Accessibility links

logo-print

უახლოეს წლებში საქართველო დეფოლტის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბიუჯეტო დებატებმა ხელისუფლებას საგარეო ვალდებულებების თემაც შეახსენა, ორ წელიწადში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურების პიკი დაუდგება, რისთვისაც ქვეყანა ამჟამად სრულიად მოუმზადებელია.

ამ პრობლემამ კვლავ რეალური გახადა დეფოლტის საშიშროება. როგორ აპირებს ხელისუფლება ამ საშიშროების განეიტრალებას?

პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის ვიტალი ხაზარაძის ვარაუდით, 2004 წლისათვის საქართველო დეფოლტის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდება, თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დარჩენილ პერიოდში არ შეცვალა თავისი ”ყოვლად გაუმართლებელი” დამოკიდებულება საბიუჯეტო პროცესების მიმართ. ამ თემას ხაზარაძემ სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა.

საგარეო ვალების მომსახურების თვალსაზრისით პიკური პერიოდი საქართველოს 2004 წლიდან დაუდგება, როდესაც ქვეყანას კრედიტორი ქვეყნებისათვის ყოველწლიურად 200 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან მთავრობა არც საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას გეგმავს და ვერც დაგეგმილ ასრულებს.

ხაზარაძის თქმით, თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქმიანობა ასე გააგრძელა, რამდენიმე წელიწადში საქართველოს დეფოლტი არ ასცდება. დღეისათვის საქართველოს საგარეო ვალი მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საგარეო ვალების მომსახურებაზე 190 200 000 ლარია გათვალისწინებული.

ვალების მომსახურების კუთხით მიმდინარე წელიც მძიმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2000 წლის გაზაფხულზე ”პარიზის კლუბის” ფარგლებში საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია მოხდა – მას შემდეგ, რაც პარლამენტმა, მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, რატიფიკაცია გაუკეთა გახმაურებულ ”ნულოვან ვარიანტს”.

”ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირებით საქართველომ რუსეთის სასარგებლოდ დათმო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონების ნაწილი, რომლის ღირებულებაც სხვადასხვა გათვლებით 3-დან 6 მილიარდამდე დოლარს შეადგენდა. ამასთან, აღნიშნულ ნაბიჯს საფუძვლად დაედო ”პარიზის კლუბის” ზემოხსენებული გადაწყვეტილება. ამავე პირობით გათვალისწინებული იყო რუსეთის მიმართ საქართველოს დავალიანების – 158 600 000 დოლარის – რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა, რაც ჯერ არ განხორციელებულა.

ხაზარაძის აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ იყენებს შეღავათიან პერიოდს, რაც ,,პარიზის კლუბის” შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
აღნიშნული დოკუმენტით, საქართველომ ძირითადი საგარეო ვალების მომსახურება 2003-2004 წლებში უნდა დაიწყოს, ამასთან 2003 წელს უფლება აქვს ამ ვალების მომსახურებაზე უარი თქვას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ეკონომიკურმა მდგომარეობამ უბიძგა.

ეს ვარიანტი კი, ფაქტობრივად, დეფოლტის ტოლფასია, რაც საბოლოოდ დაასამარებდა საქართველოს ისედაც არცთუ პოზიტიურ საგარეო იმიჯს.
XS
SM
MD
LG