Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის მოვლენები საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ გამოცდას უწყობს


საქართველოს ხელისუფლებამ “ავღანელ ვეტერანთა კავშირის” წევრების მიერ წამოწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ერთ – ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

14 იანვარს გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტთან გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ საქართველოს შინაგანმა ჯარებმა მიიღეს ბრძანება, არსებული ბლოკ-საგუშაგოების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანის თაობაზე. პრეზიდენტის დავალებით საგუშაგოების დისლოკაციის შეცვლის ღონისძიებებს უშუალოდ უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ახმეტის რაიონში 15 იანვარს დილიდანვე გაემგზავრა.

საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, სერიოზულად მოიცალა პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების განსამუხტავად. საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული უწყებების მიერ შემუშავებულია პროფილაქტიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსური გეგმა. ხოლო ბლოკ-საგუშაგოების, ანუ იმავე საკონტროლო-გამშვები პუნქტების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანა მხოლოდ საწყისი ეტაპის ამოცანას წარმოადგენს.

უფრო ზუსტად, ამ გეგმის თანახმად, ხეობაში დისლოცირებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა 15 იანვრიდან ილტოს ხიდის, ჩაჩხრიალასა და ბახტრიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმება დაიწყეს. იმავდროულად მათ ბაზაზე დაკომპლექტდება ერთი ძირითადი საგუშაგო პანკისის ხეობის სოფელ დუისში და კიდევ სამი – სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ხეობაში შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილების შეყვანა აღარ იქნება საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ბლოკ-პოსტების გადატანის პროცესს, რომელიც ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა, კახეთში სამშაბათს უშუალოდ შინაგად საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხელმძღვანელობდა. ოპერაციის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ კი, როგორც რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა, პაატა გომელაურმა განაცხადა, “დაიწყება ეფექტური ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების გატარება მძევლების გასათავისუფლებლად, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების ბრუნვის აღსაკვეთად”.

აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში ამჟამად ტყვეობაში ორი პიროვნება იმყოფება - მამა ბასილი და ორი თვის წინ გატაცებული ფიზული ხალილოვის მამა, რომელიც ტერორისტებთან მძევლად გატაცებული შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ დარჩა. ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ “ავღანელთა კავშირის” წევრები და მათი მომხრეები, რომელთა ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას სწორედ საგუშაგოების პანკისის ხეობაში გადატანა წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსური ღონისძიებების გეგმა გულმოდგინედ არის შემუშავებული და შეთანხმებულია მკვიდრ მოსახლეობასთან, სიტუაციის შემდგომ გართულებას დღესდღეობით ვერავინ გამორიცხავს. მით უფრო, რომ გეგმის დეტალები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

მეტიც, ექსპერტების ვარაუდით, პანკისის ხეობაში სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული რაზმების განიარაღება და ნარკოტიკების ბრუნვის აღკვეთა, რისთვისაც აღნიშნული კომპლექსური გეგმა შემუშავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთ სერიოზულ გამოცდას უმზადებს. საქართველოს ხელისუფლება ან მოახერხებს ამ რთული პრობლემის ეფექტიანი ოპერატიული კონტრზომებით გადაჭრას, ანდა ერთი გაუფრთხილებელი მოქმედებაც საკმარისია იმისათვის, რომ პანკისის ხეობა კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების კერად გადაიქცეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG