Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამის როლი ჩეჩნეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ერთი კვირის წინ ჩეჩნეთის საზოგადოებრივ

სტრუქტურაზე გესაუბრეთ. დღეს ამ საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებას შევეხებით.

ჩეჩნებმა ისლამი საკმაოდ გვიან მიიღეს, მაგრამ ამ სარწმუნოებამ მაგრად მოიკიდა ფეხი ხალხში და ჩეჩნების ეროვნული მეობის ნაწილად გადაიქცა.

ისლამი ჩეჩნეთში თანდათანობით შედიოდა: მე-15 და მე-16 საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ფესვები მხოლოდ მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაიდგა.

ჩეჩნები ისლამის სუნიტურ შტოს ეზიარნენ და განსაკუთრებული ხაზი მასში მისტიკურ სუფიზმს ესმება. სუფიზმი ადამიანის შინაგანი განათლებისკენ ეძებს გზას. იტალიელი ისტორიკოსი, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი სერჯო სალვი, ჩეჩნეთის ისტორიისა და რელიგიის თემაზე მრავალი წიგნის ავტორი, გვიამბობს, თუ როგორ ინტერპრეტაციას აძლევს სუფიზმი ისლამს.

[სერჯო სალვის ხმა] “სუფიზმი, შეიძლება ითქვას, არის ორგანიზებული ძმობის მოძრაობა, რომელიც სულიერი ლიდერის – შეიხის გარშემოა შემოკრებილი. სუფიზმის მიმდევრები ისლამს მისტიკურად აღიქვამენ… გზნება არის ღმერთთან შეხების მედიუმი. სუფიები ღმერთთან მიახლოების სხვადასხვა ტექნიკას მიმართავენ: სიმღერას, წრეში ცეკვას და სხვა ამდაგვარს.”

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი მიხაილ როშჩინი ამბობს, რომ სუფიური ისლამის მიზანია ღმერთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.

[მიხაილ როშჩინის ხმა] “სუფიზმის ბუნებაში მთავარი ის არის, რომ პიროვნებას, რომელმაც ეს გზა აირჩია, შეუძლია ღმერთთან ინდივიდუალური კონტაქტის დამყარება. სუფიებს ჰყავთ მასწავლებელი, რომელიც თამაშობს შუამავლის როლს პიროვნებასა და ღმერთს შორის. მასწავლებელი იძლევა დარიგებას, რომელსაც უნდა მისდიოს ხალხმა. როგორც წესი, სუფიები ასრულებენ ამ მითითებებს”.

მეოცე საუკუნის დამდეგს ჩეჩნეთში მოქმედებდა 800-ზე მეტი მეჩეთი და ისლამის შემსწავლელი მრავალი სკოლა. მაგრამ 1929-დან 1941 წლამდე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი ქვეყნის ისლამური ტრადიციების ამოძირკვას შეეცადა. მისი განკარგულებით, მეჩეთების უმრავლესობა დაიხურა, ხოლო მუსლიმანური სამღვდელოება და მორწმუნეები ჩეჩნეთსა და ინგუშეთში დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს – სულ 14 ათასი ადამიანი. სუფიზმის მიმდევრები და მათი სულიერი ლიდერები “კონტრრევოლუციონერებად” გამოაცხადეს.

როცა 1942-43 წლებში ნაცისტებმა ჩრდილოეთი კავკასია დაიკავეს, ჩეჩნების მცირე რიცხვი გერმანიის ჯარს შეეკრა. ალბათ, მათ სტალინის რეჟიმზე უარესი ვერაფერი წარმოედგინათ. სტალინის რისხვა მთელ ხალხს დაატყდა თავს. 1944 წელს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთელი მოსახლეობა ყაზახეთში გადაასახლეს. შეიძლება შემდეგი მოსაზრებაც ამოძრავებდა სტალინს: თურქეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, არ ღირდა ზურგში მუსლიმანების დატოვება.

როშჩინის თქმით, იმის ნაცვლად, რომ დეპორტაციის შედეგად სუფიების ძმობა დარღვეულიყო, გადასახლებას საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა.

[მიხაილ როშჩინის ხმა] “შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დეპორტაციამ ისლამური ტრადიციების დამცველის როლი ითამაშა, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლებამ, გადაასახლა რა ჩეჩნები, მათი არსებობა დაივიწყა. ჩეჩნებმა შეინარჩუნეს თავიანთი სულიერი ცხოვრება, შინაგანი ისლამური სამყარო.”

ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრ სოლჟენიცინი, რომელმაც ჩეჩნების მასობრივი დეპორტაცია აღწერა თავის წიგნში “არქიპელაგი გულაგი”, წერს, რომ მხოლოდ ერთ ერს არ გაუჩნდა დამორჩილებულის ფსიქოლოგია. ეს ერი ჩეჩნები იყვნენ.

1950-იანი წლების ბოლოს, სტალინის სიკვდილისა და ხრუშჩოვის დესტალინიზაციის კამპანიის მსვლელობაში, ჩეჩნებს სახლში დაბრუნების ნება დართეს. მაგრამ სუფიების ძმობის დევნა-შევიწროება არ დამთავრებულა.

საბჭოთა ხელისუფლების სადავეები ჩეჩნეთსა და ინგუშეთში, განსხვავებით სხვა რესპუბლიკებისგან, მხოლოდ რუსებს ეპყრათ ხელთ. 1979 წელს ხელისუფლებამ ჩეჩნებს რამდენიმე მეჩეთის გახსნის ნება დართო, რათა გაებათილებინა სუფიების ძმობის იატაკქვეშა მოქმედება. იმ დროს მართლაც მოქმედებდა არაბული ენისა და ყურანის შემსწავლელი საიდუმლო ჯგუფები, სულ კი ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ხუთი ლეგალური და 292 იატაკქვეშა მეჩეთი იყო.

მიხაილ გორბაჩოვის “პერესტროიკა”, რომელსაც ხელფასების შეკვეცა, ფასების ზრდა, ყველაფრის დეფიციტი და უმუშევრობა მოჰყვა, ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკებსაც შეეხო. ერთი მხრით, მასობრივმა უმუშევრობამ ხელი შეუწყო კრიმინალური სტრუქტურების მომრავლებას, ჩეჩნეთის საზოგადოების დესტაბილიზაციას. მეორე მხრით კი ხალხს მეტი რელიგიური თავისუფლება მიეცა.

პროფესორ სალვის თქმით, ახალ პირობებში ძმობას ფუნქციონირება აღარ შეეძლო. შეიხების ავტორიტეტს ძალა მხოლოდ შედარებით მშვიდობიან სოციალურ პირობებში ჰქონდა. ამ სიტუაციამ ხელი შეუწყო ისლამის ფუნდამენტალისტური შტოს – ვაჰაბიზმის გავრცელებას. ამ მოვლენის შესახებ ჩვენს მომავალ გადაცემაში გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG