Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი ”ინდეპენდენტი” პანკისში შექმნილი ვითარების შესახებ


14 იანვარს, ანუ პანკისის ოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბრიტანეთში გამომავალმა გაზეთმა ”ინდეპენდენტმა” გამოაქვეყნა სტატია ფრიად შემაშფოთებელი სათაურით: ”მსოფლიო უყურადღებოდ ტოვებს საქართველოს დაშლას”.

მასში სტატიის ავტორს, პატრიკ კოკბერნს პანკისის მაგალითი მოჰყავს იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კონტროლს კარგავს ქვეყნის ტერიტორიის მზარდ ნაწილზე, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა იმდენად არის დაკავებული ავღანეთით, რომ ამ სახიფათო პროცესს უყურადღებოდ ტოვებს.

პატრიკ კოკბერნი თხრობას იწყებს ფაქტით, რომელმაც – თუ მის სიტყვებს მოვიშველიებთ – საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და საქართველოს დაშლის საფრთხე ცხადჰყო. ლაპარაკია პანკისის ხეობაში მართლმადიდებელი ბერის, მამა ბასილის გატაცებასა და გამტაცებელთა მიერ მის გამოსასყიდად მილიონი დოლარის მოთხოვნაზე. ჟურნალისტი მოიხსენიებს გასულ კვირაში ხეობის შესასვლელში გამართულ დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც საქართველოს მთავრობისაგან პანკისზე კონტროლის აღდგენას მოითხოვენ.

გატაცების შემთხვევები საქართველოში იშვიათობა არ არის, მაგრამ განდეგილის მძევლად აყვანას განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვაო, შენიშნავს ”ინდეპენდენტის” კორესპონდენტი და დასძენს, რომ დანამდვილებით არავინ იცის გამტაცებელთა ვინაობა და რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება პანკისში მყოფი სამი ჩეჩენი საველე მეთაურიდან ერთ-ერთის ნამოქმედარს. სამაგიეროდ, კოკბერნის აზრით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას შემდეგი: განდეგილის გატაცება და ოფიციალური თბილისის უუნარობა, მოაგვაროს ეს საკითხი, საქართველოს დაქუცმაცების, დღესდღეობით, ბოლო სიმპტომია.

დაქუცმაცების პროცესის წინა საფეხურებად მოხსენიებულია სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვება და აღნიშნულია, რომ კრიზისმა არა მარტო პერიფერიები, არამედ ცენტრიც მოიცვა. ”ქართული პოლიტიკა ყოველთვის უხეში იყოო”, შენიშნავს სტატიის ავტორი და იხსენებს შარშანდელ გახმაურებულ მოვლენებს: თბილისში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან თანამშრომელ, გიორგი სანიას მკვლელობას, შემდეგ ისევ ”რუსთავი 2” დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებსა და პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მთავრობის დათხოვნას. ”73 წლის ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტად დარჩება თავისი ვადის ამოწურვამდე, 2005 წლამდე, მაგრამ მისი სამოქმედო სივრცე სულ უფრო იზღუდებაო”, წერს პატრიკ კოკბერნი. ამასთან, ის არ განმარტავს, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის ”სამოქმედო სივრცის შეზღუდვით” – იქნებ ისევ იმ ფაქტს, რომ პანკისის ხეობა მორიგი რეგიონია, რომელზე კონტროლსაც ოფიციალური თბილისი ჰკარგავს ედუარდ შევარდნაძის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში?

ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს მართლაც არის ”სამოქმედო სივრცის შეზღუდვა”.
XS
SM
MD
LG