ და მასმედიამ ლამის მთელი ჩეჩენი ხალხი ”ბნელ ძალად” შერაცხეს (რითაც ხელი შეუწყეს მოსახლეობაში ”ბოროტი ჩეჩნის” ხატის დამკვიდრებას), შეერთებული შტატები იმთავითვე აცხადებდა, რომ ანტიტერორისტული კამპანია მიმართული არ არის არც რომელიმე ეთნიკური და არც რომელიმე რელიგიური ჯგუფის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ.

რობერტ ბრუს უერი იმ პროპაგანდისტულ კამპანიაზეც საუბრობს, რომელიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციების პარალელურად განხორციელდა; იხსენებს სურსათით სავსე ყუთებს, რომლებსაც ავღანეთის მოსახლეობას თვითმფრინავებიდან უყრიდნენ.

ჩეჩნეთში რუსეთს მსგავსი არაფერი გაუკეთებია. თავისი სამხედრო კამპანიის მიზნები მას არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განუმარტავს და არც თვით ჩეჩენი ხალხისთვის. არადა, როგორც ამერიკელი პროფესორი აღნიშნავს, ეს რომ გაეკეთებინა, ჩეჩნებს შორისაც არაერთ მომხრეს გაიჩენდა.

სტატიის ავტორი სწორედ ამ მცდარი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსეთისადმი მტრულად არის განწყობილი; მაშინ, როცა ავღანეთში შეერთებული შტატების მიმართ აშკარა ანტიპათიას მხოლოდ ხალხის ნაწილი ამჟღავნებს. პროფესორ უერის აზრით, სხვა მიზეზებთან ერთად, ამანაც განაპირობა, რომ ავღანელთა დიდმა ნაწილმა თალიბებსა და ალყაიდელებს მხარი არ დაუჭირა და შეერთებულ შტატებს ოპერაციის ჩატარება გაუიოლა.

დასასრულ, ”მოსკოუ ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შედარება ყოველთვის მართებული ვერ იქნება. მაგალითად, თუ ჩეჩნეთში ანტირუსულ განწყობილებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ამასვე ვერ ვიტყვით ავღანელების დამოკიდებულებაზე შეერთებული შტატების მიმართ. ან კიდევ: თუ ავღანეთში ექსტრემისტებს იოლად განასხვავებ მშვიდობიანი მოსახლეობისგან, ჩეჩნეთში ეს თითქმის შეუძლებელია.

და მაინც, პროფესორი უერი დაასკვნის, რომ რუსეთს თავიდანვე გონივრული პოლიტიკა რომ აერჩია, ჩეჩნეთის ომი კარგა ხნის დამთავრებული იქნებოდა.
XS
SM
MD
LG