Accessibility links

logo-print

პანკისში ძალოვანი სტრუქტურების ოპერაცია ჯერჯერობით გართულებების გარეშე მიმდინარეობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 იანვარს პანკისის ხეობის შესასვლელში დაწყებულ პროფილაქტიკურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხელმძღვანელობს.

ოპერაციის მიზნად პანკისის ხეობაში კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობას ასახელებენ, რაც, სხვა მრავალთან ერთად, მძევლების დახსნასა და ნარკომაფიასთან ბრძოლასაც გულისხმობს. ამ ეტაპისთვის ხელისუფლების წარმომადგენელთა პროგნოზი მართლდება: შინაგანი ჯარების ბლოკ-პოსტების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანას რაიმე ინციდენტი არ მოჰყოლია.

ოფიციალური თბილისი ამით აშკარად კმაყოფილია. მთავრობის 16 იანვრის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ პანკისის ხეობაში დაწყებული ოპერაცია წესრიგის დამყარების დასტურად შეაფასა.
თუმცა, პანკისში დაწყებულ პროფილაქტიკურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს განსაკუთრებული შედეგი ჯერჯერობით არ გამოუღია. მართალია, როგორც სააგენტო “კავკას-პრესს” განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ჩხეიძემ, დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი, მაგრამ მძევლების გათავისუფლების თვალსაზრისით რაიმე სიახლე ჯერ კიდევ არ ჩანს.

საინტერესოა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გაკეთებული ერთი განცხადებაც, რომ “ბოლო დღეების განმავლობაში ხეობაში მყოფი კრიმინალები სადღაც აორთქლდნენ.” თუ გავითვალისწინებთ ზამთრის კლიმატური პირობების გამო ჩეჩნეთისკენ სავალი გზის ჩაკეტვის ფაქტს, გამოდის, რომ პანკისის ხეობიდან “აორთქლებული” კრიმინალები ისევ და ისევ საქართველოს აფარებენ თავს, რაც სამართალდამცავ ორგანოებს თავის ტკივილს კიდევ უფრო გაუზრდის.

სამაგიეროდ, ოფიციალური მოსკოვი კმაყოფილებას არ მალავს თბილისის მიერ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების მცდელობების გამო. რუსეთის საინტერნეტო გამოცემა “გაზეტას” ცნობით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის უშიშროების მინისტრმა ნიკოლაი პატრუშევმა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საქართველოს უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მიერ არის ინფორმირებული. გაზეთს აეჭვებს ოფიციალური მოსკოვის იმ მოსაზრების მართებულობა, რომლის თანახმად, პანკისში დაწყებული ოპერაცია მიზნად გელაევის ჯგუფის დაკავებას ისახავს, რადგან გელაევი არც ნარკოტიკების ვაჭრობაშია ჩარეული და არც ადამიანების გატაცების ბიზნესში მიუღია ოდესმე მონაწილეობა.

თუმცა, რუსეთის გამოცემის აზრით, პანკისის ხეობიდან მოსკოვისთვის ერთი კარგი ამბავი მაინც მოვიდა. კერძოდ, რუსეთის დელეგაციამ უფლება მიიღო, შეხვდეს პანკისის ხეობაში მყოფ დევნილებს ჩეჩნეთიდან, მათი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის შესასწავლად.

რუსეთისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობა არ ჩქარობს, ირწმუნოს საკუთარი ხელისუფლების განცხადებები, თითქოს იგი პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად “გადამჭრელ” ღონისძიებებს ატარებდეს. ბლოკ-პოსტების ხეობის სიღრმეში გადატანის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. ახმეტის რაიონის მაცხოვრებლები კატეგორიულად მოითხოვენ კრიმინალური ელემენტების დაპატიმრებას და პანკისში წესრიგის დამყარებას. ეს კი, საეჭვოა, სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს.
XS
SM
MD
LG