Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა ოპოზიციონერობისთვის


როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ხელისუფლებაში მოსვლისთვის ეჯიბრებიან; საქართველოში კი გაჩაღებულია ბრძოლა ოპოზიციური ნიშის დასაკავებლად.

პოლიტიკური ძალები დაბეჯითებით ცდილობენ, საზოგადოების თვალში ხელისუფლებასთან გაიგივებული არ აღმოჩნდნენ. სამაგიეროდ, თითოეული მათგანი ოპონენტებს პირადად ედუარდ შევარდნაძესთან ალიანსში სდებს ბრალს. დღეს გესაუბრებით პოლიტიკური პარტიების ბრძოლაზე არა ხელისუფლებისთვის, არამედ – ოპოზიციონერობისთვის.

თუ ერთიან ბადეს შევქმნით იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რასაც პოლიტიკოსები ერთმანეთის შესახებ გვაწვდიან, უცნაურ სურათს მივიღებთ: პარტიათა ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ ამ ეტაპზე ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს. სამაგიეროდ, ასეთ სურვილს ხედავენ ოპონენტების ქცევაში.

“აღორძინების” აქტიური წევრები, მაგალითად, ხალისით ადანაშაულებენ აკაკი ასათიანს შევარდნაძესთან ფარულ ალიანსში. ამის პასუხად, “ტრადიციონალისტები იხსენებენ შევარდნაძისა და აბაშიძის ბოლოდროინდელ ურთიერთობას და აცხადებენ, რომ პრეზიდენტსა და “აღორძინებას” შორის ფარული კი არა, ღია ალიანსია. მათი ინფორმაციით, ჯემალ გოგიტიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის მიღებას სწორედ შევარდნაძის მხარდაჭერით იმედოვნებდა და მხოლოდ მაშინ გაღიზიანდა, როდესაც მოლოდინი გაუცრუვდა.

“ტრადიციონალისტები” და “მოქალაქეთა კავშირის” წევრები, თავის მხრივ, შევარდნაძისა და “ახალი მემარჯვენეების” ალიანსზე მიუთითებენ. “ახლები” კი თავს იმით იმართლებენ, რომ ნებაყოფლობით თმობენ აღმასრულებელ და საკანონმდებლო თანამდებობებს.

რაც შეეხება სოციალისტებს: ყველა თანხმდება, რომ რჩეულიშვილი კვლავინდებურად მზად არის პრეზიდენტთან დასამეგობრებლად; ოღონდ, შევარდნაძე სოციალისტებთან საგანგებო მეგობრობის სურვილს არა და არ ამჟღავნებს.

ყველაზე მრავალმხრივია ინფორმაცია შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი უმწვავესად აკრიტიკებს პრეზიდენტს, ჟვანია კი ორ ნაპირს შორის მიმოიქცევა. იგი სააკაშვილს თავის თანამოაზრედ აცხადებს, თუმცა, შევარდნაძესთანაც კორექტულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოზიცია მაშინ გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს შორის სააკაშვილს ვერ ხედავს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”: ედუარდ შევარდნაძე ბოლო ხანს ხშირად იმეორებს, რომ საქართველოში ეროვნული მოძრაობა ახლა ვერ დაიწყება, რადგან უკვე მისი მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ეროვნული მოძრაობის თემამ ისეთი აქტუალობა შეიძინა პრეზიდენტის გამოსვლებში, რომ, როგორც ჩანს, სააკაშვილის მომავალზე ფიქრი მას მართლაც მოსვენებას უკარგავს.

განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ აფასებენ შევარდნაძესთან ჟვანიასა და სააკაშვილის ურთიერთობას მათი პოლიტიკური ოპონენტები. ბოლო ათი დღის განმავლობაში შალვა ნათელაშვილმა ორჯერ, – “ალიასა” და “კვირის პალიტრაში” – ჯონდი ბაღათურიამ და ირინა სარიშვილმა – “ახალი თაობის” სხვადასხვა ნომერში, ხოლო სანდრო ბრეგაძემ – “ახალ ეპოქაში” გამოთქვეს ზუსტად ერთი და იგივე მოსაზრება. მათი ვერსია სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს და გულისხმობს, რომ მოქალაქეთა კავშირის ყოფილი ლიდერების დაპირისპირება მათივე მოგონილია. შევარდნაძე, ჟვანია და სააკაშვილი შეთანხმდნენ და როლები გადაინაწილეს: სააკაშვილი იქნება რადიკალური ოპოზიციონერი, ჟვანია – ზომიერი ოპოზიციონერი, შევარდნაძე კი მარადიულ პრეზიდენტად დარჩება.

რატომ დაემთხვა გაჭრილი ვაშლივით ლეიბორისტების, ეროვნულ-დემოკრატების და “აღორძინების” წევრების პოზიცია ამ საკითხში, ძნელი მისახვედრი არ არის. კერძოდ: მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოება პასუხს მოსთხოვს სწორედ იმ ლიდერებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტთან ერთად მართავენ ქვეყანას. ოპონენტების აზრით, თუ სააკაშვილსა და ჟვანიას შევარდნაძის ტვირთს აჰკიდებენ, მათი შანსი კრიტიკულად შემცირდება. ამიტომ სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ერთმანეთთან შეთანხმებით, ან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ შევარდნაძე, ჟვანია და სააკაშვილი ერთი სცენარის პერსონაჟები არიან.

სინამდვილეში, დღეს უკლებლივ ყველა პარტია, მათ შორის, მოქალაქეთა კავშირიც, გაურბის ხელისუფლებას და პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ, იმის შემდეგ, რაც ჟვანია გადადგა, ოპოზიციონერობა გართულდა, რადგან ახლა ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს დაპირისპირებას უშუალოდ შევარდნაძესთან, რაც, ტრადიციულად, არავის ეხალისება. და რაკი პრეზიდენტს საჯაროდ ცოტა ვინმე თუ ამხელს, ოპონენტები ერთმანეთს ამხელენ მასთან გარიგებაში.

ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ნიშას არჩევენ და ხელისუფლებას გაურბიან, ცხადია, ამგვარ ტაქტიკას სამომავლო წარმატების წინაპირობად მიიჩნევენ. იმისათვის, რომ ხვალ იყო ხელისუფლებაში, დღეს უნდა იყო ოპოზიციაში. ხოლო შენი პოლიტიკური ოპონენტი უნდა ამხილო ხელისუფლებასთან ღია ან ფარულ ალიასში იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა დააკისრო და გზიდან ჩამოიცილო.

ასე რომ, დღეს ოპოზიციონერობისთვის ბრძოლით, სინამდვილეში, დაწყებულია ბრძოლა ხვალ ხელისუფლებაში მოსასვლელად.
XS
SM
MD
LG