Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვთავაზობს საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი?


საქართველოს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტში პრინციპული ცვლილებები არ შესულა.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ხანგრძლივ კონსულტაციებს მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები მოჰყვა. ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი შემოსავლების ისე გაზრდა, როგორც ამას დეპუტატები მოითხოვდნენ, ვერ მოხერხდა. ასე რომ, 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავინდებურად მკაცრია და ბევრს ვერაფერს გვპირდება. მას საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა.

16 იანვრის რიგგარეშე სესიაზე მისულმა სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს მთავრობის ის გადაწყვეტილებები გააცნო, რომლებიც 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის “გასაკეთილშობილებლად” გამოიძებნა, მაგრამ ამაოდ.

2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები 830 600 000 ლარით განისაზღვრა, ხარჯვითი ნაწილი კი – 1 037 400 000 ლარით. ამდენად, 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მოსახლეობას კვლავინდებურად მიზერულ ხელფასებსა და პენსიებს ჰპირდება, აღარაფერს ვიტყვი სხვადასხვა დარგების განვითარების პერსპექტივებზე.

მართალია, დეპუტატთა ერთი ნაწილი მთავრობას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 2 მილიარდამდე გაზრდას სთხოვდა, ნაწილი კი სახელმწიფო შემოსავლების 200-250 მილიონი ლარით გაზრდის მოთხოვნას სჯერდებოდა, მთავრობამ, მისივე მტკიცებით, ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 25 მილიონით გაზრდას დათანხმდა. ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, “საბანი ისე უნდა დაიხურო, როგორც გაგწვდება”, და პარლამენტში მისულმა სახელმწიფო მინისტრმაც თქვა, უფრო მეტზე ფიქრი არარეალური იქნებოდაო.

ჩვენი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული რეალობა კი 2002 წლისთვის აი, რას გვთავაზობს: ყველაზე ხელმოკლე ოჯახებისთვის გათვალისწინებული დახმარების 8-დან 12 მილიონ ლარამდე გაზრდას; ჯანდაცვის პროექტების არცთუ მნიშვნელოვან გაფართოებას; თავდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის გარკვეული ფინანსების გამოძებნას და კიდევ, მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის დაახლოების სამწლიანი პროგრამის ამოქმედებას.

სტიპენდიების გაზრდა შეუძლებლად ჩაითვალა. ეს არის, რომ, ავთანდილ ჯორბენაძის დაპირებით, სახელმწიფო მხოლოდ 1000 წარჩინებულ სტუდენტს მიაკუთვნებს ისეთ სტიპენდიას, მათთვის მართლაც რომ ჰქონდეს გარკვეული მატერიალური მნიშვნელობა. რაც შეეხება პედაგოგთა ხელფასებს: გაორმაგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. პედაგოგთა მიზერული ხელფასების მხოლოდ 15 პროცენტით გაზრდაა შესაძლებელი.

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “1 სექტემბრიდან, ჩვენის გათვლებით, შესაძლებელი იქნება პედაგოგთა ხელფასების ზრდა 15-20 პროცენტის ფარგლებში. ამავე პერიოდისთვის გათვალისწინებული იქნება პედაგოგთა დავალიანების გასტუმრებაც”.

მრეწველობის ხელშეწყობისთვის მთავრობა 10 მილიონამდე ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სულ ეს არის, რაც დეპუტატებთან ხანგრძლივმა კონსულტაციებმა შეცვალა. 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 17 იანვრიდან დაიწყება, საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობა კი მის მხარდაჭერას არ აპირებს. 16 იანვრის რიგგარეშე სესიის დაწყებამდე დეპუტატები ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებით იმუქრებოდნენ. უკმაყოფილების მიზეზი ისიც იყო, რომ განხილვამდე ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი მათ ნანახიც არ ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG