Accessibility links

logo-print

ავღანეთის საველე მეთაურები თავიანთ ძველ გზას უბრუნდებიან


ავღანეთში გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთის შეიარაღებულ რაზმებს შეერთებული შტატები უჭერდა მხარს.

ამ რაზმებს შორის განხეთქილებას მოჰყვა ხელისუფლების სათავეში თალიბების მოსვლა. ახლა შეერთებულმა შტატებმა, იმავე რაზმებზე დაყრდნობით, მოახერხა ხელისუფლებისგან თალიბების ჩამოშორება. იგივე რაზმები, მათი საველე მეთაურები, ავღანეთს კვლავ იმ დროში დაბრუნებით ემუქრებიან, როცა მათ ავღანეთი გაიყვეს. საველე მეთაურებს არ სურთ იარაღთან გამოთხოვება და მთავრობის მორჩილება. ეს ცნობიერება, რომ თითოეული საველე მეთაური თავისი რეგიონის მმართველია, კვლავაც ფესვებს იდგამს, რაც ავღანეთის მეზობელი სახელმწიფოების დაუხმარებლად არ ხდება. ეს ქაბულის ახლანდელ მთავრობას საშუალებას არ აძლევს გაატაროს თავისი პოლიტიკა, აამოქმედოს თავისი კანონი, გაერო ვერ ახერხებს ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას და, საერთოდ, ნანატრი აღდგენა ფერხდება.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაურია გულ აღა-შირზაი, რომელიც თალიბებმა განდევნეს თავის დროზე და ახლა ამერიკელებმა ყანდაარის გუბერანატორად დანიშნეს. მას უამრავი იარაღი და მილიონობით დოლარი მისცეს ყანდაარის განთავისუფლებისთვის. შირზაი ახლა არც ამერიკელებს ემორჩილება და არც ქაბულის გარდამავალ მთავრობას. მან ახლახან გაუშვა სამი მაღალი რანგის დატყვევებული თალიბი, რომლებსაც, როგორც შეერთებული შტატები იმედოვნებდა, კარგი სამსახურის გაწევა შეეძლოთ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენის საქმეში.

ასევეა ტომით უზბეკი რაშიდ დოსტუმის შემთხვევაში. დოსტუმი ხელს აფარებს ყოფილ თალიბ ლიდერებს და მათ მებრძოლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაერომ ჰუმანიტარული პროექტები ვერ განახორციელოს. სხვა საველე მეთაურიც, ამჟამად ჯალალაბადის გუბერნატორი ჰაჯი ყადირი, არ ასრულებს თავის დანაპირებს, ის ჯალალაბადი-ქაბულის მნიშვნელოვანი მაგისტრალის დაცვისთვის პასუხისმგებელია, მაგრამ ამ გზაზე ყაჩაღები დათარეშობენ. ავღანეთის მთავრობის მეთაური კარზაი თავის თანატომელ პუშტუნებსაც კი ვერ იკრებს გარშემო. აღმოსავლელი პუშტუნები, მაგალითად, შეერთებული შტატების ავიაციის თავდასხმების გაგრძელების გამო გაუნაწყენდნენ ახალ მთავრობას. თვით გაეროს საგაგებო წარგზავნილმა ავღანეთში, ლახდარ ბრაჰიმიმ თავისი ღრმა შეშფოთება უპრეცედენტოდ მკვეთრი ფორმით გამოხატა იმ თავდასხმის გამო, რომელიც ამერიკის ავიაციამ განახორციელა სოფელ ნიაზი ყალაზე, სადაც 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

საველე მეთაურების ამგვარ დესტრუქციულობას თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ მეზობელი სახელმწოები. რუსეთი და თურქეთი, მაგალითად, მხარს უჭერენ დოსტუმს, მაგრამ მას არ აიძულებენ გარდამავალ მთავრობასთან ითანამშრომლოს. ლამის პარადოქსია: დოსტუმი, ამასთან, კარზაიმ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა თავის მთავრობაში.

დასავლეთიდან მეზობელი, ირანი, ყველანაირად უჭერს მხარს ისმაილ ხანს და სხვა საველე მეთაურებს, რომლებმაც თეირანისგან ფული, იარაღი, ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს. ირანმა ხანს დახმარება გაუწია რადიო- ტელესადგურის აგებაში, ისე, რომ ქაბულისთვის არ უკითხავს. ამასთან, ხანს სურს თავისი, თალიბებამდელი, ამირას წოდება დაიბრუნოს.

ქაბულს ისღა დარჩენია, საერთაშორისო ჯარის განთავსების არეალის გაფართოება მოითხოვოს. სხვები შეერთებული შტატების ჯარის რაოდენობის გაზრდის მომხრე არიან.

მაგრამ ამერიკელები არ ემხრობიან ახლა ამ იდეას, რადგან შიშობენ, რომ ეს ოსამა ბინ ლადენის მოძებნას შეუშლის ხელს.
XS
SM
MD
LG