Accessibility links

რუსეთის ნავთობკომპანიები ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტის მიმართ იჩენენ ინტერესს


როგორც აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო თურანი იტყობინება, რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია ”იუკოსმა” გასულ თვეში აზერბიაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ”სოქარს” მიმართა წერილით,

რომელშიც გამოთქვა სურვილი, გარკვეული როლი ითამაშოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში. ”იუკოსი” მზად არის, დააფინანსოს თორმეტნახევარი პროცენტი 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტისა, რომლის განხორციელება მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.

უკვე რამდენიმე თვეა ცნობილი გახდა, რომ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულია რუსეთის ყველაზე დიდი ნავთობკომპანია ”ლუკოილი”. მისი პრეზიდენტის, ვაგიფ ალეკპეროვის თქმით, კომპანია მზად არის პროექტის შვიდნახევარი პროცენტი დააფინანსოს, თუკი რუსეთის მთავრობის თანხმობას მიიღებს.
ორივე ეს ცნობა იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის ნავთობკომპანიები ნელა, მაგრამ სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მიმართ.
შარშან, მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ივან ივანოვმა, პირველად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა შესაძლოა შეასუსტოს ამ პროექტის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავაც უპირატესობას ანიჭებს ნავთობის ტრანსპორტირებას საკუთარი ტერიტრიის გავლით. თურქეთში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ივანოვმა თქვა, რომ რუსეთის კომპანიებს პროექტში მონაწილეობის ნება მიეცემათ.
ეს იყო შემოტრიალების წერტილი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მიმართ მკვეთრი დაპირსპირებიდან რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო შემოტრიალება კონკურნეციისკენ და, საბოლოოდ, თანამშრომლობისკენ, მას მერე რაც პროექტის რეალური კონტურები გამოიკვეთა.
ივანოვის განცხადებიდან შვიდი თვის შემდეგ, დეკემბერში, ალეკპეროვმა გააკეთა განცხადება, რომ არ გამორიცხავს პროექტში”ლუკოილის” მონაწილეობას, თუკი ნათელი გახდება მისი ეკონომიკური ეფექტიანობა და თუკი რუსეთის მთავრობა პროექტში მონაწილეობას მხარს დაუჭერს.
სხვათა შორის, აზერბაიჯანის ოფიციალური პირები, მათ შორის ”სოქარის” ვიცე-პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თვეების მანძილზე მართავდნენ კონსულტაციებს ”ლუკოილთან”, პროექტში ამ უკანასკნელის შესაძლო როლის თაობაზე.
გასულ თვეში ალიევმა აზერბაიჯანის ტელევიზიით განაცხადა, როგორც ჩანს, ლუკოილი პროექტში მონაწილეობას მიიღებსო.
”ბრიტიშ პეტროლეუმმა”, რომელიც სათავეში უდგას საერთაშორისო კონსორციუმს, განაცხადა, რომ მიესალმება პროექტით ”ლუკოილის” დაინტერესებას. მაგრამ კომპანიის წარმომადგენელმა იქვე დასძინა, რომ პროექტი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთის ფირმა მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
საინტერესოა, რომ ”იუკოსის” შემთხვევაში არ არის ლაპარაკი რუსეთის მთავრობის მხრიდან ნებართვის აუცილებლობაზე. ”ლუკოილისგან” განსხვავებით ეს კომპანია მთლიანად კერძო ხელშია.

მიუხედავად იმისა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ”ლუკოილი” და ”იუკოსი”, მათი დაინტერესება კიდევ ერთი დასტურია იმიას, რომ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტთან დაკავშირებით ოპტიმისტთა რიცხვი იზრდება.
XS
SM
MD
LG