Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ქალები სწავლას უბრუნდებიან


22 დეკემბერს ავღანეთში დროებითი მთავრობის ინაუგურაციამ წარმოშვა იმედი,

რომ ისევ დაიწყებს მუშაობას უწყებები თუ ორგანიზაციები, ისევ აღორძინდება დარგები, რომლებიც ომის წლებში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ერთ-ერთ ასეთ დარგზე, განათლების სფეროზე, ვისაუბრეთ 19 დეკემბერს, როცა ყოველკვირეულ პროგრამაში ”ქალი და მსოფლიო” თალიბების მიერ გოგონებისთვის სკოლაში სიარულის აკრძალვის ფაქტი გავიხსენეთ და გიამბეთ საიდუმლო სკოლებზე, სადაც მასწავლებელი ქალები და მოსწავლე გოგონები თალიბანის მუქარის მიუხედავად იკრიბებოდნენ. დღეს დავუბრუნდებით ავღანეთში განათლების თემას, ოღონდ თქვენს ყურადღებას ქაბულის უნივერსიტეტს მივაპყრობთ. იქ, ისევე როგორც სკოლებში, ზამთრის არდადეგების შემდეგ ქალებიც დაბრუნდებიან.

ქაბულის უნივერსიტეტი ერთ დროს შთამბეჭდავი შენობების კომპლექსი იყო, მაგრამ დღეს მისი ნაწილი ნანგრევებად არის ქცეული, ნაწილს კი ომისა და უყურადღებობის კვალი აუსახურებს.

ამის შესახებ იუწყება ჩვენი კორესპონდენტი, ჩარლზ რეკნაგელი, რომელმაც დაათვალიერა ქაბულის დასავლეთ გარეუბანში მდებარე კომპლექსი და შეიტყო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში უნივერსიტეტზე, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ფრონტის ხაზი გადიოდა. სწორედ იმ წლებში ნანგრევებად იქცა სამედიცინო ფაკულტეტის მრავალი შენობა. 1996 წელს თალიბანის ხელში გადასვლამ ქაბულს, მართალია, მშვიდობა მოუტანა, მაგრამ უნივერსიტეტის გასარემონტებელი ფული არავის აღმოაჩნდა და სასწავლებელი ათასგვარი პრობლემის წინაშე დარჩა, იქნებოდა ეს ჩამსხვრეული ფანჯრები თუ გაყინული აუდიტორიები, აღჭურვილობის უხარისხობა თუ ლექტორების ნაკლებობა. ასეა დღემდე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაჩნდა ჩვეული საუნივერსიტეტო ცხოვრების აღდგენის იმედი.

სამედიცინო ფაკულტეტზე ისევ დაიწყო გასაუბრება გოგონებთან – გაზაფხულიდან უნივერსიტეტის ახალ სტუდენტებთან. სწავლის პროცესი ამჟამად სიცივის გამო შეწყვეტილია. მაგრამ სწორედ სტუდენტი გოგონები უკვე ბეჯითად ემზადებიან, გადიან კონსულტაციებს ლექტორებთან, რათა ჩამორჩენა დაძლიონ – მათ ხომ, აკრძალვის გამო, ხუთი წელი გაუცდათ.

ერთ-ერთი ახალგაზრდა, სოჰალია, გახარებულია, რომ ისევ დაჯდება მესამე კურსზე, რომლიდანაც 1996 წელს გარიცხეს. [სოჰალიას ხმა]: ”გვიახარია, რომ ფაკულტეტი ისევ გაიხსნა და ყველა სტუდენტი შეძლებს მასზე სწავლას. როცა ამის შესახებ შევიტყვეთ, მომზადებას შინ შევუდექით, შემდეგ გამოცდები ჩავაბარეთ და სამედიცინო ფაკულტეტზე დაბრუნების უფლება მოვიპოვეთ”.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერში, ქაბულიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე, თალიბანმა ისევ მისცა ქალებს უნივერსიტეტის ერთადერთ ფაკულტეტზე - სწორედ სამედიცინოზე შესვლის უფლება. ეს გამონაკლისი აუცილებელი გახადა თვით თალიბანის მიერ შემოღებულმა წესებმა, რომელთა მიხედვით ნათესაური კავშირის არმქონე ქალებსა და მამაკაცებს შორის კონტაქტი იკრძალებოდა და, შესაბამისად, ექიმ მამაკაცებს უფლება არ ჰქონდათ, ემკურნალათ პაციენტი ქალებისთვის.

როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ადმინისტრაციის უფროსი, აფზალ ანვარი ამბობს, ხელისუფლების სათავეში თალიბანის ჩადგომამდე ქალები ამ ფაკულტეტის სტუდენტების 30 პროცენტს შეადგენდნენ. უფრო ადრე კი ქალების რიცხვი ზოგჯერ 80 პროცენტს აღწევდა – უწინარესად იმის გამო, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი სამოქალაქო ომში იყო ჩართული. დღეს, აღნიშნავს აფზალ ანვარი, ძნელი სათქმელია, რამდენი ყოფილი სტუდენტი ქალი დაბრუნდება, ან რამდენი აბიტურიენტი შეძლებს შვიდწლიანი კურსის დასაწყებად აუცილებელი გამოცდების ჩაბარებას. მაგრამ ვარაუდობენ, რომ სამედიცინო ფაკულტეტის წლიურად 200-300 კურსდამთავრებულის დიდი ნაწილი ისევ ქალები გახდებიან.

მოსალოდნელია სხვა ცვლილებებიც, მაგალითად, რელიგიის კურსის შეკვეცა, ვინაიდან თალიბანის მმართველობის ბოლოს რელიგიის სწავლებას სამედიცინო ფაკულტეტზე სულ უფრო მეტი დრო ეთმობოდა.

[აფზალ ანვარის ხმა]: ”ისინი არ კვეცდნენ სხვა საგნებისათვის განკუთვნილ დროს, უბრალოდ, რელიგიური საგნების დამატება სურდათ. მაგალითად, რელიგიის სწავლებას კვირაში მხოლოდ ორი საათი ეთმობოდა. მაგრამ ბოლო 5 თუ 6 თვის განმავლობაში თალიბანი კვირაში 10 საათს მოითხოვდა.”

ანვარი იხსენებს, რომ თალიბანის მოთხოვნით მომავალ ექიმებს, ფაქტობრივად, მხოლოდ თეორიულად ამზადებდნენ, რომ აკრძალული იყო მოდელზე ან გვამზე მუშაობა. მაგალითად, სტუდენტებს ხელთ ჰქონდათ გულის გამოსახულება, მაგრამ არ გააჩნდათ ნახატი, რომელზეც გამოსახული იქნებოდა ადამიანის მთელი სხეული და იქ გულის ადგილმდებარეობა, ვინაიდან თალიბები მკრეხელობად მიიჩნევდნენ ადამიანის გამოსახულების შექმნას. მათი რეჟიმის დამხობის შემდეგ ამ ხარვეზის აღმოფხვრა ადვილი ამოცანაა, მაგრამ არსებობს თალიბანის მმართველობის თუ სამოქალაქო ომის ისეთი შედეგებიც, რომლებთან გამკლავება გაცილებით უფრო რთული იქნება.

ქაბულის უნივერსიტეტი წლების მანძილზე არაერთხელ გაიძარცვა, რის გამოც სამედიცინო ფაკულტეტი თითქმის აღჭურვილობის გარეშეა დარჩენილი. 300 მიკროსკოპიდან, რომელთაც სასწავლებლის ლაბორატორიებში ამ ათი წლის წინ იყენებდნენ, დღეს მხოლოდ 4 არსებობს. გამოსაცვლელია სანიტარული ტექნიკა და კარ-ფანჯარა. როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა შეიტყო, თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს მხოლოდ ბიბლიოთეკა და რამდენიმე კომპიუტერი, რომლებიც ქაბულელ კოლეგებს კალიფორნიის ლომა ლინდის უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს.

დღეს სწორედ ასეთ დახმარებაზეა დამოკიდებული ქაბულის უნივერსიტეტის აღორძინება – სწავლისა და კვლევის პროცესის ხელშესაწყობად საჭიროა ახალი წიგნები და აპარატურა, სტუდენტების ტრანსპორტით უზრუნველყოფა; საჭიროა გრანტები ლექტორებისათვის, რათა მათ უცხოეთში ჩასვლა, იქაური კვლევითი ცენტრების ბოლოდროინდელი მიღწევების შესწავლა შეძლონ. ამავე დროს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს, ქაბულში დაბრუნებაზე დაიყოლიოს პროფესორთა ის ნაწილი (დაახლოებით 25 პროცენტი), რომელმაც თალიბანის მმართველობის წლებში უცხოეთს მიაშურა. მათ შორის არაერთი ქალია.
XS
SM
MD
LG